Accessibility links

logo-print
ვერტიკალური ძალაუფლების კონფიგურაციის დამახასიათებელი დეტალები «ნოვაია გაზეტას” სტატიაში: ’ხალხის და პარტიების მოძრაობანი სატელევიზიო ეკრანზე’. სატელევიზიო ეკრანი აქ ილუზიის კონოტაციას ატარებს. მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. დასასწისისთვის ვთქვათ, რომ სტატიის ავტორი სატელევიზიო ანალიტიკოსი სლავა ტაროშინაა.

ძალაუფლების ვერტიკალური კონფიგურაციის დამახასიათებელი მთავარი დეტალი ძლიერი და მსხვილი მტრის იდეის არსებობააო, წერს ავტორი. რუსეთში, ბოლო სახელისუფლო გადაადგილებით, შეიძლება ითქვას, ეს როლი ლუჟკოვმა იტვირთაო (პრესას თუ გადავხედავთ, მას ეს ’როლი’ აშკარად არ მოსწონს). ეს ყველაფერი კი, როგორც ბაზისი, კარგი შოუსთვის გამოდგებაო, მხიარული თუ სევდიანი გადაცემებით, ცრემლით, გახსენებით, სიბრაზით, პათეტიკით, ღალატით, ქილიკით და საპნის სატელევიზიო პოლიტიკური ოპერის ყველა სხვა ელემენტით რუსეთის ფედერალურ არხებზეო:
” სხვაგვარად როგორ გადაიტან ელექტორატის ყურადღებას რეალური პრობლემებისგან? მრავალფეროვნება, როგორიცაა იურმალინები და მომღერალ ვალერიას ცხოვრებისეული დეტალები, გადაზრდილი მოსაწყენ სერიალებში, დასმულ ამოცანებთან გამკლავებას ვერ ახერხებს.”

„ნოვაია გაზეტაში“ გაშლილი ლოგიკით, ლუჟკოვი ხოდორკოვსკის ფუნქციას ასრულებს ახლა უკვე მედვედევისთვის. თუმცა ლუჟკოვის მოთხოვნილებანი უფრო შორს მიდიან. პრესა წერს, რომ ლუჟკოვს ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობისკენ მიუწევსო გული. თავად ლუჟკოვს ციტირებენ, დემოკრატიის განვითარების დრო მოვიდაო. თუმცა ეს მიდგომები ლუჟკოვისა ანალიტიკოსებმა სისუსტედ აღიქვეს. ეგ არ არისო ძალაუფლებისკენ გზაო, ეგო უფრო გაბრაზებული კაცის ნაბიჯს ჰგავსო, თან კაცისა, რომელსაც თავს ზევით ძალა არა აქვსო. უნდა დავამატოთ, რომ პრესაში ბევრი იწერება პატარ-პატარა გამოძიებებზე და ფარულ მოხსნა-დანიშნვა-დევნაზე ლუჟკოვის გარემოცვაში: ზოგი გაიქცა, ზოგი საავადმყოფოში მოხვდა, ზოგი გადადგა, ზოგიც გადააყენესო.
საინტერესო ვიდეოკლიპი აქვს გამოტანილი „ვედომოსტის“ საკუთარ გვერდზე. გაზეთი ბიზნესმენებთან მიდის და ეკითხება, როგორი უნდა იყოს საუკეთესო მერი მოსკოვისთვის და, ზოგადად, ბიზნესისთვისო. ერთ-ერთი მიდგომით, საუკეთესო მერი იქნებოდა ის, ვინც ბევრს იმუშავებდა, რათა მთავრობის რეგულაციისკენ მიდრეკილება შეეჩერებინა და ბაზრისთვის თავისუფლად სუნთქვის საშუალება მიეცაო. ასევე საინტერესო მიდგომაა, რომ მერის კანდიდატურაზე მნიშვნელოვანი სისტემაა - ღია, კონკურენტუნარიანი და გარანტიების არშემცველი სისტემა. კანდიდატებმა კარგად უნდა იცოდნენო, რომ მათ საქმიანობას ლუპის ქვეშ შეისწავლიან და მათ არ უნდა ჰქონდეთ გარანტიები, მათ შორის, არც სასამართლო გარანტიები, რომლებიც მათ დაიცავს წასვლის შემდეგო, ხოლო მათი არჩევა უნდა ხდებოდეს ღია კონკურენციის პირობებშიო, აცხადებენ ბიზნესმენები. შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო შემთხვევაში მოსკოვის მერის ახალ კანდიდატურას პრეზიდენტი აირჩევს მთავრობის მიერ წარდგენილი რამდენიმე კანდიდატიდან, სავარაუდოდ, ხუთი კანდიდატიდან, რაც, „გოსდუმის“ თავმჯდომარის ვლადიმირ პლატონოვის აზრით,წინგადადგმული ნაბიჯია პირდაპირ დანიშნვასთან შედარებით, თუმცა უკან გადადგმული სამოქალაქო არჩევნებთან შედარებით. ეს აზრი პლატონოვმა გამოთქვა იმავე „ვედომოსტის“ მიერ ჩაწერილ ძალიან საინტერესო ვიდეოინტერვიუში.
XS
SM
MD
LG