Accessibility links

logo-print

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო აძლიერებს პრეზიდენტის ძალაუფლებას


უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 2004 წელს მიღებული კანონი, რომელიც პარლამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას დაემტკიცებინა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი. ახლა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეუძლია თვითონ აირჩიოს მთავრობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავარი გამარჯვებული პრეზიდენტი იანუკოვიჩია. სასამართლო თვლის, რომ 2004 წელს მიღებულმა კანონმა პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვით დაარღვია კონსტიტუცია. უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ანატოლი გოლოვინმა დღეს კიევში გააკეთა განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 2004 წლის ეს კანონი იყო ანტიკონსტიტუციური, არ შეესაბამებოდა უკრაინის კონსტიტუციას და არღვევდა საკონსტიტუციო პროცედურას. ამ გადაწყვეტილებით უკრაინის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, იბრუნებს უფლებამოსილებას, თვითონ აირჩიოს პრემიერი და კაბინეტი, რაც უკრაინის საპარლამენტო რესპუბლიკიდან კვლავ საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნას ნიშნავს. მანამდე პარლამენტი ამტკიცებდა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პრემიერს და კაბინეტის წევრებს. იანუკოვიჩი მიესალმა გადაწყვეტილებას და თქვა, წარსულის სამწუხარო გაკვეთილებს ახლა ვასწორებთ, ვაგრძელებთ ფართო დიალოგს და ვაკანონებთ გადაწყვეტილებებსო. მან პირობა დადო, გავაძლიერებთ წარმომადგენლობით დემოკრატიას, ადგილობრივ მმართველობას და ადამიანის უფლებების დაცვასო. პრეზიდენტის ოპონენტებმა არ დააყოვნეს და დაგმეს სასამართლოს დასკვნა, როგორც ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციის ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს აზრით, ეს იგივეა, რაც 1991 წელს მოუწყვეს მიხაილ გორბაჩოვს საბჭოთა კავშირში:

„ეს დღე, 2010 წლის პირველი ოქტომბერი, უკრაინის ისტორიაში შევა როგორც დემოკრატიის დასამარების დღე, დიქტატურის შექმნის, უკრაინული „გე-კა-ჩე-პეს დღე.“

პარლამენტის დეპუტატი სერგეი სობოლევი, ტიმოშენკოს ბლოკის თავმჯდომარის მოადგილე, დაეთანხმა ტიმოშენკოს შეშფოთებას:

„ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. დაირღვა კონსტიტუცია, ქვეყნის მთავარი კანონი.“

სობოლევი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები - ესაა ერთადერთი გამოსავალი, თუ არადა, ქვეყანაში დაკანონდება დიქტატურა და ანტისაკონსტიტუციო მთავრობაო. ანალიტიკოსებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს გადაწყვეტილება. პოლიტოლოგმა ვიქტორ ნებოჟენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, შედეგად, უკრაინის ისედაც არეული პოლიტიკური ვითარება უფრო გაუარესდა:

„საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გამოიწვია საკონსტიტუციო კოლიზია. მას უკეთესი სურდა და მოხდა ისე, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე - ვითარება ქვეყანაში გაუარესდა. მან თავი დააყენა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე მაღლა და შესთავაზა მას „შეასრულოს“, ანუ აღმასრულებელ ორგანოდ გადაიქცეს.“

პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების კიევში მოქმედი ცენტრის ხელმძღვანელს იგორ კოლიუშკოს არ ესმის, საიდან აქვს სასამართლოს უფლებამოსილება თავისი გადაწყვეტილებით შეცვალოს კონსტიტუცია:

„ამ გადაწყვეტილების ლოგიკით, დღემდე 2004 წლის კონტიტუცია იყო ძალაში, ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, ყველა კანონი და საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს 1996 წლის კონსტიტუციასო. ისე მოხდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას გადააჭარბა.“

პარლამენტის თავმჯდომარე ვოლოდიმირ ლიტვინი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც უნდა განსაზღვროს კონსტიტუციის ახლანდელი ტექსტი და შემდეგ გადასცეს პარლამენტს დასამტკიცებლად.
დაბოლოს, შეგახსენებთ ძალთა განაწილებას უკრაინის პარლამენტში: იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიას“ 450 ადგილიდან 175 ეკუთვნის, „იულია ტიმოშენკოს ბლოკს“ - 156, „ჩვენი უკრაინა, სახალხო თავდაცვის ბლოკს“ - 72, კომუნისტურ გაერთიანებას - 27 და ლიტვინის ბლოკს - 20.
XS
SM
MD
LG