Accessibility links

logo-print

ქუთაისის ხელისუფლება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას აპირებს


მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე 5 წელია ქუთაისის მოსახლეობას არ ემსახურება. შიდასაქალაქო სატრანსპორტო გადაზიდვებს 2006 წლიდან კერძო ფირმები ახორციელებენ. როგორც ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, ამჟამად ქალაქს 2 საავტობუსო და 10 მიკროსაავტობუსო ფირმა ემსახურება. ტრანსპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის გოჩა ლეკვეიშვილის თქმით, ყოველდღიურად ქალაქში 80 ავტობუსი და 165 მიკროავტობუსი მუშაობს. გოჩა ლეკვეიშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდამ და ქალაქში კერძო ავტომობილების მატებამ სატრანსპორტო გადაზიდვების რენტაბელობა შეამცირა.

ავტობუსების მძღოლები ჩვენთან სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, დოტაციის გარეშე სატრანსპორტო საშუალების შენახვა უჭირთ:

„საწვავი ძვირია. საბურავი ახალი რომ ვიყიდო, 700 ლარი ღირს. უფასო მგზავრები ბევრია. ვითომ გვაძლევენ მათ თანხას, მაგრამ ეგ არაფერია, რადგან 100-ზე მეტი მგზავრი გადაგვყავს ყოველდღე უფასოდ. საწვავი რომ იყოს იაფი, გვიანამდე ვიმუშავებდით. შაბათ-კვირას დღის 2-3 საათამდე ვმუშაობთ, რადგან შემდეგ მგზავრი არ არის. რამდენჯერმე მივედით მერიაში, დახმარება ვითხოვეთ. ჯერჯერობით შედეგი არ არის. გვიჭირს მუშაობა. ჩვენ, ძირითადად, უფასო მგზავრები გველოდებიან. დანარჩენი მიკროავტობუსებს დაჰყვება“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ხელისუფლებამ გასულ წელს სანებართვო მოწმობებისთვის ტენდერები გამოაცხადა, ახალი პროგრამით ხაზებზე, სადაც ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთად მუშაობდნენ, - განტვირთვა მიკროავტობუსების ხარჯზე უნდა მომხდარიყო, - რასაც მათი მძღოლების რამდენიმედღიანი გაფიცვა მოჰყვა. აღნიშნული პროექტის განხორციელებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, ეს პროცესი გარდაუვალია - მიკროავტობუსებს მცირე ტევადობის ავტობუსები ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.

ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით მიკროავტობუსების მფლობელებს, მაგრამ არც ერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, პირად საუბრებში კი სამარშრუტო ხაზის მფლობელებისაგან ზეწოლა და უმუშევრად დარჩენის შიში დაასახელეს. მიკროავტობუსების მძღოლები ხელისუფლებას საავტობუსო ფირმების ლობირებაში ადანაშაულებენ.

ტრანსპორტის სამსახურში კრიტიკას არ იზიარებენ და აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ ავტობუსების შენახვა 3-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე მიკროავტობუსების, მათი რიცხვის გაზრდა აუცილებელია, რადგან 10 ათასი ბენეფიციარი უფასოდ მხოლოდ ავტობუსებით მგზავრობსო:

„ჩვენ ფასს ვარეგულირებთ მხოლოდ ავტობუსებზე და ბენეფიციარებიც მხოლოდ ავტობუსებით სარგებლობენ. ვცდილობთ მიკროავტობუსები შევამციროთ, მაგრამ ისე, რომ ხალხი უმუშევარი არ დარჩეს. მომავლისთვის, როცა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი იქნება, „აზიის ბანკი“ შეეცდება შემოიყვანოს მუნიციპალური ტრანსპორტი“, - ამბობს გოჩა ლეკვეიშვილი.
შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე ქუთაისელები სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობენ - მგზავრები, ძირითადად, საღამოს საათებში ქალაქის გარეუბნებში გადაადგილებას უჩივიან:

„საღამოს, როცა სამსახურიდან გამოვდივარ, მგზავრობა აუტანელია, ისეა გადატვირთული ტრანსპორტი.“
„ზოგჯერ ადრე გამოვდივარ სამსახურიდან, რომ ტრანსპორტს მოვუსწრო, შვიდის ნახევრის შემდეგ ფაქტიურად სახლში ვეღარ მოვდივარ.“

„7-8 საათის შემდეგ სახლში ტრანსპორტს ვერ მივყვები, - საფიჩხიაზე ვცხოვრობ. გარეუბანი არ არის, ქალაქის ცენტრად ითვლება, - მაგრამ ჩვენს პრობლემებზე არც მძღოლები ფიქრობენ და არც ხელისუფლება. წლებია ეს პრობლემა დგას“, - ამბობენ რესპონდენტები.

მძღოლები საღამოს საათებში უმუშევრობის მიზეზად მგზავრთა სიმცირეს ასახელებენ. სანებართვო მოწმობები ტრანსპორტის უმრავლესობაზე ხელისუფლებამ შარშან სამი წლის ვადით გასცა . 2012 წლამდე მომსახურების გაუმჯობესების იმედს მგზავრებს ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გამოცხადებაც ვერ აძლევს.
XS
SM
MD
LG