Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ადასტურებს აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მთავარი მიზნების მიმართ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. ამის შესახებ მან ისაუბრა ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრის დაწყებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილე ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა. ჰილარი კლინტონმა დადებითად შეაფასა ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის სტაბილიზაციის საერთაშორისო მისიაში და მწუხარება გამოთქვა გასულ კვირაში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც საქართველომ და აშშ–მა ხელი მოაწერეს 2009 წლის იანვარში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს ქმნის. ქარტია თანამშრომლობის ოთხ სფეროს მოიცავს. მათ შორისაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა და ეკონომიკა, დემოკრატია და ხალხებს შორის კავშირები და კულტურული გაცვლა.
XS
SM
MD
LG