Accessibility links

საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მეთაურობით, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სტამბულში, შავი ზღვის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის გარდა, ნიკა გილაური შეხვდა თავის თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოანს, ხოლო ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის აშენებას ითვალისწინებს. ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას თურქეთში, რომელიც ბოლო წლებში მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.

თურქეთში ვიზიტისას, გარდა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მონაწილეობისა შავი ზღვის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმში, სადაც მან ქვეყანაში გატარებულ ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა, ხელი მოეწერა შეთანხმებას ახალი ელექტროგადამცემი ხაზის აშენების შესახებ.

მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა, გარკვეული ხიფათი ყოველთვის არის ჩადებული. ყოველთვის ჯობია იყოს ბალანსი ...
ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობა 150 მეგავატიდან 1000 მეგავატამდე გაიზრდება. ეს კი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოდან თურქეთში განხორციელებული ექსპორტის მოცულობას. შესაბამისად, მოიმატებს საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებიც, რომელიც წლითიწლობით იზრდება: თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია აგერ უკვე მეხუთე წელია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ლია ძებისაურის განცხადებით, 2006 წლამდე მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო:

”2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე. ამის გათვალისწინებით, ექსპორტში პირველ ადგილზე გადაინაცვლა თურქეთმა, ხოლო იმპორტში ჯერჯერობით ისევ რჩებოდა რუსეთი. 2007 წლიდან - როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიხედვით -თურქეთი იყო პირველ ადგილზე.”

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2010 წლის იანვარაგვისტოში
თურქეთი 2010 წლის მონაცემებითაც ლიდერია სავაჭრო პარტნიორებს შორის და ამას, ძირითადად, თურქეთიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტის მოცულობა განსაზღვრავს. 2010 წლის პირველ ნახევარში თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის საერთო ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი კი მოკრძალებულია და იმპორტის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს. მაღალია თურქეთის ინვესტიციების მოცულობაც.

რისკები, რომლებიც თან ახლავს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი, მათ შორის გია ხუხაშვილიც, თურქეთთან არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში გარკვეულ რისკებს ხედავს:

”მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა, გარკვეული ხიფათი ყოველთვის არის ჩადებული. ყოველთვის ჯობია იყოს ბალანსი. ჩვენ უცხოური ინვესტიციები, რა თქმა უნდა, მოვიზიდოთ, მაგრამ ეს უცხოური ინვესტიციები როდესაც ხდება ერთპოლუსიანი, ეს აძლევს გარკვეულ საშუალებას ინვესტორ მხარეს, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით ეს გამოიყენოს პოლიტიკურ ინტერესებში. იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ეს რისკი ზოგადად არსებობს.”

ექსპერტის აზრით, რისკები შემცირდება, თუ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაბალანსდება, ანუ ექსპორტის მოცულობა იმპორტს მიუახლოვდება. მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის მიუხედავად, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ მეზობელ ქვეყანაში პროდუქცია ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე გაიტანონ, თუმცა თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის სიმცირეა. არადა, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თანახმად, მეზობელ ქვეყანაში ერთი მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტირებაა შესაძლებელი. საქართველოს კომპანიებს ამ შესაძლებლობის გამოყენება აგერ უკვე მეორე წელია არც კი უცდიათ.

საქართველო სრულფასოვნად ვერ იყენებს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს

მიზეზებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე საუბრობს:

”სამწუხაროდ, თუ ავიღებთ ღვინის კვოტას, ამ ეტაპზე ნაკლებად არის ათვისებული და ეს განპირობებულია იმით, რომ ძალიან ჭირს თურქეთის ბაზარზე ღვინის მარკეტინგი, იმიტომ რომ არატრადიციული პროდუქციაა მათთვის. და თვითონ თურქეთის ბაზარი დაკავებულია ადგილობრივი წარმოების იაფფასიანი ღვინით, ამიტომ ჩვენს მწარმოებლებს უჭირთ მარკეტინგის კუთხით თურქეთის ბაზარზე შესვლა.”

ამ პრობლემის შესწავლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა. რა შედეგს გამოიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩარევა, წლის ბოლოს ექსპორტის მონაცემების შეჯამებისას გამოჩნდება.

ჩვენ, ფაქტობრივად, აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად ვიქეცით აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიან გეოპოლიტიკურ კვანძად და ერთობლივად შევიძინეთ გარკვეული გეოპოლიტიკური ფუნქცია ...
სანამ ქართული წარმოება გაიზრდება და თურქეთთან ექსპორტი იმპორტის დაბალანსებას შეძლებს, მანამდე ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი იმპორტის დაბეგვრას მოითხოვს, მაგრამ ამ იდეასაც აქვს უარყოფითი მხარე. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტ დავით ებრალიძის აზრი ასეთია:

”თუ ჩვენ, გარკვეულწილად შიდა პროდუქციის დაცვის მიზნით, გარკვეულ საბაჟო გადასახადებს შემოვიღებთ ან გავზრდით, ერთი მხრივ, ეს კარგია იმით, რომ ადგილობრივ პროდუქციას უფრო მეტი ფასი დაედება. მეორე მხრივ, ცუდი ის აქვს, რომ ამით პროდუქციის ფასი გაიზრდება და მოსახლეობას უფრო ძვირის გადახდა მოუწევს.”

ამ დილემიდან თავის დაღწევა ისევ ადგილობრივი წარმოების განვითარებას უკავშირდება, ადგილობრივი წარმოებისა, რომლის ერთი დარგიც, მეღვინეობის სახით, უარს ამბობს თურქეთის ტურისტული ბაზრის მოთხოვნილებათა ათვისებაზე.

საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა

გაცილებით უფრო დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში თურქეთის ინვესტიციით შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები და გადამცემი ხაზები, საქართველო კი თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს. კარგადაა ცნობილი ორი ქვეყნის თანამშრომლობა გაზისა და ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების სფეროშიც. ამ თანამშრომლობას ჯანსაღს უწოდებს ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილი:

”ჩვენ, ფაქტობრივად, აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად ვიქეცით აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიან გეოპოლიტიკურ კვანძად და ერთობლივად შევიძინეთ გარკვეული გეოპოლიტიკური ფუნქცია. ელექტროენერგიის სფეროშიც არის გარკვეული თანამშრომლობა, რაშიც მე ნეგატივს ვერ ვხედავ.”

საქართველოს მთავრობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ასეთ თანამშრომლობას და თურქეთთან ერთად ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მუშაობენ. ახალ პროექტებში ინვესტირების საშუალებას კი თურქეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკა იძლევა, რომლის განვითარების ტემპი ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპს მიუახლოვდა და 2010 წლის მანძილზე 10 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG