Accessibility links

logo-print
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს, - ეს განცხადება 29 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები ეგრეთწოდებული საზღვრის დემარკაციის უკანონო სამუშაოებს სოფლებში - ქვემო და ზემო ნიქოზში, დიცში, არბოსა და ქორდში - ატარებენ.

შსს-ს მონაცემებით, ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწა, დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის კუთვნილი სახლები, ასევე -საძოვრები, სარწყავი არხი და ახლახანს გაკეთებული ჭაბურღილი.

მოგვიანებით, სამინისტროს ვებგვერდზე ეს განცხადება უფრო ზოგადი განცხადებით შეიცვალა, სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. იქვე აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ჯარის მიერ წარმოებული უკანონო სადემარკაციო სამუშაოები სოფელ დიცისთვის წყლის მიწოდებას შეუშლის ხელს.

დიცელებმა სოფლის სიახლოვეს რამდენიმე ადამიანი მართლაც შენიშნეს, რომლებსაც ხელში რუკები ეჭირათ და ტერიტორიებს არმატურის ძელებით ნიშნავდნენ. როგორც დიცის რწმუნებულმა ზურაბ ბოლაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, მონიშნული ტერიტორიების იქით ადგილობრივი მაცხოვრებლების მიწის ნაკვეთები, საძოვრები და სარწყავი არხი მოხვდა. მისი ინფორმაციით, ჩარჭობილ ძელებზე ჯერ მავთულხლართები არ არის გაბმული.

განსხვავებული სურათია სოფელ ნიქოზში, სადაც მოსახლეობას რუსი მესაზღვრეების მიერ სამუშაოების დაწყება და არმატურის ძელები არ შეუნიშნავთ, თუმცა სოფლის რწმუნებულმა გიორგი დევიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებში გასვლას ვერ ახერხებს, რადგან ამ ტერიტორიაზე ოსური და რუსული შეიარაღებული ნაწილები მუდმივად პატრულირებენ.

სადემარკაციო სამუშაოების წარმოება და გორის რაიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა რუსეთის უშიშროების სამმართველოს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურმა სწრაფად უარყო. ეს ინფორმაცია ოსურმა სააგენტო რესმა გაავრცელა. მაგრამ დღეს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში დაადასტურა, რომ ცხინვალმა ეგრეთწოდებული საზღვრის დადგენის სამუშაოები დაიწყო. მისი აზრით, ეს არ არის სადემარკაციო სამუშაოები და მხოლოდ ტერიტორიის მონიშვნა მიმდინარეობს. ჩიგოევის თქმით, საზღვრის ერთობლივი დემარკაციის წინადადებით სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიმართა როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს მთავრობებს, მაგრამ ქართულ მხარეს ამ დრომდე პასუხი არ გაუცია. მისი განცხადებით, საზღვარი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გაივლის და ამისთვის შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მან კატეგორიულად უარყო ქართული სოფლების სიღრმეში საზღვრის გადმოწევის ფაქტი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საზღვრის დადგენის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, უკვე საქმის კურსში არიან ევროპის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და მათგან რეაგირებას ელოდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და რუსეთის სასაზღვრო ნაწილების ქმედებას კონფლიქტის ზონაში პარლამენტის ვიცესპიკერი პაატა დავითაიაც გამოეხმაურა. მისი აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ოკუპირებული ტერიტორიები გაჩნდა და საერთაშორისო საზოგადოებამ ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

მეორე წელია ნიქოზისა და ხვითის მოსახლეობის ნაწილი საკუთარ მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს. ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით 300 ჰექტარი მიწა რუსული საგუშაგოების სიახლოვეს მდებარეობს, ამიტომ იქ გასვლა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო შეუძლებელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG