Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები შეშას ითხოვენ


დევნილთა დასახლება გორში
დევნილთა დასახლება გორში
დევნილების ნაწილი შეშით დახმარებას ითხოვს. გორში ყოფილი რძის ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებული დევნილებისთვის წელს შეშა არავის მიუტანია. ამ დროს გორის რაიონის იმ ჩასახლებებში, სადაც ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის, შეშა დიდი ხნის წინ დარიგდა. რძის ქარხნის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები აცხადებენ, რომ ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას ეგრეთ წოდებული ახალი დევნილების მიმართ იჩენს და ძველი დევნილების მდგომარეობა აღარავის აინტერესებს.

მოულოდნელი აცივების გამო აფხაზეთიდან დევნილებმა მტკვრის სანაპიროზე, ჭალაში დაიწყეს ფიჩხის მოგროვება, მაგრამ ამ მეთოდით ზამთრის მარაგის შეგროვება შეუძლებელია. ხანდახან დენიც ითიშება ხოლმე და ცივ კედლებში ყოფნა უკვე აუტანელი ხდება. დევნილები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, თვიდან თვემდე მათი შემოსავალი სახელმწიფო შემწეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ისინი ამ შემოსავლით შეშის შეძენას ვერ შეძლებენ. ამჟამად გორში ერთი სატვირთო მანქანა შეშის ფასი 500 ლარია. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ფასიც გაიზრდება. შარშან, მაგალითად, დეკემბერში შეშა 700 ლარი ღირდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დახმარებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების შიდა ქართლის სამმართველოს მიმართეს, მაგრამ მათგან მხოლოდ დაპირება მიიღეს. დევნილებისთვის არავის უთქვამს შეშას როდის მიუტანენ. აცივების გამო კი ღუმელის ანთება უკვე საჭიროა.
XS
SM
MD
LG