Accessibility links

logo-print

ფერვეზ მუშარაფი პაკისტანის „წყვდიადიდან გამოსაყვანად“ იბრძოლებს


პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, მომავალ არჩევნებში გამარჯვებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. ლონდონში მყოფმა ფერვეზ მუშარაფმა საკუთარ სამომავლო გეგმებზე რადიო თავისუფლებას სატელეფონო ინტერვიუში უამბო.

პაკისტანში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს გაიმართება, თუმცა ამჟამად ლონდონში მცხოვრები ფერვეზ მუშარაფი პაკისტანში „ტრიუმფალურ დაბრუნებას“ უფრო ადრე გეგმავს. მისი თქმით, მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტია პაკისტანში „ახალ პოლიტიკურ კულტურას“ დაამკვიდრებს. „სრულიად პაკისტანის მუსლიმანური ლიგა“ სჭირდება პაკისტანს, რომელიც ამაჟამად „სიბნელეში“ იმყოფებაო, ამბობს ფერვეზ მუშარაფი.

„მე ჩამოვაყალიბე ახალი პარტია, რადგან პაკისტანის პოლიტიკურ ლანდშაფტში მე ვერ ვხედავ სხვა რომელიმე პარტიას, რომელიც შეძლებდა ქვეყანა გამოეყვანა იმ „წყვდიადიდან“, რომელშიც იგი ამჟამად იმყოფება.“

პაკისტანის პოლიტიკურ არენაზე მუშარაფი 1999 წელს გამოჩნდა. იმავე წლის ოქტომბერში იმ ოფიცერთა ჯგუფმა, რომლებიც პაკისტანის არმიის სარდლის, ფერვეზ მუშარაფის ერთგულები იყვნენ, გადაწყვიტეს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ ქვეყნის არჩეული სამოქალაქო პრეზიდენტის ნავაზ შარიფის წინააღმდეგ. ქაშმირის მიზეზით ინდოეთთან მომხდარი კონფლიქტის გამო შარიფმა გადაწყვიტა თანამდებობიდან გადაეყენებინა მუშრაფი. სისხლისმღვრელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოს 9 წლის განმავლობაში მართავდა. ოპონენტები მუშარაფს დემოკრატიიდან გადახვევას, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მართვის კორუფციული სისტემის ჩამოყალიბებაში სდებენ ბრალს. ზოგი იმასაც შეახსენებს, რომ მაშინ, როცა დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის დემონსტრირებას ახდენდა, მუშარაფმა მშვიდად მისცა თავშესაფარი თალიბანისა და ალ ყაიდას მეამბოხეებს.

პირველ ოქტომბერს, როდესაც ლონდონში უამრავი ტელეჟურნალისტის წინაშე თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა, მუშარაფმა განაცხადა, ბოდიშს ვუხდი მთელ ერს იმის გამო, რომ ზოგიერთ ჩემს გადაწყვეტილებას უარყოფითი პოლიტიკური შედეგი ჰქონდაო.

როგორც მუშარაფმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთ ნაბიჯად მიაჩნია 2007 წლის ნოემბერში უზენაესი სასამართლოს დათხოვნა და საგანგებო სიტუაციის შემოღება:

„ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა იყო კანონიერი, შესაძლოა იყო კონსტიტუციური, მაგრამ ამან გამოიწვია არეულობები, ნეგატიურად იმოქმედა სახელმწიფოზე და ეს გადაწყვეტილებებია ის, რისთვისაც მე ახლა ბოდიშს ვიხდი.“

თუმცა მუშარაფი გადაჭარბებულად მიიჩნევს მტკიცებას, თითქოს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აძნელებდეს მეამბოხეების არსებობა პაკისტანში. პრობლემა ავღანეთია, სადაც „არასაკმარის ძალისხმევას იჩენენ ამ მიმართულებითო“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფერვეზ მუშარაფმა.

„ისინი, თალიბები, შესაძლოა გადასულიყვნენ პაკისტანში, შესაძლოა ეპოვათ თავშესაფარი პაკისტანში. მათ აქვთ იქ მხარდაჭერა. თალიბანი იმყოფება პაკისტანის მთიან რაიონში, მაგრამ თალიბების მთავარი ძალა კონცენტრირებულია ავღანეთში. არასწორი წარმოდგენა ყალიბდება, თითქოს პრობლემა პაკისტანში იყოს. თუ თქვენ გაიმარჯვებთ ავღანეთში, მაშინ პაკისტანშიც გაიმარჯვებთ, მაგრამ თუ პაკისტანში გაიმარჯვებთ, არა მგონია, ამით გამარჯვებას ავღანეთშიც მიაღწიოთ.“

რაც შეეხება ფერვეზ მუშარაფის გეგმას, ლონდონში მყოფ პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუ როდის აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ თავდაპირველად თავის მიერ შექმნილი ახალი მოძრაობის - „სრულიად პაკისტანის მუსლიმანური ლიგის“ - გაძლიერებას გეგმავს. „მე არ ვაპირებ პაკისტანში სხვების დაუხმარებლად, მხოლოდ საკუთარ ორ ფეხზე მტკიცედ მდგარი დავბრუნდეო“, - განუცხადა ფერვეზ მუშარაფმა ჟურნალისტებს. ყოფილ პრეზიდენტს ალბათ პაკისტანის პოლიტიკური სპექტრის დიდი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. მის იმედგაცრუებულ ყოფილ მოკავშირეებზე რომ არაფერი ვთქვათ, პაკისტანის პოლიტიკური წრეები და პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა სასტიკად ეწინააღმდეგება ფერვეზ მუშარაფის პოლიტიკაში ხელახლა დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG