Accessibility links

თბილისის თეატრალურ ფესტივალს, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა, ძალზე ორიგინალური სტრუქტურა აქვს: ფესტივალი საერთაშორისოა, მაგრამ იხსნება ქართული სპექტაკლებით; შემდეგ ეგრეთ წოდებული ”ქართული კვირა” სრულდება და საქართველოს დედაქალაქში უცხოური დასები ჩამოდიან. თუმცა უცხოელი თეატრალები, განსაკუთრებით კრიტიკოსები, ქართული სპექტაკლების მიმართაც იჩენენ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, მე არაერთი უცხოელი ვნახე 30 სექტემბერს ფიქრის გორაზე, თეატრ ”ვერიკოში”, სადაც ანდრო ჭიაურელისა და ნიკუშა შენგელაიას სპექტაკლი, მაქს ფრიშის ”ბიოგრაფია” უჩვენეს. საათნახევრიანი წარმოდგენა ინგლისური სუბტიტრებით გათამაშდა, ამიტომ უცხოელ სტუმრებს სპექტაკლის აღქმის პრობლემა არ ჰქონიათ... ”სუბტიტრები სად? სცენაზე?” - იკითხავთ, ალბათ... არა, სუბტიტრები ეკრანზე. თეატრ ”ვერიკოს” პატარა სცენაზე ეკრანია დამონტაჟებული, მაგრამ ამ ეკრანზე მხოლოდ წარწერები როდი ჩნდება: ეკრანზე ვხედავთ სპექტაკლის გმირს, ”ბიოგრაფიის” ავტორის მეორე მეს, ერთგვარ დემიურგს (მას აჩიკო სოლოღაშვილი განასახიერებს), რომელიც ეკრანიდან მიმართავს პიესის პერსონაჟების - მამაკაცისა და ქალის (ამ როლებს ზურაბ ინგოროყვა და ნინო ბურდული თამაშობენ) - მანიპულაციას.

„თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ამეწყო ცხოვრება,“ – ამბობს მამაკაცი მას შემდეგ, რაც გაიაზრებს, რომ მისი ურთიერთობა ცოლთან კრიზისში შედის. ამ თამაშის წამყვანი, ავტორის ”მეორე მე” თუ რეჟისორი (ასეც შეიძლება გავიგოთ), რომელიც ეკრანიდან დგამს პიესას, ერთვება თამაშში, მაგრამ სიყვარულის გადარჩენა შეუძლებელი ხდება.

ძალიან საინტერესოა ამ სპექტაკლში ეკრანისა და სცენის, თეატრისა და კინოს დიალოგი. მით უფრო ეფექტურია ეს დიალოგი თეატრ „ვერიკოს“ პატარა სცენაზე, სადაც საშუალება გაქვს, ასე ვთქვათ, ”თვალებში შეხედო” მსახიობებს, რომლებიც მართლაც ისე თამაშობენ, როგორც კინოში - ყოველგვარი ხაზგასმული ჟესტისა და მიმიკის გარეშე. ეკრანზე დროდადრო ჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს ზურაბ ინგოროყვას გმირის ბიოგრაფიაში, მაგრამ ეს უფრო ლანდებია, რომლებიც წარმოსახვის სამყაროს გამოხატავენ - წარმოსახვა და რეალობაც იკვეთება და უკვე ძნელი ხდება გარკვევა, სადაა რეალობა და სად მოგონილი თუ ხილული სამყარო. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რამდენი ნიუანსი აქვს ორი ადამიანის ურთიერთობას და როგორ შეიძლება ნელ-ნელა დაიბადოს კრიზისი სიყვარულში.

მოკლედ, ყველაფერი გადაკვეთაზეა აგებული - პიესის შინაარსშიც და მის გადაწყვეტაშიც. ეკრანთან ეს ურთიერთობა - ისევე როგორც ნებისმიერი ურთიერთობა, შეჯახება, კონფლიქტი - მხატვრული სახის შექმნის პირობაა. ეს სახე წარმოიშობა არა ეკრანზე და არა სცენაზე, არამედ ჩვენს წარმოსახვაში. თეატრისა და კინოს ამ ”შეჯახებაში” დროდადრო ირონია იბადება. მსახიობების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინიც მშვენივრად ახერხებენ ამ ფარული ირონიის გამოხატვას. საერთოდ, კარგი მსახიობები არიან. ასეთ სპქეტაკლს არ სჭირდება დეტალებით გადატვირთვა, სტილს თავად მსახიობები ქმნიან.

ფრაზები, ჟესტები სპექტაკლში ხშირად მეორდება, თუმცა მათ განუწყვეტლივ განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ, რადგან კონტექსტი იცვლება. ეს განმეორება მოსაწყენს ხდის ადამიანთა ურთიერთობას, მაგრამ არა წარმოდგენას.ძალიან ძნელია შექმნა მოწყენილობის, უკონტაქტობის, ერთფეროვნების სახე და თავად წარმოდგენა არ გადააქციო მოსაწყენ სანახაობად, არ გაწყვიტო კონტაქტი მაყურებელთან. არ ვიცი, როგორ დგამენ მაქს ფრიშის ამ ნაწარმოებს სხვა თეატრებში, მაგრამ მგონია, რომ ეკრანისა და სცენის ეს თამაში-ურთიერთობა, პირველ რიგში, სახალისოს ქმნის წარმოდგენას და მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. ანდრო ჭიაურელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონოტონურობა მართლაც არის პიესაში, მაგრამ, ამავე დროს, ისეა დაწერილი, რომ სრულ თავისუფლებას აძლევს ავტორს. უფრო მეტიც - მაყურებელსაც ანიჭებს თავისუფლებას.

”ძალიან პესიმისტური წარმოდგენა გამოვიდა”, - ვუთხარი ანდრო ჭიაურელს ჩვენი საუბრის დასასრულს. მაგრამ ”ბიოგრაფიის” რეჟისორი არ დამეთანხმა: ”ადამიანები აქ სიყვარულის გადარჩენას ცდილობენ, ე.ი. მთლად პესიმისტური არ არისო”.

სიყვარულის გადარჩენა... და კინოსა და თეატრის გადარჩენა! - ასე ვიტყოდი მე თეატრ ”ვერიკოს” წარმოდგენაზე... კრიზისში მყოფი ხელოვნებაც გადარჩება მხოლოდ მაშინ, როცა თავისი ვიწრო სივრციდან გამოვა და რაღაც ახლით გამდიდრდება. ესაა სწორედ გააზრებული ანდრო ჭიაურელისა და ნიკუშა შენგელაიას სპექტაკლში... ასე რომ, თბილისის თეატრალური ფესტივალი, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად დაიწყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG