Accessibility links

logo-print

რას ეუბნება აშშ საქართველოსა და რუსეთს?


ამერიკის შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

ამერიკის შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

შეერთებული შტატები დაინტერესებულია კიდევ უფრო მტკიცე პარტნიორობით საქართველოსთან და სჯერა, რომ ამგვარ პერსპექტივას წარმატებით უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის 2009 წლის 9 იანვარს გაფორმებული ქარტია. ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების განხილვას მხარეებმა ვაშინგტონში 6 ოქტომბერს თითქმის მთელი დღე დაუთმეს. იქვე არაერთხელ გამოიხატა შეერთებული შტატების მზადყოფნა - კვლავაც ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს და კვლავაც მოსთხოვოს რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.

”შეერთებული შტატები არ იყოყმანებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. სწორედ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ცენტრალურ პრინციპს და ეს არის ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტი”, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ქარტიის 2-წლიანი მუშაობის შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას. ჰილარი კლინტონმა რუსეთის მოქმედებებს 6 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უწოდა ოკუპაცია:

”კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, გამოიყვანოს ჯარი და ასევე შეასრულოს სხვა ვალდებულებები, რომლებიც ასახულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებში. საქართველო კონსტრუქციულად მიუდგა ჩვენს საერთო ძალისხმევას, რომ ამ პრობლემას ჟენევის მოლაპარაკებების საშუალებით გაუმკლავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მისწრაფებებს, რომლებიც ასახულია საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ... და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ მნიშვნელოვან მისწრაფებათა განსამტკიცებლად.”

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ჰილარი კლინტონის გამოსვლაში ხედავს აშკარა განაცხადს, რომ რუსეთს მის მიერ დამკვიდრებული ეგრეთ წოდებული ახალი რეალობის აღიარების იმედი არ უნდა ჰქონდეს და რომ საქართველოს ინტერესები არ შეეწირება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის განახლების პროცესს:

”იყო ძალიან მკაფიოდ მინიშნებული ის, რომ არანაირი გადატვირთვის პოლიტიკა არ მოხდება რომელიმე ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და ამავე დროს ის, რომ ზედმეტია საუბარი რაიმე პრივილეგირებული ინტერესების ზონებზე. საქართველო არ შეიძლება იყოს რუსეთის ან ვიღაცის პრივილეგირებული ინტერესების სფეროში...”

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 6 ოქტომბრის გამოსვლაში ასევე გამოხატა ამერიკის დიდი მადლიერება საქართველოს მხრიდან ავღანეთის ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო და ქვეყანას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ამ ბოლო დაპირებისთვის სახელმწიფო მდივანს საგანგებო მადლობა გადაუხადა ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოსვლისას მან ასევე თქვა, რომ ამერიკის მხარდაჭერის იმედი საქართველოს ლისაბონში ნოემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზეც აქვს.

ჰილარი კლინტონის განცხადებებს დიდწილად სწორედ მოახლოებული სამიტის ფონზე განიხილავს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. იქვე აღინიშნება რუსეთისთვის გამაღიზიანებელი სხვა ფაქტორებიც:

”ასეთი მკაფიო განცხადება ნატოს სამიტის წინ და იმის ფონზე, რომ რუსეთი ეთამაშება ნატოს, ეთამაშება დასავლეთ ევროპას (ლამის შეათრიონ ევროპულ სტრუქტურებში... სთხოვენ რაღაცას ნატოც და ევროპის კავშირიც), ამ ფონზე ასეთი განცხადება ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პირისა ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, რომ აქცენტები არის საკმაოდ მკაფიო, ცოტა უფრო მკაფიო, ვიდრე იყო ადრე... იქ რაღაც ასეთი ელემენტები არის სამხედრო თვალსაზრისითაც, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, მათი დახმარების გაძლიერების კუთხით.”

ჰილარი კლინტონის მიერ 6 ოქტომბერს ხაზგასმულმა მხარდაჭერამ, რაც საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და უსაფრთხოებას უკავშირდება, კმაყოფილი დატოვა თბილისი.
”ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში დიდი ხანია დაწყებულია და ღრმავდება. განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში... არის საკითხები, სადაც ჩვენ გვსურს, რომ იყოს მეტი დინამიკა არსებითად და ეს არ არის საიდუმლო. დღევანდელი შეხვედრა გვაძლევს საფუძველს, რომ ყველა მიმართულებით გვექნება თანამშრომლობის გაღრმავება”, - უთხრა 6 ოქტომბერს ჟურნალისტებს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ.

ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს, რომელშიც, ანალიტიკოსების აზრით, საქართველო ”მეტ დინამიკას” ისურვებდა, ქვეყნის თავდაცვითი შეიარაღება წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია რა პოზიციებს დაიკავებს შეერთებული შტატები საქართველოს მიერ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის პროცესში. ანალიტიკოსების დაკვირვებით, ამ მხრივ ვაშინგტონი ამჟამად საკმაოდ პასიურობს.

იმისათვის, რომ ”დასავლეთის ოჯახის” განვითარებულ და უსაფრთხო წევრად იქცეს, საქართველოსთან თანამშრომლობას შეერთებული შტატები დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებითაც გააგრძელებს- ასეთია კიდევ ერთი დაპირება ჰილარი კლინტონის ოთხშაბათის გამოსვლიდან. ბოლო წლებში განვლილი და გასავლელი გზის შეფასებისას ამ კუთხით 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა ფიგურირებს:

”დემოკრატიამ საქართველოში დიდი ნაბიჯები გადადგა ბოლო 7 წლის მანძილზე. მაისში ჩატარებულმა მუნიციპალურმა არჩევნებმა აშკარა პროგრესი გამოავლინა. მაგრამ წინ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი ისეთ საკითხებთან გასამკლავებლად, როგორიც არის პოლიტიკური კონკურენცია, პოლიტიკური ძალების დაფინანსება და ანგარიშვალდებულება, ყველა იმ სავარაუდო დარღვევის სამართლიანი გამოძიების ჩათვლით, რაც უკავშირდება მაისის არჩევნებს.”

ჰილარი კლინტონის მიერ 6 ოქტომბერს დასმულ აქცენტებს პრაქტიკულად იმეორებს განცხადება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის 2-წლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. გავიხსენოთ, რომ 2000 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტია ორი ქვეყნის თანამშრომლობის რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოყოფს. ესენია: დემოკრატია; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკული საკითხები; ხალხებს შორის კონტაქტი.
XS
SM
MD
LG