Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი ისევ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის მიღებას მოითხოვს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენლებმა - პიერ მორელმა, ბოლათ ნურგალიევმა და ანტი ტურუნენმა - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგი შეათანხმეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში ბორის ჩოჩიევმა დისკუსიის თანათავმჯდომარეები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოსური მხარის პოზიცია ხშირად გაუზიარებელი რჩება. ჩოჩიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილთა დაბრუნების შესახებ მიღებული რეზოლუციაც გააკრიტიკა. მისი აზრით, დევნილთა დაბრუნება იმ დრომდე არ მოხდება, ვიდრე ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ჩოჩიევი ამ საკითხის დასმას ჟენევის შეხვედრის დროსაც შეეცდება.

ევროპელმა დიპლომატებმა ცხინვალში შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ გააჩნია და, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. მათი აზრით, ასევე უნდა აღდგეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიც. ბოლო შეხვედრებზე ოსური მხარე მუდმივად ითხოვს ხელი მოეწეროს დოკუმენტს ცეცხლის განუახლებლობისა და ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, მაგრამ მხარეები ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ასევე დიდი ხანია ცნობილია ქართული მხარის პოზიციაც. კოკოითის ხელისუფლებასთან ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერას არავინ აპირებს. ასეთ საკითხზე კონსულტაციების გამართვა მხოლოდ რუსულ მხარესთან არის შესაძლებელი. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ამას წინათ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ქართული მხარე მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას უკვე მეორე წელია ასრულებს. იგი რუსულ მხარესაც შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

ჟენევაში მხარეები განიხილავენ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ანგარიშსაც, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესს ეხება. ეს ანგარიში მოამზადა ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომლებიც დაკარგულებს ეძებდნენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ჟენევის დისკუსიის მე–13 რაუნდი 13–14 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG