Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ


საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვერ ახერხებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას. ასოციაციის ერთ-ერთმა ადვოკატმა 16 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა თხოვნით, მიეწოდებინათ მისთვის იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც მასა და ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორს შორის შედგა. საინტერესოა, რამდენად ხშირია სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი მარიამ წერეთელი თბილისის მერიას კერძო საკუთრების ხელყოფის გამო ედავება. საქმე ეხება მისი არასრულწლოვანი შვილების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ სახლს, რომელიც საჯარო რეესტრში 2007 წელს იქნა დარეგისტრირებული, თუმცა 2008 წელს საჯარო რეესტრში ბავშვების საკუთრების უფლების მოწმობის რეგისტრაცია თბილისის მერის პირადი განკარგულებით გაუქმდა, ანუ, ადვოკატის მტკიცებით, მერმა ბავშვებს მემკვიდრეობა ჩამოართვა. სასამართლოში დავის პარალელურად, მარიამ წერეთელმა საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა:

„პრეზიდენტს დავუსვით ერთადერთი შეკითხვა, არის თუ არა ის კონსტიტუციის დაცვის გარანტი და კონკრეტულად ამ ორ ობოლ ბავშვთან მიმართებაში გრძნობს თუ არა რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას, რადგანაც მათი უფლებები 2007 წლიდან დღემდე ირღვევა კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების არაკომპეტენტური და, ხშირ შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო.“

მარიამ წერეთელმა პრეზიდენტს შეკითხვები წერილობით მიმდინარე წლის 15 ივნისს გაუგზავნა, რეაგირებისთვის კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ კი მათზე პასუხი მოითხოვა. სწორედ მაშინ შედგა ადვოკატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორს შორის საუბარი, რომლის ჩანაწერის მიღებასაც ადვოკატი დღემდე უშედეგოდ ცდილობს. მარიამ წერეთელმა 5 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას ექსპერიმენტი ჩაატარა და დარეკა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საიდანაც ასეთი პასუხი მიიღო:

„წერილი ჯერჯერობით განხილვაშია, პასუხი არ არის.“

ოპერატორის პასუხიდან ირკვევა, რომ დარღვეულია კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საჯარო ინფორმაცია ათი დღის ვადაში უნდა გაიცეს. მარიამ წერეთლის თქმით, სატელეფონო საუბრიდან ჩანს, თუ როგორ უკმეხად ეპყრობიან სახელმწიფო მოხელეები მოქალაქეებს. საჯარო ინფორმაციის ამგვარი გასაიდუმლოება არ უკვირთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომლის წარმომადგენლის, თამარ კორძაიას თქმით, ამ მიმართულებით კანონის დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს:

„როგორც წესი, ინფორმაციას ასაიდუმლოებენ დაუსაბუთებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მერია, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობები“, უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური კვლევა აქვს ჩატარებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 52 განცხადება გაიგზავნა 10 სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. ყველაზე სავალალო მაჩვენებლით გამოირჩევა პროკურატურა, რომელმაც მოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ 25 პროცენტი გასცა. ასევე დაბალი მაჩვენებლები - 50-50 პროცენტი აქვთ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. ყველა ამ შემთხვევაში, როგორც ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, ირღვევა ზოგადადმინისტრაციული კოდექსის 27-ე და მე-40 მუხლები:

„იგნორირებულია ადვოკატის უფლება მოიპოვოს კანონიერი გზით მტკიცებულებები და ამას აქვს სისტემური ხასიათი. მასთან დაპირისპირების მიზნით საქართველოს პარლამენტში შევიტანეთ მოთხოვნა, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები საკანონმდელო ინიციატივად აქცევენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ადვოკატის მოთხოვნის იგნორირების გამო სახელმწიფო მოხელეს დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სხვანაირად ვითარების შეცვლა შეუძლებელია“, უთხრა ზაზა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG