Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 29 სექტემბერი 2010


დღევანდელი პრესა აშუქებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების დღეს, გამართულ ღონისძიებებს. ”ჩინოვნიკები 40000 დოლარიანი ჯიპებიდან 15000 დოლარიან ავტომობილებზე გადასხდებიან. რა ბედი ელის ძვირად ღირებულ სამთავრობო ჯიპებს და რატომ არაა მათი თანხები გაწერილი ბიუჯეტში”; ”რამდენი გაქვს პრემია?” - ამ სათაურებით ქვეყნდება სტატიები ”ვერსიასა” და ”რეზონანსში”. ”საიას” იურისტ ანა შალამბერიძეს ”რეზონანსის” კორესპონდენტისთვის უთქვამს: ”დავინახეთ სურათი, რომ რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო მაღალია პრემია. ხოლო რის საფუძველზე იღებენ ამხელა პრემიებს, ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა პრემიების შესახებ ინფორმაცია, რომ ვიცოდეთ ვინ რა დამსახურებისთვის იღებს მას, რომ გაუთავებელი ეჭვები აღარ არსებობდეს ამ საკითხზე”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ იმის შესახებაც, თუ რატომ არ გაწევრიანდა თბილისის საკრებულოში შექმნილ ახალ ოპოზიციურ ფრაქციაში რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი. ის მიესალმება საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შექმნას და თვლის, რომ ”რაც უფრო მეტი ფრაქცია იქნება, მით უფრო გააქტიურდება საკრებულო”. შეკითხვაზე, რატომ არ შეუერთდა თავად ახალ ფრაქციას, ხიდაშელი პასუხობს: ”ძალიან მარტივი მიზეზი აქვს ამას. თავიდანვე გამოვაცხადე, რომ არავითარი კოალიციების და ერთობების საჭიროება არ დგას, სანამ დამოუკიდებელი პარტიების საქმიანობის რეჟიმია ქვეყანაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურად ვაჩვენოთ შედეგები და ვიბრძოლოთ”, - აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი.

”ნებისმიერი ძალადობრივი გზით განვითარებული პროცესი ბოლო ლურსმანი იქნება საქართველოს კუბოზე!” - ამ სათაურით ”ვერსიაში” ”თავისუფალი დემოკრატები - ჩვენი საქართველოს” წევრ, დეპუტატ გია ცაგარეიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ეს, სამწუხაროდ, გრძელვადიანი ბრძოლაა. არიან ადამიანები, რომელთაც ხელისუფლების მყისიერად შეცვლა უნდათ. მეც მინდა ერთ დღეს გავიღვიძო და სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში აღარ დამხვდეს, მაგრამ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება ან ხდება სახელმწიფო გადატრიალებების, რევოლუციების დროს”, - ამბობს ცაგარეიშვილი და ამავე ინტერვიუში განაგრძობს: ”ზოგი პარლამენტის შიგნით და ზოგიც გარეთ კაცმა არ იცის რას აპირებს. ნებისმიერი ძალადობრივი გზით განვითარებული პროცესი ბოლო ლურსმანი იქნება საქართველოს კუბოზე.”

”კობა ხაბაზი დავითაშვილსა და კუკავას დაუპირისპირდა” – ეს ”ახალი თაობის” მთავარი სათაურია. სტატიაში წაიკითხავთ: ”კობა ხაბაზი დავითაშვილის ცინიკურმა განცხადებებმა აღაშფოთა. პარლამენტის სხდომაზე გუშინ კობა ხაბაზმა სპეციალური განცხადება გააკეთა და კობა დავითაშვილი და კახა კუკავა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამას წინათ მოსკოვში იყვნენ და ვლადიმირ პუტინსა და ვლადიმირ ჟირინოვსკის ხელი ჩამოართვეს. კობა ხაბაზის განცხადებით, როდესაც დავითაშვილი-კუკავა მოსკოვიდან დაბრუნდნენ, ჟურნალისტებს ცინიკურად უპასუხეს: ჩავედით, პუტინისგან დავალებები მივიღეთ, ოღონდ ფარული, და ამის შესახებ არ ვისაუბრებთო.”

იმავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური სახალხო კრების შესახებ ლაპარაკობს. ძიძიგური განმარტავს კრებაზე მიუსვლელობის მიზეზებს და მის ნაკლოვანებაზე ამბობს: ”საყოველთაობა დაკარგა სახალხო კრებამ და ეს არის ნაკლოვანება. სახალხო კრების დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა ვერ იქნა გააზრებული ყველას მიერ. ვინც ამ სახალხო კრებას ატარებს, მათზე ვსაუბრობ.”

ამ თემაზე ”24 საათიც” წერს სტატიაში, სათაურით „ ‘სახალხო კრებას’ ოპოზიცია შორიდან დააკვირდება”. ტექსტში წაიკითხავთ: ”გაზეთმა ”24 საათმა” ”სახალხო წარმომადგენლობითი კრების” საინიციატივო ჯგუფში გადაამოწმა ინფორმაცია, დაეგზავნათ თუ არა მოსაწვევები ოპოზიციურ პარტიებს. როგორც ოფისში განმარტეს, მოსაწვევი ყველა ოპოზიციურ პარტიას გაუგზავნეს”, - წერს ”24 საათი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG