Accessibility links

logo-print
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამხურებმა ფარდა ახადეს გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისტულ თავდასხმებს ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. პოტენციური ტერორისტული აქცია, რომელსაც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ უკვე „ალ ყაიდას მიერ ბოლო წლებში დაგეგმილი ყველაზე სერიოზული თავდასხმა“ უწოდა, გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის თემურ რაიონებში დაიგეგმა.

სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს თანახმად, ჯიჰადისტების დივერსიული ჯგუფი დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა მძევლად აყვანას და მათ დახოცვას გეგმავდა. გეგმის აქტიური ფაზა ასევე გულისხმობდა სხვადასხვა ტერორისტული აქტების მოწყობას. შესაძლო თავდასხმით გამოწვეული შიში განსაკუთრებით გავრცელდა პარიზში, სადაც 28 სექტემბერს ეიფელის კოშკის ევაკუაცია განხორციელდა. ეიფელზე მანამდე ევაკუაცია ორჯერ მოხდა, შენობაში ბომბის არსებობის შესახებ მიღებული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე. მაშინ როდესაც საფრანგეთის ტერიტორიაზე შესძლო თავდასხმის შიში ძლიერდება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრის ორტფო აცხადებს, რომ საფრანგეთი „რეალური“ საფრთხის წინაშე დგას იმის გამო, რომ ალ-ყაიდას გასამხედროებულ ჯგუფებს ებრძვის ფრანგულენოვან აფრიკაში - მაროკოში, ტუნისსა და ალჟირში:

„მე არ მსურს ვუპასუხო სხვა შეკითხვებს, მაგრამ უნდა დავადასტურო, რომ ტერორისტული საფრთხე რეალურია, ჩვენი სიფხიზლე გაძლიერდა, რადგან ტერორისტული საფრთხის დონე ბოლოსწინა „წითელ“ ნიშნულამდე გაიზარდა.“

ევროპის ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებენ ტერორისტული გეგმის არსებობას, თუმცა ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან მოსული ინფორმაციების თანახმად, ამ ქვეყნებში მომეტებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. „ლეტალური თავდასხმების განხორციელების საფრთხე არსებობსო“, - განაცხადა 16 სექტემბეს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის, მი-5-ის, გენერალურმა დირექტორმა ჯონათან ევანსმა.

ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-ს თანახმად, განგაშის საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომელიც სპეცსამსახურებმა მოიპოვეს სავარაუდო გერმანელი ტერორისტისაგან. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელსაც გერმანული პასპორტი აქვს, ამჟამად ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფება. შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯანეტ ნაპოლოტანომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „ტერორისტული ჯგუფების“ მზარდი აქტიურობა“ ზრდის საფრთხეს დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების მიმართ. სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა პირდაპირ კომენტარს თავი აარიდა „ევროპაში ტერორისტული გეგმის“ არსებობის თაობაზე, თუმცა დაჟინებით ამტკიცებდა, „ალ ყაიდას სურს თავს დაესხას ევროპას და შეერთებულ შტატებსო“. დასავლური მედიის თანახმად, ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გააძლიერა უპილოტო თვითმფრინავების რეიდები პაკისტანის უკონტროლო რაიონებზე. საავიაციო რეიდები იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპის ქალაქებზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმების პრევენციას ისახავს მიზნად. „უოლ სთრით ჯოურნალი“ კი, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ევროპაზე მოსალოდნელ ტერორისტულ თავდასხმებს უწოდებს „საგულისხმოს, მაგრამ არა განსაკუთრებულს.“
XS
SM
MD
LG