Accessibility links

logo-print

კასპელები წყლის ანალიზის ჩატარებას ითხოვენ


კასპის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის დაბინძურებაზე ლაპარაკობს. ვარჯაანის დასახლებისა და კახეთის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ონკანებში ფერშეცვლილი სპეციფიკური სუნის მქონე სითხე მოდის. კასპელები, მოწამვლის შიშით, ონკანის წყლის დალევას ერიდებიან და დღეში რამდენჯერმე წყაროზე მიდიან. ერთი წლის წინ კასპში წყალსადენის მილები მთლიანად შეიცვალა. მაშინ ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ 24 საათიანი მომარაგება იქნებოდა, მაგრამ პრობლემებმა მალე იჩინა თავი. ამჟამად კასპელებს წყალი ორ-სამ დღეში ერთხელ თითო საათით მიეწოდება. შეწუხებული მოსახლეობა წყლის ანალიზის ჩატარებას მოითხოვს. კასპელების პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის სპეციალისტი აკაკი ხუფენია. მისი თქმით, სასმელი წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგური ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და დაბინძურება არ გამოვლინდა. კასპელებს წყალმომარაგების კომპანიის დასკვნის არ სჯერათ და ექსპერტიზის ჩატარებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი ხელისუფლების მიმართაც გამოთქვამენ პრეტენზიას, რადგან მილების გამოცვლის შემდეგ წყალმომარაგება უფრო გაუარესდა.
XS
SM
MD
LG