Accessibility links

logo-print

მაგნიტსკის მწამებლებს შეერთებული შტატები სანქციებს უმზადებს


სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული ადამიანების სია

სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული ადამიანების სია

29 სექტემბერს ამერიკელმა კანონმდებლებმა მოამზადეს პროექტი, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სავიზო და ეკონომიკური სანქციების გატარებას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოხელეთა მიმართ, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდნენ. 37 წლის იურისტი სერგეი მატნიტსკი შარშან ნოემბერში საგამომძიებლო იზოლატორში გარდაიცვალა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მაგნიტსკის მკვლელობაში თანამონაწილე პირებს არ მიეცემათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება, აგრეთვე მათ და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალებათ ყველა ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ეწოდება „კანონიერება სერგეი მაგნიტსკის მიმართ,“ დემოკრატი სენატორების ბენიამინ კარდინისა და შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარის, სენატორ ჯემს მაკგოვერნის ინიციატივით მომზადდა. პროექტი 29 სექტემბერს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა განსახილველად. ასეთი კანონპროექტის მიღების თხოვნით ამერიკელ კანონმდებლებს ფონდ „Hermitage Capital-ის“ საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარემ უილიამ ბრაუდერმა მიმართა, რომელიც იმედოვნებს, რომ სამართალს, რომელიც რუსეთში ვერ ნახა, ვაშინგტონის დახმარებით იპოვის.

„ჩვენ გვყავს პოლიცია, რომელმაც აწამა და მოკლა სერგეი მაგნიტსკი. ასე რომ, როგორ უნდა მივმართოთ დახმარებისათვის პოლიციას, რომელიც ერთხელ უკვე მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. ამიტომ მსგავსი კანონის მიღებას რუსეთის გარეთ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი და განსაკუთრებული შედეგი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს.“

სერგეი მაგნიტსკი, „მატროსსკაია ტიშინაში“ 11 თვიანი პატიმრობის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მაგნიტსკის დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან ოფიციალური განცხადებით მიმართა შესაბამის უწყებებს პოლიციისა და საგადასახადო ინსპექციის მაღალჩინოსნების მიერ 230 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო თანხის მითვისების შესახებ. უფლებადამცველთა განცხადების თანახმად, იმისათვის, რომ ფონდ „Hermitage Capital“-ის 37 წლის ადვოკატისაგან წინასწარი გამოძიების პროცესში მათთვის სასურველი ჩვენება მიეღოთ, რუსეთის ოფიციალური პირები მას ისეთ პირობებში ამყოფებდნენ, რაც წამებას უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა პირადი ბრძანებით გადააყენა მაგნიტსკის მკვლელობაში თანამონაწილე ციხის ადმინისტრაციის 20-მდე თანამშრომელი, რუსეთის გენერალურ პროკურატურას დღემდე არ დაუდგენია ადვოკატის მკვლელობის ნამდვილი მიზეზები.

კონგრესში შედგენილი კანონპროექტის თანაავტორი, დემოკრატი სენატორი ბენიამინ კარდინი ფიქრობს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო აქტი რუსეთის ხელისუფლებას აფიქრებინებს, შეცვალოს ასეთი ვითარება:

„ეს საკანონმდებლო აქტი ეხება იმ ქმედებას, რომელიც, ჩვენი შეფასებით, აღმაშფოთებელია: ინფორმატორი, რომელმაც სცადა რუსეთის მთავრობის ყურადღება მიემართა ქვეყანაში გამეფებული კორუფციისაკენ, დევნის ობიექტი გახდა და ამის შედეგად საკუთარ სიცოცხლესაც გამოემშვიდობა. ცხადია, ეს აქტი შეეხება, პირველ ყოვლისა, ბატონ მაგნიტსკის საქმის გამოძიებას, მაგრამ ეს ეხება ასევე სისტემურ ცვლილებას, რათა ამის მსგავსი რამ მომავალში კვლავ აღარ განმეორდეს.“

სენატორმა კარდინმა განაცხადა, რომ „მაგნიტსკის მიმართ კანონიერების“ აქტი ნეგატიურად არ იმოქმედებს შეერთებული შტატებისა და რუსეთის „ხელახალი გადატვირთვის“ პოლიტიკაზე. იგი მხოლოდ იმ პირების მიმართ სავიზო და ეკონომიკური სანქციების შემოღებას ითვალისწინებს, ვინც ციხეში ადვოკატის წამებით მკვლელობაში მონაწილეობდა.

რამდენიმე სათით ადრე, ვიდრე შეერთებული შტატების კონგრესის საკანონმდებლო აქტის განხილვას დაიწყებდა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ასევე განაცხადა,რომ არ გამორიცხავს სანქციებს რუსეთის ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის მიმართ, ვინც თანამონაწილეა ადვოკატ მაგნიტსკის წამებით მკვლელობაში. ჰეიგმა მოუწოდა რუსეთს, „საფუძვლიანად და ტრანსპარენტულად“ გამოიძიოს მაგნიტსკის სიკვდილის საქმე. პოლონეთმაც განაცხადა, რომ სავიზო სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით მაგნიტსკის სიკვდილში.
XS
SM
MD
LG