Accessibility links

logo-print
ვენა იყო სნობური, ელიტარული, არისტოკრატული; პრაღა - უფრო სახალხო, შეიძლება ითქვას, უფრო "დემოკრატიულიც".
საიმპერატორო ვენაში ყველაფერი რთული იყო: ზალცბურგიდან გამოქცეულ მოცარტს ინტრიგანებისა და შურიანი კომპოზიტორ-მოხელეების მთელი კოჰორტა დახვდა. მართალია, იმპერატორი იოსებ II კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ, მაგრამ ეს კეთილგანწყობა მხოლოდ უცნაური კომპლიმენტებითა და ინფანტილური შეფასებებით შემოიფარგლებოდა. ცნობილია იოსებ II-ის სიტყვები, რომლებიც ამ უცნაურმა მონარქმა მოცარტის ოპერის "მოტაცება სერალიდან" პრემიერის შემდეგ თქვა: „კარგი მუსიკაა, მაგრამ ზედმეტად ბევრი ნოტიაო“. როგორც ჩანს, სწორედ ამ "ზედმეტმა" ნოტებმა შეუშალეს ხელი მოცარტს, რომ მას მეტნაკლებად სტაბილური შემოსავალი ჰქონოდა ვენაში და გარკვეული სტატუსიც დაემკვიდრებინა საიმპერატორო კარზე. მოცარტი ამაოდ ელოდა გლუკის გარდაცვალების შემდეგ პირველი კაპელმაისტერის ადგილს - ეს ადგილი ანტონიო სალიერის ერგო.

მოცარტს პრობლემები შეუქმნა თავისმა ახალმა ოპერამაც: "ფიგაროს ქორწინება", რომელიც ბომარშეს კომედიის სიუჟეტზე დაიწერა, თავისი პოლიტიკური ქვეტექსტების წყალობით იმპერატორის მიერ იყო აკრძალული. თუმცა ის, რაც შეუძლებელი იყო ვენაში, შესაძლებელი გახდა ბოჰემიის დედაქალაქ პრაღაში.

"ფიგაროს ქორწინებამ" მალე მოიპოვა პოპულარობა პრაღელებს შორის. გაოგნებული მოცარტი თავადვე სწერს მამას, აქ ყოველ კუთხეში ფიგაროს მღერიან და ფიგაროს უკრავენ, ქუჩის მუსიკოსებით დაწყებული - ერცჰერცოგის ოჯახის წევრებით დამთავრებულიო.

"ფიგაროს ქორწინების" წარმატების შემდეგ მოცარტმა და მისმა გენიალურმა ლიბრეტისტმა ლორენცო და პონტემ უმალვე მეორე ოპერაზე მიიღეს შეკვეთა. მოცარტმა "დონ ჯოვანის" სიუჟეტზე შეაჩერა ყურადღება.

თუ როგორ წერდა მოცარტი "დონ ჯოვანის" თავისი ჩეხი მეგობრების, ცოლ-ქმარ დუშეკების სახლში, ამას მომდევნო სიუჟეტში გიამბობთ.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG