Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ლუჟკოვის ერა დასრულდა


სამშაბათს დასრულდა იური ლუჟკოვის 18 წლიანი მოღვაწეობა მოსკოვის მერის პოსტზე. „ჩაუძირავი“ მერის გადაყენების ბრძანებულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ „მერმა მისი ნდობა დაკარგა.“ იური ლუჟკოვის მრავალწლიან მოღვაწეობაზე მოსკოველები უკვე წარსულში და სინანულით საუბრობენ, თუმცა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ლუჟკოვმა გაუძლოს კრემლის გულისწყრომას და კვლავ დიდ პოლიტიკაში დაბრუნდეს.

იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გადაყენება დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა - იმ დღიდან, რაც რუსეთის ცენტრალურმა ტელეარხებმა მოსკოვის მერისა და მისი მეუღლის კორუფციულ საქმიანობაზე ფილმები აჩვენეს. ამის შემდეგ მთავარი ინტრიგა ის იყო, თუ როგორ გაფორმდებოდა ლუჟკოვის წასვლა - როგორც ნებაყოფლობითი გადადგომა თუ გადაყენება. ამ მარჩიელობას ჩინეთში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საკუთარი ბრძანებულებით დაუსვა წერტილი. რუსეთის ლიდერმა დააზუსტა, რომ გადააყენა „ნდობადაკარგული“ მოსკოვის ქალაქის თავი:

„აქ ჩამოშორებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ გადაყენებაზე. ეს ნიშნავს, რომ მე იგი გავათავისუფლე და ეს ფორმულირება პირველად გამოვიყენე. აქ ბრძანებულებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საკომენტარო არაფერია, რადგან მიზეზი თავად ბრძანებულებიდან გამომდინარეობს. იგი მდგომარეობს შემდეგში, რომ მე, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავკარგე ნდობა იური მიხეილის ძე ლუჟკოვის, როგორც მოსკოვის მერის მიმართ.“

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერად 2011 წლის შუა რიცხვებამდე იყო არჩეული. თუ როდის და რატომ დაკარგა ნდობა იური ლუჟკოვმა, ეს მედვედევს არ დაუზუსტებია. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ სანამ შესაფერის კანდიდატურას მონახავენ, მოსკოვის მერის მოვალეობას ლუჟკოვის მოადგილე იური რესინი შეასრულებს. დაბნეულმა და ხმაჩახლეჩილმა რესინმა კი მოსკოვის მთავრობას უთხრა, რომ სხდომის წაყვანა მას იური ლუჟკოვმა სთხოვა:

„დღეს ტელევიზიით უჩვენეს და გამოაცხადეს, რომ არსებობს ბრძანებულება მოსკოვის მერის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ეს დოკუმენტი აქ ჩვენამდე არ მოსულა, ამიტომ იური მიხეილის ძემ მთხოვა, რომ გავძღოლოდი [მოსკოვის] მთავრობის სხდომას.“

ასეა თუ ისე, ლუჟკოვის ერა დასრულდა. თუმცა მოსკოვის ყოფილი მერის ასეთი სახით გადაყენებას მოსკოვის მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რადიო თავისუფლების მიერ ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ იური ლუჟკოვის ასეთი ფორმით გადაყენებას მოსკოვის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს:

„მე ვფიქრობ, ძალიან ბინძური და ულამაზოა, რომ ასეთი სახით გადააყენო ადამიანი, რომელიც 19 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამდენი კარგი გააკეთა.“

იური ლუჟკოვი, რომელიც მოსკოვის მერის თანამდებობაზე 18 წლის განმავლობაშ მუშაობდა, რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება და მმართველი „ედინაია როსიას“ პოლიტსაბჭოს წევრიცაა. ლუჟკოვის ხაზგასმული გადაყენება თანამდებობიდან ბევრ რუს პოლიტიკოსს აფიქრებინებს, რომ მოსკოვის ყოფილი მერის პოლიტიკური კარიერა დასრულდა, თუმცა რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი, არ გამორიცხავს, რომ ლუჟკოვმა მომავალში მოღვაწეობა განაგრძოს როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა:

„ნდობის დაკარგვა, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. მანამდე მედვედევმა სამი -კარიაკიის, ამურისა და ნენეციის გუბერნატორები დაითხოვა. ორი მათგანი გადააყენეს სისხლის სამართლის აღძვრის გამო, ერთი კი, კარიაკიისა, იმის გამო, რომ ნახევარი რეგიონი სიცივისაგან გაყინა. ამიტომ, თუკი ახლა კორუფციის ფაქტზე საქმე არ იქნება აღძრული, - არადა, ამის უთვალავი საფუძველი არსებობს, - დღევანდელი განკარგულების ლეგიტიმურობა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ლუჟკოვი, შესაძლოა, გახდეს თვითმყოფადი პოლიტიკური მოთამაშე.“

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გადაყენებული იური ლუჟკოვი საგანგებო პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავდა, თუმცა ლუჟკოვს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის სააგენტოების ცნობით, გადაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე ლუჟკოვმა მმართველი პარტიის რიგები საკუთარი ნებით დატოვა. რუსულ გაზეთ „როსიისკაია გაზეტას“ თანახმად, მოსკოვის აწ უკვე ყოფილმა მერმა არაერთხელ გააკრიტიკა მედვედევის ადმინისტრაციის ეფექტიანობა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს სუსტი ლიდერი უწოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG