Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის დღე, ღირსეული შრომისა და ანაზღაურების მოთხოვნით


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შრომის დღე 2 ოქტომბერს საპროტესტო აქციით აღნიშნა. დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის პრობლემები, რომლებიც სათავეს გაუმართავი შრომითი კოდექსიდან იღებს. ამ პრობლემების შესაბამისად, აქცია ისეთი მოთხოვნებით წარიმართა, როგორიცაა რეალური სოციალური დიალოგი, უმუშევრობის შემწეობის დაწესება, დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების გაზრდა, შრომითი უსაფრთხოების ტექნიკური ინსპექციის შექმნა და სხვ. ამ და სხვა პრობლემებზე სახელმწიფოებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთხელ მიმართა ქვეყნის მთავრობას წინადადებით, ოქტომბრის ყოველი პირველი შაბათი ოფიციალურად დაწესდეს შრომის დღედ.

თავად პროფკავშირების გაერთიანებამ ოქტომბრის პირველ შაბათს შრომის დღე უკვე მესამედ აღნიშნა. ”ღირსეული შრომის მსოფლიო დღე”, როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვის კიდევ ერთი საერთაშორისო დღე, მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციამ 2008 წელს დააწესა. იმავე წელს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის
გადაწყვეტილებით, შრომის დღის აღნიშვნას საქართველოშიც ჩაეყარა საფუძველი. ვინაიდან, პროფკავშირების შეფასებით, საქართველოში შრომა ღირსეული არ არის, შრომის დღის აღნიშვნის ერთადერთი ფორმა საპროტესტო აქცია შეიძლება იყოს:

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
”ეს არის ყველა მოქალაქისთვის მისაღები დღე, რათა ამ დღეს ხდებოდეს რევიზია იმ პრობლემებისა, იმ საკითხებისა, რომლებსაც დასაქმებული ადამიანები სვამენ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. წლების განმავლობაში დაყენებული ჩვენი ეს მოთხოვნები აქტუალობას არ კარგავს. მათი ნაწილი წყდება, მაგრამ ხარისხი ჩვენი ამ პრობლემების გადაწყვეტისა არ გვაკმაყოფილებს“, - გვითხრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.

უფრო კონკრეტულად კი, პროფკავშირები აპროტესტებს იმას, რომ, სამომხმარებლო ფასების მატების მიუხედავად, არ გაზრდილა მინიმალური ხელფასი, არაფერი შეცვლილა დეკრეტული ანაზღაურების სისტემის მოსაწესრიგებლად. პარლამენტს არ დაუწყია პროფკავშირების მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის დაწესებას ითვალისწინებს და სხვ.

” როგორც კი დაიწყო ფინანსური კრიზისი საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას შეეხო ეს, მაშინვე მყისიერი რეაქცია პროფკავშირების გაერთიანებისა იყო ის, რომ ჩვენ შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა გათავისუფლების შემთხვევებში კომპენსაციების გაზრდას დასაქმებულებისათვის და ასევე უმუშევრობის შემწეობის დაწესებას. თუმცა მოგახსენეთ უკვე, რომ, სამწუხაროდ, დღემდე არ განხილულა ცვლილება სახელმწიფოს მხრიდან. შრომის კოდექსში ეს დისკრიმინაციული დებულებები ისევ რჩება”, - განმარტავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი რაისა ლიპარტელიანი.

ოთხი წელია უხელფასო შვებულებაშია ჩვენი 160 თანამშრომელი. დაიწყო რემონტი ჯანდაცვის სამინისტრომ, მილიონ-ნახევარი გამოყო. სად წავიდა ეს თანხები? ...
ლიპარტელიანის თქმით, ძირითადი პრობლემები, რომლებსაც შრომით ურთიერთობებში ვაწყდებით, სწორედ 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსის დებულებებითაა განპირობებული. მათ შორისაა მხარეთა თანასწორობის იგნორირება, როდესაც დამსაქმებელს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შეუძლია სამსახურიდან გაათავისუფლოს დასაქმებული. კრიტიკას ვერ უძლებს ვერც შრომის ანაზღაურების მდგომარეობა.

”ვმუშაობთ სუფთა ინიციატივაზე, იმიტომ რომ მე წარმოვადგენ იაშვილის კლინიკას, სადაც ვმუშაობ 25 წელია. შევალიე მთელი ჯანმრთელობა ამ კლინიკის ფეხზე დადგომას, მაგრამ ხელფასი გვაქვს ისეთი მინიმალური... საშუალო ხელფასია 100- 140 ლარი. წარმოუდგენელი რაღაცაა”, - ამბობს იაშვილის კლინიკის ლაბორანტი ნანა ჩაჩუა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფკავშირების თავმჯდომარე დიანა ბაღათურია კი შრომითი ურთიერთობების დარღვევის კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას:

”ოთხი წელია უხელფასო შვებულებაშია ჩვენი 160 თანამშრომელი. დაიწყო რემონტი ჯანდაცვის სამინისტრომ, მილიონ-ნახევარი გამოყო. სად წავიდა ეს თანხები? ყველაფერი უხარისხოდ გაკეთდა. მერე გაყიდეს, ვითომ გაასხვისეს, შემოიყვანეს „ბლოკ-ჯორჯია“. არაფერი არ გაკეთდა. ახლა ჩამოართვეს იმას. გაურკვეველ სიტუაციაში ვართ.”

საქმე, იძულებით მოცდენის, სახელფასო დავალიანებისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

შრომის დღეს საპროტესტო აქციაზე მოხდა ახალი დარგობრივი პროფკავშირების - ჟურნალისტთა პროფკავშირების - ერთგვარი პრეზენტაციაც. პროფკავშირებში გაწევრიანებული ჟურნალისტები კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდიან შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებულ პრობლემებს, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

შრომის დღეს აქციის მონაწილეებმა მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის სახელზე კიდევ ერთი, მორიგი წერილი გაგზავნეს, რომელშიც თავი მოუყარეს არსებულ პრობლემებს და მათზე სახელმწიფოებრივი რეაგირება მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG