Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერა ქობალია - მინისტრი


კვირა
ეს ბოლო დღეა ტოკიოში. დავდივარ, უფრო სწორად, დავრბივარ შეხვედრიდან შეხვედრაზე, თან გამუდმებით ერთ რამეზე ვფიქრობ: როგორი, წარმოუდგენლად ძლიერი, ქვეყნის აშენება შეძლეს იაპონელებმა! საოცარი ერია! ვფიქრობ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, უამრავი საინტერესოს გადმოტანა - ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა იაპონია, სინგაპური და, თუნდაც, ჰონკონგი. საოცარია: ქვეყნებმა, რომელთაც არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნიათ, მაინც ასეთ სიმაღლეებს მიაღწიეს! ძალიან საინტერესო ხალხია, ყველაფერზე გეთანხმებიან, უარის თქმას შეურაცხყოფად მიიჩნევენ, ამიტომ „ჰო“-ს გეუბნებიან, მაგრამ ცდილობენ გაგაგებინონ, რომ ამ „ჰო“-ს უკან უარს გულისხმობენ. ამას ძალიან დელიკატურად აკეთებენ. მაგალითად, დილით გვქონდა შეხვედრა და საუბრის დროს საკმაოდ მარტივი შეკითხვა დავსვი (ან მეგონა, რომ მარტივ შეკითხვას ვსვამდი): „იაპონელებს მარტო მოგზაურობა ურჩევნიათ, თუ დიდ ჯგუფებად?“ პასუხად მივიღე: „მარტო, მაგრამ უმეტესად ჯგუფთან ერთად.“ აი, ასე, მიდი და გაიგე, რას გულისხმობენ...

დატვირთული დღის შემდეგ, საღამოს, უფრო სწორად, გვიან ღამით, (რადგან შეხვედრები 10 საათამდე გაგრძელდა), ვახშამზე კოკაის შევხვდით. კოკაი, იგივე ლევან ცაგურია, ჩვენი ცნობილი სუმოისტია. ლევანი უკვე ათი წელია, იაპონიაში ცხოვრობს. ყველაზე ძლიერი სუმოისტების ათეულში შედის, თან უზომოდ პოპულარულია. მანქანიდან რესტორნის კარამდე მისვლას 15 წუთი მოვანდომეთ, რადგან ყოველმა მეორემ ან სურათის გადაღება სთხოვა ან ავტოგრაფი. ვაფასებ მის პიროვნულ თვისებას: ასეთი პოპულარობის მიუხედავად, ის აბსოლუტურად უბრალო ადამიანად დარჩა. დღის ბოლოს დავემშვიდობეთ. ხვალ კოკაის შეჯიბრება ეწყება, ჩვენ კი სან-ფრანცისკოში მივფრინავთ.

ორშაბათი
ნამდვილად გასაკვირია და, ამავე დროს, დასაფასებელი იაპონელების სიყვარული თავიანთი ქვეყნისადმი. სხვას რას დაარქმევ იმას, რომ ყოველდღე მუშაობენ, დაუღალავად აშენებენ ქალაქებს. ქალაქებს აშენებენ ნაგვისგანაც კი! არ ვხუმრობ, ნაგვისგან მთელი კუნძულები აქვთ აშენებული, თავისი ქუჩებით, სახლებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენც შეგვიძლია, იმავეს მივაღწიოთ. რეალურად, ბევრად მეტიც შეგვიძლია, თუ ვიმუშავებთ დაუღალავად, ყოველდღე, ერთი მიზნის მისაღწევად, თუ ვიქნებით მომართულები, რომ ავაშენოთ ჩვენი ლამაზი, განუმეორებელი და ერთადერთი საქართველო.

ახლა თვითმფრინავში ვზივარ. ტოკიოდან სან-ფრანცისკოში მივფრინავ. მივფრინავთ ამერიკული კომპანით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით ცუდი სერვისით გამოირჩევა. თვითმფრინავის სამზარეულოში რომ ვზივარ (ამას სხვანაირად ვერ უწოდებ) ეს კარგი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საშინლად ცივა და საბნები არა აქვთ. ბორტგამცილებელ გოგონას უკვე ველაპარაკე, თუმცა, არც საბანი მომიტანეს და არც საჭმელი - ჩემი რიგისთვის არ ეყოთ. როგორც ჩანს, ჰაერში სრული დიქტატურა ამართლებს...

მაინც მიხარია: შემდეგი 9 საათი თვითმფრინავში ვარ და ეს ნიშნავს, 9 საათი ვიმუშაო ჩემთვის, კომპიუტერთან; ბოლოს და ბოლოს წავიკითხო ის 719 ახალი წერილი, რომლებიც ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაგროვდა. შეიძლება დრო წიგნისთვისაც დამრჩეს. როდესაც ვკითხულობ, ეს არის ჩემი სრული დასვენება, რელაქსაციის მომენტი. რაღაც პესიმისტურად გამომივიდა. არადა, პირიქით, კარგ გუნებაზე ვარ, თუმცა მცივა, საჭმელს არ მაჭმევენ და, პრაქტიკულად, სამზარეულოში ვზივარ... მაინც მიხარია, გვერდით ახალი წიგნი მიდევს და „მელოდება“.

სამშაბათი
დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. გუშინ ღამით ჩამოვფრინდი სან-ფრანცისკოში. ჩემოდნიდან ჩემი პიჯაკი რომ ამოვიღე, დავინახე, გზაში საშინლად დაჭმუჭნილა. ოთახში უთო ვერ ვიპოვე. დავრეკე მიმღებში, მითხრეს, პრობლემა არ არის, დაგიუთოებთ და დილით ნომერში მოგართმევთო. დილით, ანუ დღეს, ხუთზე გავიღვიძე - ჯერ ერთი იმიტომ, რომ დრო შემეშალა, მეორე - მომზადებაც მინდოდა და შეხვედრების წინ რამდენიმე საათი მუშაობაც. არსად ვჩქარობდი შვიდ საათამდე, როდესაც დამირეკეს და მითხრეს: სამწუხაროდ, თქვენი პიჯაკი ღამით დასაუთოებლად ქიმწმენდაში ქალაქგარეთ იყო გაგზავნილი, იქ კი მილსადენის აფეთქება მოხდა, ყველაფერი გადაკეტილი და მიუწვდომელიაო; მათ შორის - ჩემი პიჯაკიც! ამ ფაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს „გეგმა ბ“, ან - იმპროვიზაციის უნარი.

დღეს სან-ფრანცისკოში ქართულ-ამერიკული ბიზნესფორუმია დაგეგმილი. სიტყვით გამოვდივარ. ვფიქრობ, აქცენტი საინვესტიციო გარემოზე გავაკეთო; ასევე, სექტორების მიხედვით, რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე ვისაუბრო.

დღის განმავლობაში მივხვდი, რომ ზამთრის ტანსაცმელი უნდა წამომეღო. ცივა. ხალხი ქურთუკებით დადის. ვუყურებ და მარკ ტვენის სიტყვები მახსენდება: „არასოდეს გამიტარებია ისეთი ცივი ზამთარი, როგორც - ზაფხული სან-ფრანცისკოში.“

ოთხშაბათი
დილით გავემგზავრე მერიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა სან-ფრანცისკოში - 50 000 კვადრატული მეტრი, ჭერის სიმაღლის მიხედვით მე-5 შენობა მსოფლიოში. მერიის თანამშრომლები ზუსტად წარმოადგენენ ქალაქის მოსახლეობას თავისი ხასიათითა და თანამედროვე მიდგომით. რამდენ შეხვედრაზე ვარ უკვე ნამყოფი და ყოველთვის მიხარია, როდესაც მეორე მხარე წინასწარვე დაინტერესებულია საქართველოთი; ბოლოს და ბოლოს, სან-ფრანცისკო არის ერთ-ერთი ყველაზე შორი წერტილი თბილისიდან. მე მგონი, შეხვედრაზე პირველი ნახევარი საათი გველაპარაკებოდნენ არა საკუთარ თავზე, არამედ აქეთ გვიყვებოდნენ ჩვენს რეფორმებზე. ნამდვილად მესიამოვნა.

შევთავაზე რამდენიმე პროექტი, რომლებზე მუშაობაც ერთობლივად შეგვიძლია. ასევე, გამოვკითხე Silicon Valley-სა და მათი მდგრადი განვითარების სტრატეგიაზე.

მერიის შემდეგ მთელი დღე დავრბოდი შეხვედრებზე. საღამოს ბოლო შეხვედრა იყო ერთ-ერთი სასტუმროს 25-ე სართულზე, კაფეში. ულამაზესი ხედი, მთელი ქალაქი ჩანდა... პირველი სამი წუთი! შემდეგ ყველაფერი ნისლით დაიფარა.

დღის ბოლოს სასტუმროში დავბრუნდი და კომპიუტერს მივუჯექი. 218 იმეილი...

ვიძინებ და ვფიქრობ, აქ ყოფნა ბევრად უფრო რთულია. მხოლოდ ორსაათიანი განსხვავებაა ვანკუვერთან, ჩემს ოჯახთან. რაც უფრო ახლოს არიან, მით უფრო მენატრებიან.

ხუთშაბათი
დილით 6-ის ნახევარზე ავდექი, რადგან 7 საათზე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი ახლომდებარე ქალაქში, „ტესლას“ ქარხანაში. „ტესლა“ არის ელექტრომანქანების მწარმოებელი ერთ-ერთი უძლიერესი ქარხანა. ორი საათის განმავლობაში თავი მომავალში მეგონა. მინდოდა, მუშაობის პროცესი ვიდეოთი გადამეღო და საქართველოში წამომეღო, მაგრამ, რაკი ეს ყველაფერი „ფირმის საიდუმლოს ქვეშ“ მზადდება, გადაღება აკრძალული იყო.

სასტუმროში დავბრუნდით. Napa Valley-ში, კალიფორნიის კახეთში, უნდა გავემგზავროთ.

პარასკევი
დილიდან Silicon Valley-ში ვარ - IT-სა და კავშირგაბმულობის დედაქალაქში. ვფიქრობ, ალბათ ჯობდა, დღეს გადავსულიყავით სან-ხოსეში, რადგან აქ, დილით და ღამით ტრანზიტში, დრო არ დავკარგოთ.

საინტერესო დღე გამოვიდა: თავიდან - ხუთსაათიანი შეხვედრა „სისკოს“ დირექტორებთან. ძალიან დაინტერესებული არიან საქართველოთი და სჯერათ, რომ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას მომავალი 10 წლის განმავლობაში. შემდეგ გადავედით HP-ში. HP (იგივე „ჰიულეტ პაკარდი“) არის კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, 115 მილიარდი წლიური შემოსავლით. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და პირველი ორი საათის განმავლობაში მეგონა, რომ ამ შეხვედრიდან არაფერი გამოვიდოდა. გამოსვლის წინ ჩვენი რეგიონის წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა: ჩვენს უფროსს იმდენად აინტერესებს საქართველო, რომ ამ წელს აუცილებლად ჩამოვაო. არასოდეს იცი, რა და როგორ მოტრიალდება...

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: საღამოს, ვახშამზე, „სისკოს“ დირექტორმა დაგვპატიჟა ჩვენ, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორები და რექტორი. ისინი დიდხანს მეკითხებოდნენ სხვადასხვა თემაზე, მილიონი კითხვა დამისვეს. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემი დაპატიჟება უნდოდათ უნივერსიტეტში, სადაც სიტყვით გამოსვლა მთხოვეს. გამეცინა. თავიდან ვიფიქრე, კრიტიკული თვალით მიყურებდნენ. პირიქით აღმოჩნდა...

არის მომენტები, როდესაც გგონია, რომ არაფერი გამოდის, და ბოლო წუთებში ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება.

შაბათი
გადავხედე ჩემს დღიურს და მომეჩვენა, რომ ძალიან გრძელი გამომივიდა, ამიტომ გადავწყვიტე, ბოლო დღე შეჯამებასავით გავაკეთო.

კიდევ ერთი დღე გავატარეთ სილიკონის დაბლობზე, Silicon Valley-ს კომპანიებთან, მათ შორის - Google-ში. Google-ის ტერიტორია საბავშვო ბაღს გაგონებს, იქ ყველაფერი ღია ფერებშია: ფერადი ველოსიპედები, ფერადი შენობები, საკმაოდ მრავალფეროვანი ხალხით.

არ მიხსენებია, რომ ამ შეხვედრებისთვის სამარშრუტი ტაქსი ვიქირავეთ, ზუსტად ისეთი, თბილისში „მარშრუტკას“ რომ ვეძახით. ბევრი ვიყავით და ერთი „მარშრუტკა“უფრო იაფად ვიქირავეთ, ვიდრე ორ მანქანას ვიქირავებდით. სადღაც, 6 საათისთვის, გაგვახსენდა, რომ ჭამისთვის დრო არ დაგვრჩენია. სასწრაფოდ „მაკდონალდსში“ გავიარეთ. გზაში, მანქანაში ვჭამეთ...

მინდა ვთქვა, რომ ის სადილი - „მაკდონალდსის“ ბურგერები - ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მოძრავ „მარშრუტკაში“, იყო ყველაზე გემრიელი სადილი ამ კვირაში. მართალია: მთავარია, ვისთან ერთად სადილობ, და არა - რას მიირთმევ!
XS
SM
MD
LG