Accessibility links

დაღუპული ჯარისკაცების, ნატოს გენმდივნის სტუმრობისა და ჰამარბერგის მწვავე ანგარიშის კვირა


მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი

მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი

4 ქართველი ჯარისკაცის ავღანეთში დაღუპვის ამბავი 1 ოქტომბერს გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე 30 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ კონკრეტდება. ავღანეთის ყველაზე ცხელ და სახიფათო ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკელ სამხედროებთან ერთად ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში დაახლოებით 750 ქართველი ჯარისკაცია ჩართული. ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობის ინფორმაციით, ავღანეთში სულ 925 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და კონტინგენტის რიცხოვნებით საქართველო ათეულში შედის.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში უკვე 5 სამხედრო დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, საქართველოს ერთი წუთითაც კი არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ მისიის გაგრძელების საკითხი. როგორც 1 ოქტომბერს აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, პატარა საქართველოს ინტერესები გლობალური ინტერესების განუყოფელი ნაწილია და ქვეყანა თავის მეგობრებსა და საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად დგას, ანუ მათთან, ვისი დიდი დამსახურებითაც ”საქართველო აგრძელებს წარმატებულ განვითარებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა”:

”...ამიტომ, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთში ჩვენი ბიჭების თავგანწირვა ეს არის თავგანწირვა ასევე იმ გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვის, რომელიც აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას...”

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თბილისში სტუმრად მყოფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 1 ოქტომბერს სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და, ამასთანავე, მამაცობისა და თავგანწირვისთვის არაერთი მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებსა და მთელ ქართველ ხალხს. ითქვა, რომ ამით საქართველო ადასტურებს ალიანსისადმი მტკიცე მხარდაჭერას და რომ ურთიერთპასუხისმგებლობას ალიანსიც აცნობიერებს:

”შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასევე მტკიცეა ნატოს პასუხისმგებლობა საქართველოს მისამართით... უცვლელია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ - რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. ჩვენ მზად ვართ კვლავაც დაგეხმაროთ ამ პროცესში და სამოქალაქო რეფორმებში. მოხარული ვართ გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში და ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე თბილისში ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის გახსნაში. ეს წარმოადგენს ახალ წინგადადგმულ ნაბიჯს ნატოსა და საქართველოს პარტნიორობაში.”

ალიანსთან პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების პერსპექტივა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრინციპებზე დაყრდნობით განიხილება. და იქვე ანდერს ფოგ რასმუსენი ვალდებულებებს რუსეთსაც შეახსენებს:

”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას; ჩვენ მტკიცედ მივდევთ არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით და ასევე მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 6-პუნქტიან შეთანხმებაში ასახული თავისი ვალდებულებები.”

ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს იმასაც, რომ რუსეთთან დიალოგში ნატო მუდმივად აყენებს საქართველოსთან დაკავშირებული შეშფოთების საკითხს. თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ასევე პრიორიტეტულია ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან. გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ თუკი რუსეთი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორად იქცევა, ეს თანაბრად სასარგებლო იქნება როგორც ნატოსთვის, ასევე რუსეთისა და საქართველოსთვისაც. მხოლოდ მშვიდობიანი გზებითა და დიალოგის პროცესის გაძლიერებით წარმოუდგენია ანდერს ფოგ რასმუსენს კონფლიქტების სამომავლო გადაწყვეტაც.

2010 წლის 29 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობა რუსი ოკუპანტების მიერ შიდა ქართლში საქართველოს კონტროლქვეშ არსებული გარკვეული ტერიტორიების მითვისებასთან დაკავშირებით. თუმცა ოდნავ მოგვიანებით ძველი ცნობა ახლით შეიცვალა და მასში ნათქვამია, რომ ”რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" ჩატარება დაიწყეს.” სამინისტროს შეფასებით, ”ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები" მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას.”

ევროკავშირის დამკვირვებლები
ამ ინფორმაციის გადამოწმებას სწრაფად შეუდგა საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება შიდა ქართლის სოფლებში - ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, დიცში, არბოსა და კორდში - ჩატარებული სამუშაოს შედეგებს გვამცნობს. ირკვევა, რომ მისიის მეთვალყურეებმა ხუთიდან ოთხ სოფელში ვერ გამოავლინეს "საზღვრის დემარკაციასთან“ დაკავშირებული სამუშაოების ნაკვალევი. ”მიწაში ჩამაგრებული 4 თვითნაკეთი ფოლადის ნიშნულია” აღმოჩენილი მხოლოდ ერთ სოფელში - კერძოდ, დიცში - ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. სიტუაცია კვლავაც რჩება ევროკავშირის მეთვალყურეთა კონტროლზე. ”თუ დადასტურდა, რომ ეს არის ცალმხრივ დემარკაციაზე მიმართული პოლიტიკის ნაწილი, აღნიშნული ქმედებები მიუღებელი იქნება, რადგან ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, - აღნიშნულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე კვირის სიახლეს წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ეუთოს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ პროექტს დასთანხმდა. საუბარია ზონკარის წყალსაცავის აღდგენის გეგმაზე, რომელიც ეუთოს დახმარებით უნდა განხორციელდეს. მწყობრიდან გამოსული ობიექტი გორიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს და ეს ტერიტორია 2008 წლის ომამდე საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებაში იყო. წვიმების შედეგად, არაერთხელ შეიქმნა საშიშროება, რომ წყალსაცავიდან გადმოხეთქილი წყალი მიმდებარე საცხოვრებელ სახლებს დატბორავდა. როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარემ ბოლატ ნურგალიევმა აცნობა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას ”ეხო კავკაზას”, პროექტის განხორციელებაზე თანხმობა მიღებულია როგორც თბილისის, ასევე ცხინვალის მხრიდანაც. ეუთოს ყაზახეთის თავმჯდომარეობის საგანგებო წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარე თვეში დაიწყება. დასაფინანსებლად საჭირო 300 ათასი ევრო ეუთოს ევროკავშირმა გამოუყო.

ასევე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას უკავშირდება მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელსაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი აწერს ხელს. მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში ”საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიების მონიტორინგის” შედეგებს ასახავს. თავიდანვე ვთქვათ, რომ ანგარიში საერთაშორისო რანგის ორი ექსპერტის მიერ ჩატარებულ დაახლოებით 3-თვიანი სამუშაოს შედეგებს ეყრდნობა და ის მეტად მწვავე აქცენტებს მოიცავს.

ექსპერტებს დაკარგულთა საქმეების არა გამოძიება, არამედ გამოძიების კონტროლი დაევალათ და, როგორც თომას ჰამარბერგი გვამცნობს, დავალებათა ჩამონათვალში შედიოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 ოსისა და 5 ქართველის საქმე, ესენი არიან: ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი, სოლტან პლიევი და რადიკ იკაევი - ოსური მხრიდან და გიორგი რომელაშვილი, ზაზა ბირთველაშვილი, ოთარ სუხიტაშვილი, გიორგი ანწუხელიძე და კახა ხუბულური - ქართული მხრიდან. დაკარგული ქართველების თაობაზე ანგარიშში ბევრი არაფერია ნათქვამი. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ 2 მათგანთან დაკავშირებით ოსურმა მხარემ ექსპერტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ხოლო დანარჩენი სამი, სავარაუდოდ, ტანკის აფეთქების დროს დაიღუპა და მათი ცხედრების ამოცნობა ძნელი იქნებოდა.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი
სამაგიეროდ, ჰამარბერგის ანგარიშში განსაკუთრებით ვრცლად არის წარმოდგენილი ოსი ეროვნების სამი ახალგაზრდის - ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევის და სოლტან პლიევის საქმის დეტალები. ცოცხლები ისინი ბოლოს 2008 წლის 13 ოქტომბერს ნახეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ”ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2008 წლის 13 ოქტომბერს ხაჩიროვი, ხუგაევი და პლიევი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დააკავეს და ქართველმა სამართალდამცველებმა ციხეში გადაიყვანეს”. ჰამარბერგის ანგარიში ასევე მიუთითებს არაერთ სერიოზულ დარღვევაზე, რაც ქართული მხარის სათვალავზე მოდის. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი ციტატა:

”ექსპერტები განსაკუთრებით განაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად სერიოზული ეჭვების არსებობისა იმის თაობაზე, რომ ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის გაუჩინარებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ხელი ერია, თითქმის არანაირი ზომები არ იყო მიღებული დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად.”

თომას ჰამარბერგის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ”ცალმხრივს” უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი. ”ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ხალხის გაუჩინარებაში ქართველი პოლიციელების ხელი ურევია”, - უთხრა უტიაშვილმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას ”ეხო კავკაზას”. მისი თქმით, ქართული მხარე ანგარიშმა იმედგაცრუებული დატოვა, რადგანაც ვერაფერი ახალი ვერ შეიტყო გაუჩინარებულ ქართველებთან დაკავშირებით, მაშინ როცა ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს კომისარს ასეთთა მთელი სია გადასცა. იმედგაცრუება იმითაც არის გამოწვეული, რომ, როგორც შოთა უტიაშვილი ამბობს, ჰამარბერგმა არ გამოიჩინა სათანადო მონდომება ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველების გათავისუფლების საქმეში.

მიმოხილვის დასასრულს გადავხედოთ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებას. მიმდინარე კვირაში ყურადღება, ძირითადად, ისევ კონსტიტუციის ახალ პროექტზე იყო კონცენტრირებული. პროექტი, რომელიც კვლავაც სადავო თემად რჩება და რომელსაც რამდენიმე საპროტესტო აქცია მიეძღვნა, პარლამენტმა 1 ოქტომბერს მეორე მოსმენით განიხილა. ამ განხილვას კი წინ უსწრებდა საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა საგანგებო შეხვედრა. შეთანხმება მიღწეულია, მაგალითად, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი ვერ შეითავსებს პარტიულ თანამდებობას. ხსენებული კონსულტაციის შედეგები 1 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე თავად იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა შეაჯამა:

საქართველოს კონსტიტუცია
„შენარჩუნებულია ორგანული კანონის ინსტიტუტი, ჩამონათვალს დაემატა შრომის კანონთა კოდექსი. შემდეგი შესწორება ისაა, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება საკანონმდებლო ინიციატივა და, შესაბამისად, აღარ იარსებებს საპრეზიდენტო ინიციატივის რიგგარეშე განხილვის წესიც. ასევე მთავრობა მონაწილეობას მიიღებს გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების დანიშვნაში; გაიმიჯნა და დაზუსტდა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობის სფეროში და ასევე შემოვიდა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე.“

უმრავლესობა და უმცირესობა ვერ თანხმდებიან მთავრობისათვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების ვადებთან დაკავშირებით. ოპოზიცია უკმაყოფილოა იმით, რომ პროცედურები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაჭიანურდეს. იგივე ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებულ არგუმენტად ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნას იშველიებს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი გაბაშვილი კი ამბობს, რომ ”ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული ვერც ერთი მოსაზრება წერტილს ვერ დაუსვამს დისკუსიას საქართველოს პარლამენტში”, რადგანაც სუვერენული ქვეყანა გადაწყვეტილებებს თავად იღებს.
XS
SM
MD
LG