Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანა, რომელშიც რუსეთის გავლენა დადებითად ფასდება


ყირგიზეთი: ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო ბანერი
ყირგიზეთი: ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო ბანერი
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან და მიმდინარე პროცესში შეუძლებელია იმ როლის იგნორირება, რომელსაც რუსეთი ასრულებს. რუსეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს ყირგიზების ნაწილი სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვამს, ნაწილი კი პირიქით, მისასალმებლად მიიჩნევს კრემლის ყურადღებას, რომელიც 10 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს.

გასული თვის მიწურულს ბიშკეკში რუსი და ყირგიზი ისტორიკოსები შეიკრიბნენ, მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 225-ე წლისთავის აღსანიშნავად. გაიხსენეს, როგორ ესტუმრნენ ყირგიზთა ტომების წარგზავნილები სანქტ პეტერბურგს, რუსეთის იმპერატორისაგან დახმარების თხოვნით. ისიც ცნობილია, რომ მომდევნო საუკუნის მანძილზე ყირგიზების მიწა იმპერიამ დაიპყრო...

მას შემდეგ, ორივე მხარის მმართველი რეჟიმების ცვლის მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ყირგიზი ხალხის ცხოვრებაში. ასეა დღემდე: ორი საუკუნის წინანდელი ამბების არ იყოს, ახლაც, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყირგიზეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მოუხშირეს რუსეთის დედაქალაქში სტუმრობას. ბოლო კვირების მანძილზე მოსკოვში იყვნენ ჩასული ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატების, რესპუბლიკური პარტიის, პარტია „აკ-შუმკარის“ (თეთრი შევარდნის) ლიდერები.

ყველაზე მეტი ყურადღება კი, მედიაშიც და კრემლშიც, ერგო „არ-ნამისის“ (ღირსების პარტიის) ლიდერ ფელიქს ყულოვს, რომელიც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდა. მისმა პარტიამ კი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა მმართველ პარტია ერთიან რუსეთთან.

„მედვედევთან ან რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგშენლებთან შეხვედრა ამ კანდიდატებს, მაგალითად, „არ-ნამისის“ პარტიის ლიდერ ფელიქს ყულოვს, უქმნის იმიჯს, რომ ის და მისი პარტია მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს“, განმარტავს ცენტრალური აზიის ექსპერტი, ყირგიზეთის შესახებ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორი, ერიკა მარატი. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ „რუსეთის გავლენა დადებითად ფასდება ყირგიზეთში, განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობაში“.

ერიკა მარატის შეფასება, რომ მოსკოვის მხარდაჭერა მომგებიანია პოლიტიკურ ბრძოლაში, ფელიქს ყულოვის პარტიის მაგალითზე დასტურდება: ის ლიდერებს შორის არის 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სულ 29 პარტიიდან.

კრემლში შეხვედრები აჩვენებს, რომ ყირგიზი პოლიტიკოსები ძველებურად აზროვნებას ვერ გადაეჩვიენო, დაასკვნის ჩვენი რადიოს ყირგიზულ სამსახურთან საუბარში ბიშკეკელი პოლიტოლოგი იარგალბეკ კასაბოლოტოვი. „ის ფაქტი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები სათითაოდ ჩადიან მოსკოვში რუსების საამებლად, ერთ რამეს აჩვენებს: ჩვენი ხალხის აზროვნება განვითარდა, მაშინ როცა ჩვენი პოლიტიკოსები ძველებური სტერეოტიპებისაგან ვერ თავისუფლდებიან“, ამბობს კასაბოლოტოვი. მას სჯერა, რომ პოლიტიკოსებმა თავი უნდა მოაწონონ, პირველ რიგში, ყირგიზ ხალხს და „მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიტყობენ, რა სურს ხალხს, შეუძლიათ მოლაპარაკების გამართვა სხვა მხარესთან, როცა ხელისუფლებაში მოვლენ“.

თუმცა, ჩვენი კორესპონდენტების შეფასებით, ყირგიზეთში უმრვლესობა მაინც მოსკოვისთვის თავის მოწონებას ანიჭებს უპირატესობას. რუსეთი რჩება ბიშკეკის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და უსაფრთხოების გარანტად. ამდენად, რუსეთთან ურთიერთობა არის და იქნება პრიორიტეტი ყირგიზეთის ნებისმიერი მთავრობისათვის.

რაც შეეხება მოსკოვის დამოკიდებულებას, პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი როგორც ამბობს, კრემლის ინტერესებშია შეიქმნას მთავრობა, რომელიც თავს გაართმევდა ყირგიზეთის სტაბილიზაციის ამოცანას. ეს ინტერესი განაპირობებს ყირგიზეთის საარჩევნო კამპანიისადმი გამორჩეულ ყურადღებას და ყირგიზ პოლიტიკოსებთან შეხვედრისთვის მზადყოფნას.
„რუსეთისთვის ეს საინტერესოა არა იმიტომ, რომ ახალი პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინიტრი მისი წინააღმდეგი იქნება, არამედ იმის გამო, რომ არსებობს ეჭვი: შეძლებენ თუ არა ქმედითი და სტაბილური ხელისუფლების შექმნას. ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ყოფნა, ვინც უნდა გახდეს მთავრობის ხელმძღვანელი და შემდეგ ყირგიზეთის პრეზიდენტი, რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება, მე ვიტყოდი, რომ თვითმკვლელობის ტოლფასი, დიდი სისულელე იქნებოდა“, - ამბობს ლუკიანოვი.

მიმდინარე წლის აპრილში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად მაშინდელი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობა დაემხო, რის შემდეგაც ყირგიზეთს დრობითი მთავრობა მართავს, პრეზიდენტის მოვალეობას როზა ოტუნბაევა ასრულებს. ასეთი ვითარებაში ბიშკეკმა, როგორც ცნობილია, ვერ შეძლო განემუხტა სამხრეთ ყირგიზეთში შექმნილი დაძაბულობა, რომელიც ივნისში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის სისხლისმღვრელ კონფლიქტში გადაიზარდა და 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ივნისის მიწურულს ყირგიზეთში გაიმართა კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩევლების დიდი ნაწილი მიემხრო საპარლამენტო სისტემის შემოღებას, აქამდე არსებული, საპრეზიდენტოს ნაცვლად. საყურადღებოა, რომ ცვლილებას მკაცრად აკრიტიკებს მოსკოვი. მედვედევმა ისიც კი თქვა - საპარლამენტო დემოკრატია ყირგიზეთისთვის „კატასტროფა“ იქნებაო...

ექსპერტი ფიოდორ ლუკიანოვი ასე განმარტავს კრემლის უკმაყოფილების მიზეზს: „თუ პარლამენტი დაქუცმაცებული იქნება და ეს მოსალოდნელია, მთავრობაში კი სხვადასხვა, ერთმანეთის კონკურენტი ჯგუფის წარმომადგენლები გაერთიანდებიან, გაუგებარია, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი“. ამის გამოა, განაგრძობს ლუკიანოვი, რომ რუსეთში სერიოზულად არიან შეშფოთებული: „ესმით, რომ ღმერთმა დაიფაროს და ყირგიზეთში ისევ რომ დაიწყოს მოვლენები, როგორიც წლის პირველ ნახევარში მოხდა, რუსეთი განზე გადგომას ვერ შეძლებს და მოუწევს, რაღაცნაირად მიიღოს ამაში მონაწილეობა“.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა პირობა დადო, რომ 40 მესაზღვრეს გააგზავნის სამხრეთ ყირგიზეთში, სადაც ვითარება კვლავაც დაძაბული რჩება. და რუსეთი ასევე მზად არის, 8 მლნ დოლარის დახმარება მიაწოდოს ბიშკეშკს იმ საფასურის გაზრდასთან ერთად, რომელსაც ყირგიზეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზის იჯარაში იხდის.
XS
SM
MD
LG