Accessibility links

დანაკარგები ავღანეთში იზრდება, მაგრამ საქართველო უკან არ იხევს


ქართველი ჯარისკაცების კურთხევის ცერემონია ავღანეთში გამგზავრების წინ. 7 აპრილი 2010 წელი.

ქართველი ჯარისკაცების კურთხევის ცერემონია ავღანეთში გამგზავრების წინ. 7 აპრილი 2010 წელი.

30 სექტემბერს საქართველოს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად. მათ შორისაა ერთი პოლკოვნიკი, ერთი სერჟანტი და ორი კაპრალი, რომელთა დაღუპვის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დანაკარგმა მარტო სექტემბრის თვეში ხუთ კაცს მიაღწია, ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს სამხედრო კონტინგენტის ან შემცირებას, ან ვადაზე ადრე გამოყვანას ჰელმანდის პროვინციიდან.

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე საბრძოლო დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ. ტრაგიკული ინციდენტი 30 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში მოხდა, სადაც ქართული ქვედანაყოფი მიმდინარე წლის აპრილიდან იმყოფება. ერთბაშად ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას „სამწუხარო“ უწოდა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც 1 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროში მივიდა თანაგრძნობის სათქმელად და ქართველი ჯარისკაცების გასამხნევებლად:

ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, არის ის, თუ რა გარემოებებში მოხდა ამ ადამიანების დაღუპვა, მეტი არაფერი, და ამაზეც კი ვერ ვიღებთ პასუხებს. რატომ არ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა? ...
„გულდასაწყვეტი დღეა, რადგან თქვენი თანამემამულეები დაიღუპნენ გუშინ ბრძოლებისას ავღანეთში. მე ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავ საქართველოს მოსახლეობისადმი და განსაკუთრებით გარდაცვლილთა ოჯახებისადმი, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. საქართველოს შეიარაღებული ჯარების დანაყოფები მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ჩვენი მისიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანს წარმოადგენს. ქართული დანაყოფები ნატოს მოკავშირე ძალებთან ერთად გვერდიგვერდ მსახურობენ იმისათვის, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოება დაიცვან. ისინი ეხმარებიან ავღანელ ხალხს მიაღწიონ ისეთ დონეს, რომ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავადვე იზრუნონ. დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. ეს არის ნათელი მანიფესტაცია მჭიდრო თანამშრომლობისა საქართველოსა და ნატოს შორის, რისთვისაც უღრმესი მადლობელი გახლავართ”,- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.“

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის 750 ჯარისკაცი ამერიკის საზღვაო ქვეითებთან ერთად ურთულეს ამოცანას ასრულებს - სახიფათო უბნების ჩხრეკისა და დასახლებული პუნქტების სავარაუდო ტერორისტებისაგან წმენდის ოპერაციაში ღებულობს მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს, 5 სექტემბერს, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა ქართველი კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია, რომელიც ორივე კიდურის ამპუტაციის შემდეგ მკურნალობას ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ოფიცერი მუხრან შუკვანი მშობლიურ სოფელ ლენჯერში ისე დაკრძალეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაღუპვის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ქართული რაზმის წევრები ნაღმზე აფეთქდნენ. სამხედრო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 ქართველი მებრძოლიც 30 სექტემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი, პარლამენტარი ნიკოლოზ ლალიაშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ასეთი ძუნწი ინფორმაცია არ არის საკმარისი და ხელისუფლებამ საზოგადოებას უფრო მეტი უნდა უთხრას ქართველი ჯარისკაცების ბოლო წუთებზე:

„ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, არის ის, თუ რა გარემოებებში მოხდა ამ ადამიანების დაღუპვა, მეტი არაფერი, და ამაზეც კი ვერ ვიღებთ პასუხებს. რატომ არ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა? ერთი იძახის, ნაღმზე აფეთქდნენო, მეორე - შეტაკება იყოო. რატომ უნდა მივცეთ ამ თემით ისედაც გაღიზიანებულ საზოგადოებას კიდევ რაღაც ჭორებისა და ყურმოკრული ამბების ტირაჟირების საფუძველი.“

საქართველოსა და მთელი რეგიონისათვის ჩვენ მინიმუმამდე ვცდილობთ დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ალ ყაიდასა და თალიბანის გამარჯვების შემთხვევაში ...
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩამოასვენებენ საქართველოში 30 სექტემბერს, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას, ავღანეთში დაღუპულ 4 სამხედრო მოსამსახურეს. საქართველოს ხელისუფლებამ მწუხარება გამოთქვა ქართველი ჯარისკაცების მორიგი მსხვერპლის გამო, თუმცა თბილისის მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ქართული მისია ავღანეთში გაგრძელდეს უცვლელად საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის საბოლოო დასრულებამდე. ეს გადაწყვეტილება რადიო თავისუფლებას ცოტა ხნის წინ ინტერვიუში დაუდასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ:

„ ტრაგიკული დანაკარგი აქვს საქართველოს. ჩვენი გმირი დაეცა ბრძოლის ველზე. ყველა განვიცდით ამას. გული ჩამწყდა, რომ გავიგე, მაგრამ ეს მისია უნდა გაგრძელდეს, რადგან იგი საქართველოს ინტერესებს ემსახურება.“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო წვლილი ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისათვის:

„უსაფრთხოების თვალსაზრისით ვღებულობთ იმას, რომ საქართველოსა და მთელი რეგიონისათვის ჩვენ მინიმუმამდე ვცდილობთ დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ალ ყაიდასა და თალიბანის გამარჯვების შემთხვევაში. მეორე, რასაც ჩვენ ვღებულობთ, ეს არის ფსიქოლოგიური გარდატეხა ალიანსში იმასთან მიმართებით, თუ რომელ ალიანსს ეკუთვნის საქართველო, რომელ გეოგრაფიულ რეგიონში იმყოფება და კულტურულად, მენტალურად და პოლიტიკურად სად უნდა იყოს საქართველო.“

ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში 925 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. სამხედრო ქვედანაყოფის რიცხოვნებით საქართველო მრავალეროვნული ძალების ათეულში შედის. შედარებისათვის: საქართველოს უფრო მეტი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში, ვიდრე ნატოს წევრ ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს ანდა ნატოს წევრობის რეალურ კანდიდატებს - ბოსნია -ჰერცოგოვინას, ჩერნოგორიასა და მაკედონიას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG