Accessibility links

logo-print

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს


რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარზე

რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარზე

რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. კასპის რაიონის სოფელ პანტიანის მცხოვრები სპარტაკ ფოლადაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი მაშინ აიყვანეს, როცა სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები. ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილის წარმომადგენლების მიერ დაკავებულ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდათ და ისინი ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს გადასცეს. კიდევ ერთი ქართველი რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა სოფელ არცევთან დააკავეს.

რა ვითარებაში მოხდა ბიგანაშვილის და ფოლადაშვილის დაკავება, მათი თანასოფლელებისთვის უცნობია. სოფლის რწმუნებული მიხეილ გორჯველაძე არ გამორიცხავს, რომ ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეკავებინათ და შემდეგ გადაეყვანათ ახალგორში. რწმუნებულის ინფორმაციით, საქმის კურსში არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც, რომლებიც უკვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.

ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან სოფლების მიმდებარე ტყეები ოსური და რუსული შეიარაღებული დანაყოფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა როგორც გორის, ისე კასპის რაიონში, როცა ტყეში შეშის მოსაჭრელად გასულ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებდნენ, მათ გასათავისუფლებლად კი ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ხოლმე. საქმეში არაერთხელ ჩაერთო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი.

გორის და კასპის რაიონის სოფლების დიდი ნაწილი გაზიფიცირებული არ არის, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი რისკის ფასად მაინც ოკუპირებულ ტყეებში შედის. შარშან ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონის სოფლებში შეშა დაარიგა, წელს კი მოსახლეობას მხოლოდ საწვავით დახმარებას სთავაზობენ, რათა მათ უსაფრთხო ტყეში მოახერხონ შეშის დამზადება. ყველა ტყეში ვერ წავა, ამიტომ ზოგიერთმა ზამთარში გასათბობად ხილის ბაღების გაჩეხა დაიწყო.

წინა წლებისგან განსხვავებით, ოსური მხარე დაკავებულებს იზოლატორში დიდხანს აღარ აჩერებს. სასამართლოები ოპერატიულად იმართება და საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს დე ფაქტო რესპუბლიკიდან აძევებენ. ბოლო პერიოდში ქართულ მხარეს ათზე მეტი დაკავებული საქართველოს მოქალაქე გადაეცა. ოსური მხარე ამ ნაბიჯზე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მიდის. მემორანდუმში ერთ–ერთ მუხლად ჩაწერილია, რომ საზღვრის უნებლიეთ დამრღვევი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხინვალის ციხეში არაერთი საქართველოს მოქალაქე სასჯელს ახლაც იხდის ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით, მაგრამ ისინი მემორანდუმის გაფორმებამდე არიან დაკავებულნი, ამიტომ ოსური მხარე მათ გათავისუფლებას არ ჩქარობს და მოითხოვს ყველა დაკავებულის გაცვლას პრინციპით ყველა–ყველაზე, რაზეც ქართული მხარე არ თანხმდება.

სოფელ პანტიანში იმედი აქვთ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის შემდეგ, მათ თანასოფლელებს მალე გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG