Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტის გზით ძარცვის გამო აშშ ბრალს სდებს ათობით აღმოსავლეთევროპელს


კიბერდამნაშავეთა მოქმედების სქემა
კიბერდამნაშავეთა მოქმედების სქემა
აშშ-ის სამართალდამცველებმა ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ 73 პირს - რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, მოლდავეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებს - ბრალად ედება ინტერნეტის საშუალებით ბანკების ძარცვაში მონაწილეობა. მათი უმეტესობა საერთაშორისო გაცვლის პროგრამებით იყო ჩასული აშშ-ში, მათი ასაკი 19-დან 26 წლამდეა. აღმოსავლეთევროპელებს ბრალად ედებათ სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან ოთხ მილიონ დოლარამდე თანხის მოპარვა, რასაც ამერიკის ათობით ბანკში ყალბი საბუთებით გახსნილი ანგარიშებისა და საკომპიუტერო ვირუსის გზით აღწევდნენ.

საბანკო ანგარიშების ძარცვის გამო ორი სხვადასხვა საჩივარია შესული: ერთი - ნიუ-იორკის შტატში, მეორე - ფედერალურ დონეზე. დანაშაულის ჩადენის პერიოდი წლევანდელი თებერვლიდან სექტემბრამდეა. პროკურატურის თანახმად, საქმეებს იძიებენ და შეიძლება ეს ოთხი მილიონიც გაიზარდოს და დანაშაულში მონაწილე პირთა რიცხვიც. აშშ-ის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქიდან, პრიიტ ბჰარარამ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 37 პირს ფედერალურ დონეზე წაუყენეს ბრალდება. ცხრა ადამიანი ნიუ-იორკში დააკავეს 30 სექტემბერს, ერთი კი - პიტსბურგში. ათი ეჭვმიტანილი უფრო ადრე დააპატიმრეს, 17-ს ეძებენ. ბჰარარა განმარტავს:

„საქმეში გადის ათეულობით ბრალდებული, რომლებიც, ჩანს, აშშ-ის ბანკებიდან მილიონობით დოლარის მოპარვაში დახმარებას უწევდნენ აღმოსავლეთევროპელ ჰაკერებს. ისინი იყენებდნენ დანაშაულებრივ საკომპიუტერო პროგრამას, რომელიც დაუცველ კომპიუტერში „ტროას ცხენის“ პრინციპით მოქმედებს. პროგრამა, რომელსაც მსოფლიოში „ზევსის ტროას ცხენის“ სახელით იცნობენ, სხვათა შორის, საშუალებას აძლევდა დამნაშავეებს ეთვალთვალათ საბანკო ანგარიშების მფლობელთათვის, მოეპოვებინათ მათი საბანკო ინფორმაცია და შემდეგ ფული მოეპარათ.“

საკუთრივ ნიუ-იორკში მანჰეტენის ოლქის პროკურორმა საირუს ვეინსმა 36 ბრალდებულზე ილაპარაკა:

„ბრალდებულთა ნაწილი აშშ-ში ჩამოვიდა საგანგებოდ, უკვე ამ დანაშაულში მონაწილეობის მისაღებად. ნაწილი კი გადაბირებული იქნა, როცა ისინი დროებით სამუშაოს ეძებდნენ ინტერნეტში, გაზეთებში. ამ მეთოდის გამოყენებით, ითქვა სასამართლოს წინაშე, 34 დადგენილ პირს მოჰპარეს 850 ათასი დოლარი. მათ უმეტესობას „ჯეი პი მორგან ჩეის ბენკში“ ჰქონდა ანგარიშები.“

გამოძიება გრძელდება, ამიტომ პროკურორები საქმის დეტალებს, თუ რომელ ქვეყანასთან რა დონეზე ახერხებდნენ ამერიკელი სამართალდამცავები თანამშრომლობას, ჯერ ვერ ამხელენ. ცნობილი გახდა ის, რომ ზოგიერთმა ეჭვმიტანილმა მოასწრო აშშ-ის დატოვება.

ანალოგიური დანაშაული მოხდა ბრიტანეთში, სადაც ასევე სექტემბრის ბოლოს, ამავე „ზევსის“ ტიპის პროგრამის მეშვეობით ათი მილიონის მოპარვის გამო 19 პირი დააკავა პოლიციამ. ახლა ამერიკელი და ბრიტანელი სამართალდამცავები თანამშრომლობენ, იმ ვარაუდით, რომ ორი საქმე შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული.

ამერიკელმა პროკურორმა განმარტა, რომ „ზევსის ტროას ვირუსი“ აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნა. მისი გამოყენება იგეგმებოდა აშშ-ში, სახელმწიფო და მცირე ბიზნესის ოფისების კომპიუტერებში. ვირუსი კომპიუტერებში ელექტრონული წერილების გზით აღწევდა. მიღებული წერილის გახსნის შემდეგ ვირუსი კომპიუტერში შედიოდა და მფლობელისთვის შეუმჩნევლად მოქმედებდა. კლავიატურაზე აკრეფილ პასვორდს და მისთანას ვირუსი არჩევდა და შემდეგ უკვე ინფორმაციას აღმოსავლეთ ევროპაში გზავნიდა. „ჯაშუში პროგრამა“ ამ გზით მოიპოვებდა ინფორმაციას, რომელიც საბანკო ანგარიშიდან სხვა საგანგებო ანგარიშებზე ფულის გადარიცხვის საშუალებას იძლეოდა.

კვლავ ბჰარარა: „არ არის იოლი მსხვერპლის საბანკო ანგარიშზე მოხვედრა და შემდეგ პირდაპირ ბანკიდან აღმოსავლეთ ევროპაში სქემის ავტორებისთვის ფულის გადარიცხვა. ისინი იყენებდნენ, როგორც ვუწოდებთ ხოლმე, „კიბერ- ჯორებს“. ეს პირები მოპარული ფულის მიღებას და შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში გადარიცხვას უზრუნველყოფდნენ.“

გამოძიება მას მერე დაიწყო, რაც ნიუ-იორკის პოლიციამ მიიღო საჩივარი „ბენკ ოფ ემერიკას“ ბრონქსის ფილიალიდან, სადაც ერთ-ერთი ანგარიშიდან 440 ათასი დოლარი დაიკარგა. გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ერთი ქურდობის უკან სისტემა იმალებოდა.
როგორც გამოძიებამ ახლა დაადგინა, ფულის აღმოსავლეთ ევროპაში გადატანას ოთხი პირი უზრუნველყოფდა, დანარჩენები მათი გადაბირებით იყვნენ დაკავებულნი. ბევრი მათგანი აშშ-ში საგანგებოდ იქნა ჩაყვანილი სქემაში მონაწილეობის მისაღებად, არაერთი მათგანი სტუდენტის ერთწლიანი ვიზით ჩავიდა იქ და შემდეგ ყალბი იდენტურობით ხსნიდა საბანკო ანგარიშს და მასზე ირიცხავდა მოპარულ ფულს,რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში გზავნიდა. ჯანის ფიდარსიკი, გამოძიების ფედერალური ბიუროს, „ეფ-ბე- აის“, ნიუ იორკის განყოფილების დირექტორის ასისტენტი გაფრთხილებას იძლევა:

„ჯორებს“ ყალბ პასპორტებს აძლევდნენ, რათა ამ საქმისთვის ანგარიშები გაეხსნათ. მათ იცოდნენ, რომ ფულს ქურდობაში დახმარების გაწევისთვის უხდიდნენ. თუკი აშშ-ში საქურდავად ჩამოხვალთ, აქ უფრო დიდხანს დარჩენა მოგიწევთ, ვიდრე ფიქრობდით, მაგრამ დარჩებით გისოსებს მიღმა.“

ბრალდებულებს, თუკი დანაშაული დაუმტკიცდათ, 10-დან 30 წლამდე პატიმრობა და მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG