Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


ქართული პრესა კვირის განმავლობაში რამდენიმე თემის გარშემო წერდა. ეს თემებია: ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნის შესაძლებლობა, წარმომადგენლობითი სახალხო კრება, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი.

2 ოქტომბრის პრესა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქარველოში ვიზიტს და ავღანეთში 4 ქართველი სამხედროს დაღუპვას ეხმიანება.

”რასმუსენის მთავარი მესიჯი” - ამ სათაურით ”რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, სადაც ვკითხულობთ: ”ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, კვლავ ძალაშია.” ამასთან, „რეზონანსი“ ნატოს გენერალური მდივნის რუსეთთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოყოფს. ”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რაც მათ აიღეს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით 2008 წელს. ვამბობ რა ამას, ჩემი ცალსახა მიზანი გახლავთ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება.”

ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტს კი ”საქართველოს რესპუბლიკა” შემდეგი სათაურით ეხმიანება: ”საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარავი!..” თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, „საქართველოს რესპუბლიკა“ ნაღმზე აფეთქებული სამხედროების გადმოსვენების ვადების შესახებ წერს. აქვე აღნიშნულია, რომ ერთი თვის წინ ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

”კვლავ წართმეული ჰექტარები. შიდა ქართლის ”დემარკაცია” 1982 წლის საბჭოთა რუკით” – ”რეზონანსი” რუსი სამხედროების მიერ ომის შემდგომი ”საზღვრის” შეცვლის მცდელობას ეხმაურება. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ”რეზონანსს” უთხრა: ”ის, რაც შიდა ქართლში ხდება - რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევა - მათ მიერ კარგად აპრობირებული მეთოდია. მათ გადმოსწიეს საზღვარი, თუმცა რუსულ ჯარებს დისლოკაციის ადგილი არ შეუცვლიათ. რუსული მხარის მიზანია, ოკუპირებული რეგიონის ირგვლივ ტერიტორიები მოსახლეობისგან დაცალოს და ბუფერული ზოლი შექმნას.”

ამ საკითხს, ”რეზონანსის” გარდა, ”ვერსიაც” ეხმაურება და მკითხველს სთავაზობს რეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან.
”იწყება ახალი მართლმსაჯულება” – ”24 საათი” სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლას ეხმაურება: ”დღეიდან საქართველოში სრულიად ახალი სამართალწარმოება იწყება და ის თავიდან ბოლომდე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე იქნება დამყარებული“, ნათქვამია „24 საათის“ სტატიაში.

30 სექტემბრის ქართულ პრესაში ბევრს წაიკითხავდით „სახალხო წარმომადგენლობითი კრების" საინიციატივო ჯგუფის შეკრების შესახებ და გაეცნობოდით ასევე სპეკულაციებს ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსაყალიბებელი პარტიის შესახებ.

”რით ხსნიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები "სახალხო კრებაზე" არმისვლას?” - ამ სათაურის სტატიას აქვეყნებს 30 სექტემბერს „ალია“ და პუბლიკაციაშიც, ძირითადად, კრების მიმართ სხვადასხვა პარტიების ლიდერების დამოკიდებულებაზეა საუბარი. "ჩემთვის დღემდე გაურკვეველია ორგანიზატორების მიზნები, გეგმები და სქემა”, - უთხრა „ალიას“ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. კიდევ სხვა პოლიტიკოსების გამონათქვამებიც არის მოყვანილი „ალიას“ ამ სტატიაში.

„ალიაშივე“ ნახავდით სტატიას ირაკლი ოქრუაშვილის გეგმების შესახებ. ”ალიას" საქმეში ჩახედულმა წყარომ უთხრა, რომ ოქრუაშვილთან პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს და ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, როგორ მოხდება ახალი პარტიის ფორმირება. ერთადერთი, რაც დაბეჯითებით აღინიშნა, ის ყოფილა, რომ „ოქრუაშვილი პირველ ან 7 ნოემბერს, თავის დაბადების დღეს, მოახდენს ახალი პარტიის წარდგენა-პრეზენტაციას”.

29 სექტემბრის ”რეზონანსში” წაიკითხავთ იმის შესახებაც, თუ რატომ არ გაწევრიანდა თბილისის საკრებულოში შექმნილ ახალ ოპოზიციურ ფრაქციაში რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი. ის მიესალმება საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შექმნას და თვლის, რომ ”რაც უფრო მეტი ფრაქცია იქნება, მით უფრო გააქტიურდება საკრებულო”.

როგორც იქნა, მოგვადგა კარს 29 სექტემბერი, ”სახალხო კრების” მიერ გამოცხადებული თარიღიო, წერს გაზეთი ”ალია” და აქვეყნებს მცირე ინტერვიუს ”სახალხო კრების” ერთ-ერთ ლიდერთან, ნონა გაფრინდაშვილთან: ”ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად არ დაიღუპოს და არ ჩაიძიროს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. თუ საზოგადოება მართლა არ დადგა ფეხზე, მაშინ არაფერი გამოვა”, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ ”ალიასთან” საუბრისას.

ამასობაში კი ბურჯანაძე პრეზიდენტს გაეროს მოტყუებაში ადანაშაულებს, წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც სიღარიბის მაჩვენებელზე და ბიზნესის კეთების თავისუფლებაზე ისაუბრა. გაზეთი ”ახალი თაობა” წერს იმის შესახებაც, რომ ლეიბორისტები აფხაზებსა და ოსებთან დიალოგს იწყებენ და აქვეყნებს ინტერვიუს ლეიბორისტების ერთ-ერთ ლიდერთან, ნესტან კირთაძესთან.

ამ დღის პრესაში ბევრი იწერება ოპოზიციის გეგმების შესახებ. აი, პირველი გვერდების სათაურების ნაწილი: ”მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას”, ”რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი?”, ”რა შეცდომებს აღიარებენ და ვისით ჩაანაცვლებენ ალასანიას რესპუბლიკელები?”, ”შემოდგომა - სეზონის დასაწყისი და არა ჭირნახულის მოწევა. არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმები”, ”ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ” და ა.შ.

”რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი?” - ამ სათაურით ”ახალი თაობა” სოზარ სუბართან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი მას ეკითხება ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც თავად სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი მონაწილეობდნენ. სუბარი ამბობს: ”პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად თანხვედრი ვართ მთავარში - თუ არ ვიქნებით ერთად, მაშინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დამთავრება არის შეუძლებელი. ყველანაირი პიროვნული თუ სხვა ტიპის განსხვავება არათუ მეორე, არამედ მეათეხარისხოვანია.”

არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმებს ვრცელ სტატიას უძღვნის ”24 საათი”. გაზეთს სხვადასხვა პარტია თავის უახლოეს გეგმებს უზიარებს.

”ჩვენისთანა გონივრული განა არის სადმე ეჭვი?!” - ასეთი სათაურით პუბლიკაციას ”კვირის პალიტრა” სთავაზობს მკითხველს და პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე წერს. დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: ”ყველას კარგად ესმის ამ კანონის ანეკდოტურობა, მაგრამ სასაცილოდ სულაც არ გვაქვს საქმე. ამ კანონით ხელისუფლებისთვის არასასურველ ნებისმიერ პირს შეაჩერებენ, მერე დააკავებენ და მოგვიანებით, შესაძლოა, ბრალდებულადაც კი გამოცხადდეს მის ჯიბეში ”მყარი საგნის” აღმოჩენის გამო”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG