Accessibility links

ქაბულში თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო


დღეს ქაბულში იწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს პაკისტანის დელეგაციაც. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი საკითხია შესაბამისი შეთანხმების მიღწევა ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებისათვის. მანამდე მსგავსი მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, ერთი წლის წინ საუდის არაბეთში გაიმართა.

ყოველდღიურ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, „საიდუმლო მოლაპარაკება“, რომელსაც მოსამზადებელი ხასიათი აქვს, უკვე მიმდინარეობს. ცნობაში ზუსტად არ არის მითითებული შეხვედრის დრო და მასში მონაწილე პირთა ვინაობა, მაგრამ ეყრდნობა რა არაბულ და ავღანურ წყაროებს, გამოცემა წერს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობს პაკისტანში განლაგებული ავღანეთის თალიბანის ქვეთა შურას ქსელი და მისი ლიდერი მულა მუჰამად ომარი. მოლაპარაკებებში ოფიციალურად არ მონაწილეობს ავღანეთში ახლად შექმნილი მშვიდობის საბჭო, რომლის უფლებამოსილების ვადის ათვლა 7 ოქტომბრიდან იწყება, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან საბჭოს ცალკეული წარმომადგენლები. მათ შორის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ავღანეთის სტრატეგიული ცენტრის“ თავმჯდომარე აბდულ ჰამიდ მუბარეზი, რომელიც ავღანეთის მშვიდობის საბჭოს წევრია. მუბარეზმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ომის დასრულებისათვის საჭირო მექანიზმების შემუშავებას, რასაც ოპტიმისტურად უყურებს:

„მე რომ არ მქონდეს ასეთი მოლაპარაკებებით სერიოზული პროგრესის მიღწევის იმედი, მაშინ საერთოდ არ მივიღებდი მონაწილეობას მშვიდობის საბჭოში.“

„მშვიდობის საბჭო“ მთავრობის დელეგატებისგან, კანონმდებლებისგან, მეამბოხეთა რაზმების ყოფილი მეთაურებისა და დევნილობაში მყოფი მოჯაჰედინთა ლიდერ გულბედინ ჰიკმატიარის ჰეზბი ისლამის დაჯგუფების წარმომადგენლებისგან შედგება. ამ საბჭოს წევრმა ჰამიდ მუბარეზმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქაბულში დაწყებულ მოლაპარაკებებში ცენტრალურ როლს პაკისტანის მთავრობა ასრულებს:

„ავღანეთის ხალხი დაიღალა ომისაგან და პაკისტანის ხელისუფლებას ენიჭება მთავარი როლი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან თალიბანის მთავარი საყრდენი პუნქტები სწორედ პაკისტანშია. ისინი პაკისტანის ზემოქმედების ქვეშ არიან. ვფიქრობ, პაკისტანი დგას ისეთი პრობლემის წინაშე, რომელიც მას სხვა გზას არ უტოვებს გარდა იმისა, რომ შეეცადოს კონფლიქტის მოწესრიგებას.“

როგორც რადიო თავისუფლებამ დაადგინა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში პაკისტანის დელეგაციას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აფთაბ აჰმად შერფავი წარმოადგენს. თალიბანის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს თალიბანის რეჟიმის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მალავი მუტავაკელი და ყოფილი წარმომადგენელი გაეროსთან ურთიერთობის საკითხებში აბდულ ჰაკიმ მუჯაჰედი. ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ სწორედ ახლა დადგა ხელსაყრელი დრო თალიბებთან მოლაპარაკებისათვის. ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალმა ავღანეთში გენერალმა დევიდ პეტრეუსმა გასულ კვირაში განაცხადა, თალიბანის ლიდერები ცდილობენ კავშირი დაამყარონ პრეზიდენტ აჰმიდ კარზაის მთავრობასთანო. პენტაგონიც აცხადებს, რომ სულ მალე თალიბანის მებრძოლთა ავღანეთის საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესი დაიწყება. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ მორელიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები აგრძელებენ თალიბანზე ზეწოლას და უსაფრთხოების მდგომარეობაც სულ უფრო უმჯობესდება.
XS
SM
MD
LG