Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონსტიტუციური ვნებები“ პარლამენტსა და მის გარეთ


საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პლენარულ სხდომას წინ უსწრებდა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შედეგიანი კონსულტაცია. სხდომის პარალელურად პარლამენტის წინ გაიმართა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა კონსტიტუციის პროექტის არსებული რედაქციით დამტკიცება ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის წინ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ, რომ ახალ არჩეულ პრეზიდენტს აღარ ექნება პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, რაც მოქმედი კონსტიტუციით დაშვებულია. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საკუთრების უფლების განმტკიცებასა და პოლიტიკური კრიზისის ვადებთან დაკავშირებით. კონსულტაციის შედეგები პრელანურ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა შეაჯამა:

„შენარჩუნებულია ორგანული კანონის ინსტიტუტი, ჩამონათვალს დაემატა შრომის კანონთა კოდექსი. შემდეგი შესწორება ისაა, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება საკანონმდებლო ინიციატივა და, შესაბამისად, აღარ იარსებებს საპრეზიდენტო ინიციატივის რიგგარეშე განხილვის წესიც. ასევე მთავრობა მონაწილეობას მიიღებს გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების დანიშვნაში; გაიმიჯნა და დაზუსტდა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობის სფეროში და ასევე შემოვიდა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე.“

პლენარული სხდომის მსვლელობისას დეპუტატებმა ბევრი იკამათეს საკუთრების უფლების განმტკიცებასთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, თვისებრივად შეიცვალა საზოგადოებრივი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში ჩამორთმეული საკუთრების ანაზღაურების პროცედურა:

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წინასწარი ანაზღაურება ხდება. არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია მსგავს ჩანაწერს არ იცნობს, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ. თანაც ასეთი ანაზღაურება გათავისუფლებულია ყოველგვარი მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან“, განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

რაც შეეხება ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებას, რომლის მოცულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის თქმით, ანაზღაურება უნდა იყოს სამართლიანი, მაგრამ არა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები.

უმრავლესობასა და უმცირესობას შეთანხმება გაუჭირდათ მთავრობისათვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების ვადებთან დაკავშირებით. ოპოზიციას არ მოსწონს ის, რომ პროცედურები შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა არგუმენტად ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა მოიშველია, მაგრამ ოპოზიციის ამ არგუმენტმა საპარლამენტო უმრავლესობაზე ვერ იმოქმედა. გიორგი გაბაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული ვერც ერთი მოსაზრება წერტილს ვერ დაუსვამს დისკუსიას საქართველოს პარლამენტში, რადგანაც ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და გადაწვეტილებებს ვიღებთ ჩვენ.

ვენეციის კომისიის შენიშვნებზე ლაპარაკობდნენ პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ საქართველოში სტუმრად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის ყურადღების მისაპყრობად პარლამენტის წინ ტრანსპარანტები მიიტანა.

„ვითხოვთ, რომ შეაჩეროთ კონსტიტუციური ცვლილებების მარათონი. მართლა უნდა შეჩერდეს ეს უმსგავსი პროცესი, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებების მიღება ისე ხდება, რომ საზოგადოებრივი აზრი სრულად არის იგნორირებული. საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება მოუსმინოს მას. კონსტიტუცია ჩვენია და არა მიშასი, პარლამენტის ან არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG