Accessibility links

logo-print

აშშ-ში გადაიდო გუანტანამოს ყოფილი პატიმრის პირველი სამოქალაქო სასამართლო პროცესი


შეერთებულ შტატებში გადაიდო გუანტანამოს ყოფილი პატიმრის პირველი სამოქალაქო სასამართლო პროცესი მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მთავრობას არ მისცა მთავარი მოწმის პროცესზე მიწვევის უფლება. ტანზანიის მოქალაქე აჰმედ ხალფან ღაილანის ბრალად ედება გადამწყვეტი როლის შესრულება 224 ადამიანის დახოცვაში, ტანზანიასა და კენიაში 1998 წელს მოწყობილი აფეთქებების დროს. აფეთქებები შეერთებული შტატების საელჩოების წინააღმდეგ იყო მიმართული. ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვტილებით, მამაკაცი, რომელმაც, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მიჰყიდა ღაილანის, ვერ იქნება მოწმე, რადგან მისი ჩვენება დაეფუძნებოდა „განცხადებებს, რომლებიც ღაილანიმ იძულების შედეგად გააკეთა“ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებთან. ეჭვმიტანილის დამცველი, პიტერ კიხანო მიესალმა მოსამართლის გადაწყვეტილებას: „მოსამართლე კაპლანმა დღეს დაადასტურა, რომ კონსტიტუცია ჩვენი ქვეყნის ქვაკუთხედია. ჩვენ სასამართლოს სრულად ვეთანხმებით. ეს საქმე განხილულ უნდა იქნეს კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულების საშუალებით და არა წამების, ძალადობის გამოყენების შედეგად“. ღაილანი 2004 წელს პაკისტანში დააპატიმრეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. გუანტანამოს პატიმრებს სამხედრო კომისიები ასამართლებდნენ, ღალიანი პირველია, რომლის საქმესაც სამოქალაქო სასამართლო განიხილავს.
XS
SM
MD
LG