Accessibility links

logo-print

რუსეთის მმართველი პარტია პოსტსაბჭოთა სივრცეში კონტაქტებს ამყარებს


„ედინაია რასია“-ს სარეკლამო ბილბორდი

„ედინაია რასია“-ს სარეკლამო ბილბორდი

რუსეთის მმართველი პარტია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით აქტიურად ამყარებს კონტაქტებს პრორუსულ ძალებთან. ითვალისწინებს რა მოდელს, რომელმაც, როგორც იკვეთება, გაამართლა უკრაინაში, სადაც პროდასავლური ორიენტაციის პრეზიდენტი წლის დასაწყისში პრომოსკოვური შეხედულების ლიდერმა ჩაანაცვლა, „ედინაია რასია“ ცდილობს ურთიერთობა განამტკიცოს მეგობრულად განწყობილ პარტიებთან მოლდავეთში, უკრაინაში და, როგორც იცით, საქართველოშიც.

10 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფელიქს ყულოვის პარტიამ, არ-ნამისმა, ძლიერი დასაყრდენი მოძებნა ყირგიზეთის ჩრდილოეთით მდებარე მეზობელ ქვეყანაში.

22 სექტემბერს არ-ნამისმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა „ედინაია რასიასთან“ - პარტიასთან, რომელიც მთელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით აკონტროლებს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს და რომელსაც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უდგას სათავეში.

„ედინაია რასიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეთანხმება მხოლოდ პოლიტიკურ პარტნიორობას არ ითვალისწინებს. მასში ასევე გამოთქმულია მოწოდება რუსეთსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკის, მეწარმეობის თუ სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ.

რუსეთის მხრიდან შეთანხმებას ხელს ბორის გრიზლოვი აწერს - პარტიის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც, იმავდროულად, პარლამენტის სპიკერიცაა. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, რასთან გვაქვს საქმე - პარტიულ აქტივობასა თუ სახელმწიფო პოლიტიკასთან.

არ-ნამისის მიერ „ედინაია რასიასთან“ დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულება ერთ-ერთია იმ რამდენიმე შეთანხმებიდან, რომლებიც რუსეთის მმართველმა პარტიამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გააფორმა. მოგეხსენებათ, ამ პარტიასთან ღიად თანამშრომლობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ლიდერი ოპოზიციური პარტიისა „სამართლიანი საქართველოსთვის", ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც თავის პოლიტიკურ ძალას „კლასიკური მემარჯვენე ოპოზიციური ორიენტაციის“ მქონედ აღწერს.

რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა და „ედინაია რასიას“ წარმომადგენელმა სერგეი მარკოვმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უთხრა, მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის კავშირების გაუმჯობესებააო:

„ჩემი აზრით, "ედინაია რასიას" მთავარი მიზანი იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაა, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან. ნოღაიდელი ერთ-ერთია, თუმცა არა ერთადერთი. არაერთი პარლამენტარი - მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პარტიიდანაც - კერძო საუბრებში, ცხადია, აღიარებს მისი პოლიტიკის სიგიჟეს“, - განაცხადა მან.

ამასთან, მოგეხსენებათ, „ედინაია რასიას“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმებული აქვს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მმართველ პარტიებთანაც და მათთვის პირდაპირ ფინანსურ დახმარებასაც გამოყოფს.

რაც შეეხება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, თვის დასაწყისში, მაგალითად, „ედინაია რასიამ“ ხელშეკრულება გააფორმა მოლდავეთის დემოკრატიულ პარტიასთან, რომელსაც ყოფილი კომუნისტი მარიან ლუპუ ხელმძღვანელობს.
რუსეთიდან დაბრუნებულმა ლუპუმ ჟურნალისტებს უთხრა, „ედინაია რასიასთან“ დადებული ხელშეკრულება რუსეთთან ურთიერთობის იმ „პრაგმატული“ ხედვის შედეგია, რომლითაც ჩემი პარტია გამოირჩევაო:

„რუსეთთან თანამშრომლობა გვესაჭიროება და არა კონფრონტაცია. სწორედ ეს არის იმ პოლიტიკური შეთანხმების მესიჯი, რომელიც გავაფორმეთ. ამასთან, მოლდავეთი არ და ვერ უგულებელყოფს რუსეთის ფედერაციას. და კიდევ ერთი - მოლდავეთის მოქალაქეებისათვის კარგი თუ გვინდა, პრაგმატულები და კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ.“

ნოემბერში მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული და, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ ლუპუს გამოაცალკევებს პროდასავლური, ოთხი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციიდან.

ამასთან, „ედინაია რასიას“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის განახლების პარტიასთანაც.

2005 წელს „ედინაია რასიამ“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა უკრაინის რეგიონების პარტიასთან. მიმდინარე წლის დასაწყისში კი უკრაინის პრეზიდენტი ამ პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა და ქვეყანა თავისი წინამორბედისგან განსხვავებული, უფრო პრომოსკოვური გზით წაიყვანა.

იანუკოვიჩთან მუშაობა „ადვილიაო“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა, რომელიც, ამავე დროს, „ედინაია რასიას“ ინტერპარტიული და საერთაშორისო კავშირების კომიტეტის ხელმძღვანელია:

„ჩვენთვის სრულიად მისაღებია უკრაინის ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს რეალისტურად აღიქვამს. ჩემი აზრით, ბატონ იუშჩენკოს უკრაინის ინტერესები არასწორად ესმოდა - მიაჩნდა, რომ უკრაინა რუსეთს მაქსიმალურად უნდა მოშორებოდა და დასავლეთისკენ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯით ევლო“, - თქვა კოსაჩოვმა და დასძინა: „ეს უკრაინის ინტერესების არასწორი ინტერპრეტაციაა და სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის მასთან ურთიერთობა რთული. ბატონ იანუკოვიჩთან ურთიერთობა კი ადვილია, ვინაიდან მას უკრაინის ინტერესები ბევრად უფრო ზუსტად და ადეკვატურად ესმის.“

ყველა ამ ალიანსში შესვლისას „ედინაია რასიას“ მთავარ მიზანს რეგიონში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების განმტკიცება წარმოადგენს. სწორედ ამიტომაცაა, რომ ეს პარტია, რომელიც თავს მემარჯვენე-ცენტრისტულს უწოდებს, კომფორტულად თანამშრომლობს მემარცხენე შეფერილობის პარტიებთან მოლდავეთსა და უკრაინაში, მემარჯვენე ორიენტაციის მქონედ იდენტიფიცირებულ მოკავშირესთან საქართველოში და უფრო ბუნდოვანი იდეოლოგიის მქონე პარტიებთან ყირგიზეთსა და სეპარატისტულ რესპუბლიკებში.

ამასთან, ყველა ალიანსი, რომელშიც „ედინაია რასია“ შევიდა, ეფუძნება პარტნიორი პარტიების მიერ გამოთქმულ სურვილს მოსკოვთან „პრაგმატული“ ურთიერთობა დაამყარონ.

„ედინაია რასიას“ მხრიდან ამგვარ ალიანსებში შესვლა ეხმიანება მოსკოვის მიერ უფრო ფართო მასშტაბით წარმოებულ საგარეო პოლიტიკას. თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ნაშრომისა, რომლის სამუშაო ვარიანტი თვის დასაწყისში ჟურნალ „ნიუსვიქს“ ჩაუვარდა ხელში, რუსეთი მსოფლიოს „მეგობრებად“ და „მტრებად“ აღარ ყოფს. მთავარი ფაქტორი, რომლითაც ის საგარეო პოლიტიკაში ხელმძღვანელობს, რუსეთის „ინტერესებია“. ეს ნაშრომი კრემლს მოუწოდებს, შექმნას ოფიციალური და არაოფიციალური მექანიზმები იმისათვის, რომ რუსეთის მოდერნიზაციის პროექტს საგარეო კავშირებმაც შეუწყოს ხელი.

ნაშრომი ხაზს უსვამს დსთ-ს სივრცეში „რუსეთის ეკონომიკური ოპერატორების მოქმედების ხელშეწყობის“ მნიშვნელობას. მიზნები საკმაოდ კონკრეტულად არის დასახული - მაგალითად, „უკრაინის აქტიური მოზიდვა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ორბიტაზე“ და „რუსეთის ბიზნესის გაფართოება ყირგიზეთში.“

ნაშრომში არ არის ნათქვამი, რომ დსთ-ში დემოკრატიის სტაბილური განვითარება რუსეთის ეროვნულ ინტერესებში შედის. მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა იაროსლავლში ჩატარებული კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, ყირგიზეთს საპარლამენტო დემოკრატიამ „კატასტროფა“ მოუტანაო.

რუსეთის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ცხოვრებაში „ედინაია რასიას“ მიერ დაკავებული ცენტრალური პოზიცია ცხადყოფს, რომ პარტიები, რომლებიც მასთან ალიანსში შევლენ, მნიშვნელოვან მატერიალურ მხარდაჭერას მოიპოვებენ წინასაარჩევნო კამპანიების წარმოების პროცესში.
XS
SM
MD
LG