Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არაჰუმანური განაჩენების რიცხვი არ იკლებს


არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა სპეციალური მიმართვა, რომლითაც აპროტესტებს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენს და აცხადებს, რომ ის არაკანონიერი, არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანურია. განაჩენი 25 სექტემბერს ჯერ კიდევ შარშან ტექნიკურ უნივერსიტეტთან მომხდარ შელაპარაკებაში დაჭრილ სტუდენტებს გამოუტანეს და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დანაშაული მძიმე არ არის, უმკაცრესი განაჩენის გამოტანას არ ერიდება და ხშირად ადამიანის მკვლელობისა და, მაგალითად, მობილურის ქურდობისათვის ერთნაირად სჯის ბრალდებულებს. ცენტრის დირექტორი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურისადმი სასამართლოს მონური მორჩილების ტენდენცია, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოში, კვლავაც გრძელდება და ეს განაჩენი ადასტურებს, რომ „სასჯელის ლიბერალიზაცია“, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ხშირად ლაპარაკობდნენ, მხოლოდ მითია. რეალურად კი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებით, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს „შერჩევითი სამართალი“ და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის გამოც საპატიმროები არაადეკვატურად დასჯილი მოქალაქეებით არის გადავსებული : ”ეს ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში დახვრეტილი ბუტა რობაქიძის მკვლელებს 4 წელი მიუსაჯეს და მათ ამდენიც არ მოუხდიათ.”

მოკლედ გეტყვით ამბავს: 2009 წლის ოქტომბერში ახალგაზრდების ორ ჯგუფს შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც რამდენიმე მათგანის დაჭრით დასრულდა. პასუხისგებაში მისცეს ერთ-ერთი სტუდენტი, ლევან აბაშიძე, რომელსაც დანა ეჭირა. რამდენიმე თვეში კი, 2010 წლის 5 იანვარს, დააკავეს დაზარალებული, კერძოდ, დაჭრილი სტუდენტებიც. 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ნიკა ბერუაშვილს, ზაზა შავლიაშვილს, საბა მღვდელაძეს, ვასილ გიგუაშვილსა და ბადრი მიქატაძეს. მათ ბრალად ედებოდათ 2009 წლის 13 ოქტომბერს ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირდა ხულიგნობად - სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ პუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

ადვოკატი დავით დეკანოიძე ამბობს, რომ პროკურატურამ და სასამართლომ ხულიგნობა და მოგერიება ერთმანეთში აურია:
”უხეშად უგულებელყვეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმა, ანუ 28-ე მუხლით დადგენილი წესი, და სტუდენტები, რომლებიც თავს იცავდნენ დ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ხულიგნობისათვის გაასამართლეს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი დანაშაულისათვის, მაშინ როცა ეს ახალგაზრდები ერთმანეთს მანამდე საერთოდ არ იცნობდნენ.”

ერთ-ერთი პატიმრის, საბა მღვდელაძის, მამას, თენგიზ მღვდელაძეს, სხვა ეჭვი აქვს:

”ბავშვები დაჭრეს, ძლივს გადარჩნენ. გადის რამდენიმე თვე, პროკურატურას ექმნება პრობლემები ნამდვილ დამნაშავეებთან და, საქმე რომ დამთავრდეს და დაიხუროს, იჭერენ ჩვენებს, დაზარალებულებს.”

რატომ არის ასე მკაცრი სასამართლო და რამდენად საფუძვლიანია უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტი? არის თუ არა საქართველოში ისეთი რთული კრიმინოგენური ვითარება, რომ ყველა დამნაშავე ერთნაირი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს? ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში ბესარიონ ბოხაშვილი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები იმავე ევროპულ ქვეყნებში, როდესაც სახელმწიფომ, იმის გამო, რომ კონკრეტულმა დანაშაულმა იმატა, პასუხისმგებლობის დონე გაზარდა, თუმცა წესები იცვლებოდა ვითარების უკეთესობისკენ შეცვლისთანავე. საქართველოში, ბოხაშვილის შეფასებით, სასამართლოს ხშირად გამოაქვს არაადეკვატური განაჩენი:

”მოპარული ტელეფონის მყიდველს გირაოს სახით 170 000 ლარი რომ შეუფარდეს, მაშინ როდესაც მისი ოჯახის სრული შემოსავალი 600 ლარს არ აღემატებოდა, ეს იყო აბსოლუტურად დისპროპორციული გადაწყვეტილება. მაგრამ ერთია წინასწარი პატიმრობისა და გირაოს შეფარდების დროს არაპროპორციულობა და მეორეა მსჯავრის დადების დროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონში აღნიშნულია სახელმწიფოს დისკრეცია, ანუ ეს თვითნებურად არ ხდება, კანონი არეგულირებს, ხოლო რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, აქ სერიოზული პრობლემები გვაქვს. მაგალითად, თუ უზენაესი სასამართლოს სტატისტიკას გადავხედავთ, მაშინ, როდესაც გამოძიება სასამართლოს წინაშე შედის შუამდგომლობით, რომ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს, 95%-ზე ნაკლები - დაკმაყოფილებას ვგულიხსმობ - ბოლო წლებში, უბრალოდ, არ ყოფილა.”

”ადამიანის უფლებათა ცენტრი” კი სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განაჩენის გადახედვისაკენ მოუწოდებს და ასევე მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნული საქმის განხილვას, რომელიც ცოტა ხანში სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG