Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა ყოფა კვლავაც მძიმეა


დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები კვლავაც რთულია
დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები კვლავაც რთულია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა საპარლამენტო კომისიამ სახალხო დამცველის ანგარიშის ის ნაწილი მოისმინა, რომელშიც დევნილთა მდგომარეობაა ასახული. გიორგი ტუღუშის მოხსენებიდან გაირკვა, რომ დევნილთა მნიშვნელოვან ნაწილს კვლავაც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. განსაკურებით მძიმეა 90-იანი წლებისა და კერძო სექტორში განსახლებული დევნილების მდგომარეობა. სახალხო დამცველის შეშფოთებას ასევე იწვევს დევნილთა კოლექტიური განსახლების ცენტრებში არსებული პირობები. როგორ ცხოვრობენ დევნილები საქართველოში და რას აკეთებს მთავრობა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

მონიტორინგის დროს გამოკითხული ოჯახების 48 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს...
საქართველოში მცხოვრები დევნილები პირობითად ორ კატეგორიად - ახალ და გასული საუკუნის 90-იანი წლების დევნილებად იყოფიან. გიორგი ტუღუშის თქმით, შედარებით მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ ის დევნილები აფხაზეთიდან, რომლებიც მიმდინარე წლის ზაფხულში იძულებით გამოასახლეს წლების წინ კანონის დარღვევით დაკავებული ობიექტებიდან.

სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი გამოსახლების პროცესი, თუ როგორი დარღვევებითა და, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა იგი. გიორგი ტუღუშმა ნახევარსაათიანი გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა იმ სავალალო პირობებზე, რომელიც კოლექტიური ჩასახლების ობიექტებშია შექმნილი. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში საქმეს ვერ შველის სარეაბილიტაციო სამუშაობები:

„კოლექტიური ცენტრების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და არ აკმაყოფილებს ადეკვატური ცხოვრებისთვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. მონიტორინგის დროს გამოკითხული ოჯახების 48 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ხშირ შემთხვევაში რეაბილიტირებულ სახლებში შეინიშნება ბზარები, ნესტის ლაქები, კარების სახელურები დაზიანებულია, ფანჯრებიდან შემოდის წყალი.“

დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში
სახალხო დამცველის თითქმის ასგვერდიან ანგარიშს დეპუტატები წინასწარ გაეცვნენ. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშმა და მასში წარმოდგენილმა ფოტომასალამ აღაშფოთა:

„თუ იცით, რას წარმოადგენს ქუთაისში მდებარე კოტეჯი ნომერი ერთი? ვნახე ფოტოილუსტრაცია და ძნელად დასაჯერებელია, რომ იქ ადამიანი ცხოვრობდეს. ვიცი, რომ ბატონ კობა სუბელიანს დიდი გამოცდილება აქვს კინოლოგიაში და ამიტომ მინდა ვკითხო: იქ შეიძლება, არათუ ადამიანი, ძაღლი აცხოვრო? ეს არის 20 წლის წინ აგებული დროებითი ნაგებობა, ფიცრული, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მათ შორის -სველი წერტილები. არადა, იქ 35 ოჯახი ცხოვრობს.“

დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღფოთება ვერ დამალა წეროვანში, ეგრეთ წოდებულ საჩვენებელ დასახლებაში შექმნილი მდგომარეობის გამოც. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რაც უფრო მეტადაა ნაგებობა დაშორებული გზას, მით უფრო ნაკლებია მისი ხარისხი, შენობათა დიდი ნაწილი კი პირდაპირ მიწაზეა აშენებული. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გადაუჭრელია იმ ადამიანთა სტატუსის საკითხი, რომლებმაც კონფლიქტის ზონაში საცხოვრებელი სახლები დაკარგეს და, სხვა დევნილების მსგავსად, ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ემზარ გელაშვილის თქმით, ამ ადამიანების მდგომარეობა მართლაც მძიმეა, თუმცა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა მათ დასახმარებლად:

„შეურემონტა საცხოვრებელი სახლები, უსასყიდლოდ დაუმუშავეს სახნავ-სათესი, გადასცეს თესლი. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჩაიდგა კოტეჯები, უსასყიდლოდ გადაეცათ პირველადი მოხმარების საგნები და გაეცათ 800 დოლარის ერთჯერადი დახმარება.“

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის ყურადღება ასევე მიიპყრო საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ კომპენსაციების გაცემის პროცესის გაჭიანურებამ, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თამარ მარტიაშვილის თქმით, პროცესი არ შეჩერებულა და, საერთო ჯამში, 10 ათასი დოლარის კომპენსაცია 1900-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. მარტიაშვილის თქმით, ასევე წარმატებით მიმდინარეობს დევნილებისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი.

„პროცესი გვიანდება იმის გამო, რომ რეგიონებში მასიურად ხდება ობიექტების რეაბილიტაცია, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება დევნილთა ოჯახებთან ხელშეკრულებების გაფორმება და საჯარო რეესტრში ამ საკუთრების დაფიქსირება“, განაცხადა თამარ მარტიაშვილმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG