Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს დელეგაცია თბილისში


(მარცხნიდან) მარინა ვაშაყმაძე, ვიქტორ ეში, ჯეფრი გედმინი და დენის მულჰაუპტი
(მარცხნიდან) მარინა ვაშაყმაძე, ვიქტორ ეში, ჯეფრი გედმინი და დენის მულჰაუპტი
საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებს მიეძღვნა პრესკონფრენცია, რომელიც რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში გამართეს დღეს აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა. საბჭოს წევრებმა ვიქტორ ეშმა, დენის მულჰაუპტმა და რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა აღნიშნეს, რომ ძირითადი პრობლემა მედიასაშუალებების მფლობელობის გამჭვირვალობაში მდგომარეობს.

“ჩვენი ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, გავეცნოთ თქვენს პრობლემებს და გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება გამჭვირვალე და თავისუფალი მედია იყოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მზად ვართ, ყველა რესურსი გამოვიყენოთ ამის ხელშესაწყობად”, - განაცხადეს მათ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის თავისუფალი მედია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

სტუმართა თქმით, საქართველოს მედიამ უდაოდ დიდი წინსვლა განიცადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში ყველაფერი რიგზეა. შეკითხვაზე, როგორ აფასებს რადიო თავისუფლების როლს საქართველოში, ჯეფრი გედმინმა თქვა: დარწმუნებული ვარ, ოცი წლის შემდეგ არავინ იტყვის, რომ ამერიკელები ფულს ფუჭად ხარჯავდნენო.

აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს დელეგაცია თბილისში გუშინ ჩავიდა სამდღიანი ვიზიტით. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან.
XS
SM
MD
LG