Accessibility links

logo-print
პედაგოგთა საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკოს) მიერ გამოცხადებული თარიღია და 1994 წლიდან 5 ოქტომბერს აღინიშნება. წელს საქართველოში ეს დღე გამორჩეულად არ აღუნიშნავთ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებს და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს სამინისტროში შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. რა კეთდება ქვეყანაში პედაგოგის პროფესიის წასახალისებლად და რამდენად პრესტიჟულია პედაგოგის პროფესია?

49-ე საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებელი მერი ჯახუა ამბობს, რომ მასწავლებლის ანაზღაურება შრომის ადეკვატური არ არის. ამით კი, მისი შეფასებით, მრავალ კითხვას ეძლევა პასუხი:

”პირადად მე, არ დავმალავ, კერძო მოსწავლეები მყავს და სკოლის მერე გავრბივარ სახლში, რომ ვიღაცა მოვამზადო და ამით ვიცხოვრო, იმიტომ რომ არ მყოფნის ის ხელფასი, რაც სკოლაში მაქვს. რა დასამალია და მასწავლებელთა უმრავლესობა ამ დღეში ვართ. მადლობა ღმერთს, თუ ხარ უცხო ენის, ქართულის და მათემატიკის მასწავლებელი, დანარჩენებს ძალიან უჭირთ.”

დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მედიას ის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც, სერტიფიცირებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა წელს პირველად ჩატარდა. გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის 1300-მა პედაგოგმა ჩააბარა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ისიც დააზუსტა, რომ პედაგოგებს, რომელთაც ინგლისური ენა და კომპიუტერული პროგრამები ეცოდინებათ, ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ. მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრობს:

” იმ 1300 პედაგოგს, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო, ხელფასი 75 ლარით გაეზარდა. პრეზიდენტის ახალი ინიციატივით კი, იმ პედაგოგს, რომელიც ინგლისური ენისა და კომპიუტერის მინიმალურ ცოდნას გამოამჟღავნებს და შესაბამის გამოცდას ჩააბარებს, ხელფასი 200 ლარით გაეზრდება. გამოცდები თებერვალსა და მარტშია დაგეგმილი, ყველა მსურველს შეუძლია განათლების სამინისტროს მიმართოს და მოემზადოს შესაბამისი გამოცდისათვისაც.”

დღეს პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 150 ლარია. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მოადგილე მაია ლიპარტელიანი ამბობს, რომ პედაგოგის, ისე როგორც ყველა ადამიანის, მოტივაციას ორი რამ განსაზღვრავს - ანაზღაურება და აღიარება. ამ ორი რამის არარსებობის გამო დღეს პედაგოგის საქმე სასურველ პროფესიათა სიაში არ არის:

” ეს პროფესია მიმზიდველი არ არის მხოლოდ იმიტომ არა, რომ ანაზღაურებაა დაბალი. ზოგადად განათლებაში უნდა ჩაიდოს უფრო მეტი დაფინანსება. გამონათქვამიც არის ასეთი: ”თუ ძვირი გვიჯდება განათლება, უმეცრება რა დაგვიჯდებაო?”. აქედან გამომდინარე, დაფინანსების გაზრდა მოიცავს არა მხოლოდ ხელფასის მატებას, არამედ შესაბამისი გარემოს შექმნას მოსწავლეებისთვისაც და ყველასთვის თანაბარი პირობების არსებობას”, - განაცხადა მაია ლიპარტელიანმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რადიო თავისუფლებას შეკითხვაზე, რა კეთდება განათლების სფეროში იმისათვის, რომ პედაგოგის პროფესია ადეკვატურად ანაზღაურებადი და მიმზიდველი გახდეს, ლაკონიური პასუხი გასცა:

” ძალიან რთული და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ჩვენ, პირველ რიგში, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ ბავშვს უნდოდეს სკოლაში სიარული და მასწავლებელს კი ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ასწავლოს. სწორედ ამაზე მუშაობს განათლების სამინისტრო, რომ ეს შესაძლებლობა ჰქონდეს როგორც ბავშვს, ასევე მასწავლებელს.”

პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ, აცხადებდნენ, რომ პედაგოგთა მდგომარეობა გაცილებით უკეთესია ცენტრში, სადაც რეპეტიტორობის საშუალება მაინც არსებობს, ვიდრე რეგიონებში, სადაც მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თანაბარი პირობები და სოციალური დაცულობის შეგრძნება - ეს არის პედაგოგთა სურვილი 5 ოქტომბერს, პედაგოგთა საერთაშორისო დღეს.
XS
SM
MD
LG