Accessibility links

logo-print

ოპოზიცია დედაქალაქის საკრებულოში ფრაქციებად იშლება


ნათელა მაჭავარიანმა, კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ თბილისის საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შექმნეს

ნათელა მაჭავარიანმა, კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ თბილისის საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შექმნეს

თბილისის საკრებულოში შეიქმნა ახალი ოპოზიციური ფრაქცია “დედაქალაქი“, რომლის თავმჯდომარეა კობა დავითაშვილი, ხოლო წევრები - კახა კუკავა და ნათელა მაჭავარიანი. რა მიზნით შეიქმნა ახალი ფრაქცია და როგორ შეხვდნენ სიახლეს თბილისის საკრებულოში?

თბილისის საკრებულო მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული 25-25 წევრისგან შედგება. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილება საკრებულოს მიერაა ცნობილი. 28 სექტემბრამდე დედაქალაქის საკრებულო სამი ფრაქციისგან შედგებოდა. ესენია: 38 წევრიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და სამ-სამ წევრიანი ოპოზიციური ფრაქციები - „ჩვენი თბილისი“ და „ქრისტიან-დემოკრატები“. 28 სექტემბერს კობა დავითაშვილმა საზოგადოებას მორიგი ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ აუწყა.

კობა დავითაშვილის თქმით, ფრაქცია მისმა წევრებმა სხვებისგან განსხვავებული პოლიტიკური კურსის გატარების მიზნით შექმნეს. კახა კუკავას თქმით, ფრაქციის წევრებს უკვე მომზადებული აქვთ რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც დევნილებისა და გარევაჭრობის რეგულაციის საკითხებს შეეხება.

„დღეიდან ჩვენ ვისარგებლებთ ფრაქციის უფლებამოსილებით. ფრაქციას აქვს ინიციატივის უფლება. გარდა ამისა, ფრაქციას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, როგორიც არ აქვს საკრებულოს წევრთა ჯგუფს: შეგვიძლია ფრაქციის სხდომაზე მოვიწვიოთ ნებისმიერი თანამდებობის პირი და მოვისმინოთ მისგან გაწეული საქმიანობის ანგარიში. დღესვე შემიძლია ვუთხრა თბილისელებს, ჩათვალონ, რომ ეს არის მათთვის მინიჭებული უფლება. მათი მოთხოვნის შესაბამისად, მოვიწვევთ მერიის სამსახურებს, იქნება ეს სოციალური სამსახური, ზედამხედველობის სამსახური თუ სხვა რომელიმე სამსახური“, განაცხადა კახა კუკავამ.

ახალი ფრაქცია ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პოლიტიკური პარტნიორების - კობა დავითაშვილისა და კახა კუკავასგან შედგება, მესამე წევრი კი, ნათელა მაჭავარიანი, პარტია „საქართველოს გზასთან“ ერთად, გაერთიანებული იყო ირაკლი ალასანიას საარჩევნო ბლოკში. ამ გარემოების გამო საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ თინა ხიდაშელს ახალი გაერთიანების ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება, თუმცა ეს არაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხიდაშელმა ფრაქციაში შესვლაზე უარი განაცხადა:

„მიერთებას არ ვაპირებ, ჩემთვის უფრო მარტივია საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში. ასე უფრო მეტი თავისუფლება მექნება და უფრო ადვილად მოვახერხებ ყველა იმ პრინციპის გატარებას, რომლისთვისაც მოვედი საკრებულოში და ამირჩია ხალხმა“, თუმცა თინა ხიდაშელმა იქვე შენიშნა, რომ ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნა დადებითი მოვლენაა და უთუოდ გააძლიერებს დედაქალაქის თვითმმართველობაში წარმოდგენილ ოპოზიციურ ძალებს. სიახლეს გამოეხმაურა საკრებულოს უმრავლესობაც. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალი ფრაქციის შექმნით თვისებრივად არაფერი შეიცვლება:

„ჩვენ მზად ვართ სამუშაო რეჟიმისათვის ნებისმიერ დეპუტატთან, ნებისმიერ ფრაქციასთან და ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობასთან, ოღონდ ეს მუშაობა უნდა იყოს საქმიანი და კონსტრუქციული. ახალი ფრაქციის შექმნა, ბუნებრივია, შეეხება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, იმიტომ რომ ფრაქციას აქვს თავისი საშტატო ერთეული, ჰყავს თანამშრომლები და თავად ფრაქციის თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია. ასე რომ, ახალი ფრაქციის შექმნა აუცილებლად გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯის გაზრდას.“

რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარე შედის საკრებულოს თანამდებობის პირთა ჩამონათვალში, ხოლო სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, საკრებულოს შენობაში კი – სამუშაო ფართობი. გარდა ამისა, ფრაქციას, თავისი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს ჰყავდეს შტატგარეშე მოსამსახურეები, თუმცა კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ, სხვა ოპოზიციური ფრაქციებისგან განსხვავებით, „დედაქალაქი“ მინიმალურ ხარჯს დასჯერდება:

„ხარჯებს მაქსიმალურად ვერიდებით. ახალი მოადგილის შტატს არ ვითხოვთ. ამ საკითხის დაყენებას არ ვაპირებთ“, უთხრა რადიო თავისუფლებას კობა დავითაშვილმა.

საქმე ისაა, რომ საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური ფრაქციების - „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ჩვენი თბილისის“ - წევრები ჯაბა სამუშია და ზურაბ აბაშიძე, ფრაქციების წევრთა სიმცირის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც არიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG