Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიის დარგში ნობელის პრემია ამერიკელ და იაპონელ მეცნიერებს მიენიჭათ


რიჩარდ ჰეკი (მარჯვნივ), ეიჩი ნეგიჩი და აკირა სუძუკი
რიჩარდ ჰეკი (მარჯვნივ), ეიჩი ნეგიჩი და აკირა სუძუკი
6 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. ბუნებრივის მსგავსი რთული ქიმიური ნაერთების შექმნის მეთოდის აღმოჩენისათვის 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერი რიჩარდ ჰეკი და იაპონელები, ეიჩი ნეგიჩი და აკირა სუძუკი.

ნობელის პრემიის საპატიო ჯილდო მკვლევარებმა ორგანული სინთეზის დარგში მიღწეული მნიშვნელოვანი აღმოჩენისათვის მიიღეს. საქმე ეხება „პალადიუმის კატალიზატორების საშუალებით ორგანული სინთეზის პროცესში ჯვარედინი კავშირების შექმნას“ - ასე წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 6 ოქტომბერს შვეციის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის გენერალურმა მდივანმა სტეფან ნორმკმა სტოკჰოლმში გააკეთა. რაც შეეხება თავად აღმოჩენას, ქიმიის დარგში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ლარს ზელანდერმა მას მნიშვნელოვანი უწოდა.

„პალადიუმის კატალიზატორების ჯვარედინი კავშირები ფართოდ გამოიყენება როგორც მეცნიერებაში, ასევე მრეწველობაში. კომპლექსური ორგანული მოლეკულების სინთეზი, მაგალითისათვის, ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და ელექტრონიკაში.“

კერძოდ, ახალი ტექნოლოგია შესაძლებლობას აძლევს ქიმიკოსებს შექმნან ეფექტური სინთეზური სტრუქტურა კუჭის კიბოს, ჰერპესისა და შიდსის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ინტერესს იწვევს ნობელის პრემიის ახალი ლაურეატების ასაკი. ამერიკელი რიჩარდ ჰეკი 79 წლისაა, ეიჩი ნეგიში - 75 წლის , ხოლო აკირა სუძუკი - 80 წელს არის მიღწეული. ქიმიის დარგში ნობელის პრემია 101-ჯერ გაიცა. ნობელის პრემია, რომელიც 1901 წელს დაარსდა, 2010 წელს უკვე მიენიჭათ მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დარგში გამარჯვებულებს. 7 ოქტომბერს გამოცხადდება ლაურეატები ლიტერატურაში, 8 ოქტომბერს - მშვიდობის დარგში და 11 ოქტომბერს - ეკონომიკაში. წლევანდელი ლაურეატები მიიღებენ 10 მილიონ შვედურ კრონს, ანუ მილიონ-ნახევარ დოლარს, დიპლომს და ოქროს მედალს.

ნობელის პრემია, რომელიც შვედმა მეწარმემ ალფრედ ნობელმა დააარსა, პირველად 1901 წელს გაიცა. ნობელის კომიტეტი 50 წევრისგან შედგება და გამარჯვებულს კენჭისყრით არჩევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG