Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქონლის ეპიდემიური დაავადება შიდა ქართლში


გორისა და კასპის რაიონში მსხვილფეხა პირუტყვის ეპიდემიური დაავადება გავრცელდა. კასპის რაიონის სამ სოფელში საქონელი მოულოდნელად დაეცა. დაავადება სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობა დახმარებას ვეტერინარული სამსახურისგან ითხოვს. კლინიკური ნიშნებით დაავადება თურქულს ჰგავს, მაგრამ კასპელ ვეტერინარებს საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამთ. სოფელ კავთისხევში მთელი სოფლის ნახირია დაავადებული. როგორც კავთისხეველები ამბობენ, დიდი ხანია სოფელში საქონლის პროფილაქტიკური ვაქცინაცია არ ჩატარებულა.

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანშიც დაავადებულ საქონელს იგივე კლინიკური ნიშნები აქვს. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ არკვევდნენ, რომელ დაავადებასთან ჰქონდათ საქმე.

მოგვიანებით სოფელში ვეტერინარები ჩავიდნენ. დადგინდა, რომ საქონელი დაავადებულია ნეკრობაცილოზით, რომელიც კლინიკური ნიშნებით თურქულს ჰგავს. ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ დაავადების მიმართ პროფილაქტიკური ვაქცინაცია არ არსებობს. ეს შემთხვევა მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სახადს და სიკვდილიანობას არ იწვევს. ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის გორის ბიუროს ხელმძღვანელის მამია ბუგულიშვილის განმარტებით, მოსახლეობას ამ დაავადების მკურნალობის შესახებ აუცილებელი რჩევა-დარიგება მიეცა.

დაავადებას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. გორის ვეტაფთიაქებში სამი სახის პრეპარატი უკვე შეტანილია. გლეხებს საქონლის მკურნალობა 50 ლარამდე დაუჯდებათ. საქონლის სრულ განკურნებამდე მისი ხორცის და რძის გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ ვეტერინარებმა ბაზრებში კონტროლი უნდა გააძლიერონ, რათა დაავადებული პროდუქტი მომხმარებელთან არ მოხვდეს.
XS
SM
MD
LG