Accessibility links

logo-print

კანადის გამოძიების დასკვნით, ქუმარიტაშვილის სიკვდილი გამოცდილების ნაკლებობამ გამოიწვია


ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტო და სანთლები უისტლერში, კანადა 5 ოქტომბერი

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტო და სანთლები უისტლერში, კანადა 5 ოქტომბერი

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში მნიშვნელოვანი როლი მისმა ”შედარებითმა გამოუცდელობამ” ითამაშა, - ასეთია კანადის საგამოძიებო სამსახურის მიერ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული დასკვნის მთავარი აქცენტი. საუბარია 21 წლის ქართველ მოციგავეზე, რომელიც 2010 წლის 12 თებერვალს კანადის ქალაქ ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას დაიღუპა. რა რეაქციები მოჰყვა კანადის გამოძიების დასკვნას თბილისში?

კანადის პროვინციის - ბრიტანეთის კოლუმბიის - საგამოძიებო სამსახურის დასკვნამ, რომელიც ქართველი სპორტსმენის სიკვდილიდან 235 დღეში გამოქვეყნდა, საქართველოში გარკვეული უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა 5 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოთქვა ეჭვი, რომ 16-გვერდიანი საგამოძიებო დასკვნა ციგაობაში გაურკვეველი, არაკომპეტენტური პირის ჩატარებულია:

შეჯახება შედეგია ისეთი ფაქტორების ურთიერთქმედების, როგორიც არის მაღალი სიჩქარე, ტექნიკური სიძნელეები, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სტრესები ...
”... იმიტომ, რომ ყველა კომპეტენტურმა ორგანომ, ვინც გამოიძია მანამდე, - საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და ასე შემდეგ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში - ყველამ დადო დასკვნა, რომ სპორტსმენის კვალიფიციურობა არ იკვეთებოდა... ამ ფაქტის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა საციგაო სპორტის სახეობაში - დაწყებული ტრასიდან, დამთავრებული გარკვეული წესებით... მათ შორის, სიჩქარის მაქსიმალური ოდენობაც...”

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის შემდეგ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მართლაც გადაწყვიტა (და ეს 19 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის ხაზგასმული), რომ შემდეგ ოლიმპიადაზე, სოჭში, საციგაო ტრასა საათში 135 კმ-ზე უფრო მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. დაახლოებით სწორედ ასეთ სიჩქარეს ვარაუდობდნენ უისტლერის ტრასის დამპროექტებლებიც, თუმცა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ერთ-ერთმა სპორტსმენმა საათში დაახლოებით 153 კმ-იც კი განავითარა. დიდი ხანია დადგინდა ისიც, რომ რკინა-ბეტონის ბოძთან შეჯახებამდე 21 წლის სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა საათში დაახლოებით 145 კმ სიჩქარით მოძრაობდა.

კანადის გამოძიების დასკვნაში განვითარებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ, შესაბამისი მოსამზადებელი ვარჯიშების თანხლებით, თავისთავად ეს სიჩქარე დამღუპველი არ არის. თუმცა სიჩქარე საგამოძიებო დასკვნაში იმ ფაქტორების ჩამონათვალშია შეტანილი, რომელთა ერთობლიობამაც საბედისწერო შედეგი გამოიწვია. სიზუსტისთვის მოვიყვანოთ ციტატა საგამოძიებო დასკვნიდან:

”შეჯახება შედეგია ისეთი ფაქტორების ურთიერთქმედების, როგორიც არის მაღალი სიჩქარე, ტექნიკური სიძნელეები, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სტრესები, რამაც თავი იჩინა კრიტიკულ მომენტში და რამაც დათრგუნა სპორტსმენი. ამან გამოიწვია მისი მხრიდან ციგაზე კონტროლის შეუქცევადი დაკარგვა.”

ძალიან რთული ტრასა იყო და ყველას ჰქონდა პრობლემა. ერთი ვენესუელელი სპორტსმენი კანადიდან სამშობლოში კომაში მყოფი გადააფრინეს ...
საგამოძიებო დასკვნის მიხედვით, ფაქტორების ხსენებული ერთობლიობის მთავარ საყრდენად, რამაც ”უბედური შემთხვევა” გამოიწვია, თავად სპორტსმენის ”შედარებითი გამოუცდელობა” იქცა. მართალია, ქართველი სპორტსმენის გამოუცდელობა ასეთი ხაზგასმული არ იყო, მაგრამ გავიხსენოთ, რომ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილმა ”დაუშვა ტექნიკური შეცდომები მე-15-16 მოსახვევებში. ამ შეცდომების ერთობლიობას შედეგად მოჰყვა ის, რომ სპორტსმენი ტრასიდან ამოვარდა და, შემდგომ, ბოძს შეეჯახა“.

თუმცა ყველაფერს კვლავაც ტრასის გაუმართაობას აბრალებს სპორტსმენის ბიძა, ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და წარსულში ცნობილი სპორტსმენი ფელიქს ქუმარიტაშვილი:

”ძალიან რთული ტრასა იყო და ყველას ჰქონდა პრობლემა. ერთი ვენესუელელი სპორტსმენი კანადიდან სამშობლოში კომაში მყოფი გადააფრინეს და ის ერთი თვის შემდეგ მოვიდა აზრზე. სხვა ტრასებზე ასეთი რამ არ ხდება... და ამ დასკვნას ჩვენ არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა...”

ბევრი სპეციალისტისთვის სწორედ უისტლერის ტრასის გაუმართაობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ამ ტრასაზე 2482 დაშვებიდან 68 შემთხვევა მოციგავეთა სხვადასხვა სახის მარცხით დასრულდა. კანადაში ჩატარებული გამოძიების დასკვნას ახლავს რეკომენდაცია უისტლერის ტრასის უსაფრთხოების სრული აუდიტის ჩატარების შესახებ, რაც ბევრისთვის იმის მანიშნებელია, რომ თავად გამოძიება უსაფრთხოების ფაქტორის სრულყოფილ ანალიზს არ ეყრდნობა.

ფელიქს ქუმარიტაშვილს ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა, გააგრძელებენ თუ არა სიმართლის დადგენისთვის ბრძოლას დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრები და ახლობლები. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, თუკი ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი საგამოძიებო დასკვნას გაასაჩივრებს, სამინისტრო მას შეძლებისდაგვარად დაეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროცესი შეწყდება, რადგანაც კანადის პროვინციის - ბრიტანეთის კოლუმბიის - საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიება ამ საქმის ძიების ბოლო ეტაპს წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG