Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თრიალეთის“ დირექტორი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს


ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი
ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი
ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. იგი 7 ოქტომბერს გორის ცენტრში დააკავეს და მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის ჯარიმის გამოწერას აპირებდნენ, რასაც ტელევიზიის დირექტორი არ ეთანხმებოდა. ნანეტაშვილის თქმით, პოლიციელებმა იგი მანქანიდან გადმოათრიეს და ცემა დაუწყეს. მოგვიანებით ის სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლომ მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 400-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. „თრიალეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ნანეტაშვილის ჩვენება არ გაიზიარა და სხეულზე მიყენებულ დაზიანებებსაც არ მიაქცია ყურადღება. ტელევიზიის დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, პატრულის თანამშრომლების მხრიდან ძალადობა „თრიალეთის“ საქმიანობას უკავშირდება და ტელევიზიის თანამშრომლების დაშინებას ისახავდა მიზნად.

სასამართლო სხდომის შემდეგ ჯონი ნანეტაშვილმა გორის ჰოსპიტალიდან სამედიცინო დასკვნა აიღო. მას თავის ქალის ტრამვა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. მომხდარის შესახებ ტელეკომპანიამ დაუყონებლივ აცნობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. ტელეკომპანიის დამფუძნებელი, ჯონი ნანეტაშვილის ძმა ბადრი ნანეტაშვილი, მიიჩნევს, რომ მის ძმაზე განხორციელებული თავდასხმის შემკვეთი არის მხარის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, რომლის შესახებაც ტელეკომპანიამ არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი მოამზადა.

თრიალეთის ხელმძღვანელობის ბრალდებებზე ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ. საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი რამაზ ტოგონიძე კი აცხადებს, რომ ნანეტაშვილის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და გადამეტებული ძალა არ გამოუყენებიათ.

ეს ტელეკომპანია “თრიალეთის” თანამშრომლებზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ გორში სტალინის მონუმენტის დემონტაჟისას ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეოკამერა წაართვეს. სამართალდამცავებს ამ ინციდენტის გამოძიება ჯერაც არ მიუყვანიათ ბოლომდე. ტელეკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი ყოფილი პარლამენტარია, რამდენიმე თვის წინ იგი ვიცე-გუბერნატორიც იყო, მაგრამ თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა. ამის შემდეგ “თრიალეთმა” ტელეკომპანია მაესტროს გადაცემების რეტრანსლირება და საკუთარ თოქშოუში ოპოზიციის ლიდერების მიწვევა დაიწყო. ბოლო სამი თვის განმავლობაში მარტო ეროვნული ფორუმის ლიდერები და ნინო ბურჯანაძე ორ-ორჯერ გამოვიდნენ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში. ამიტომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მათზე ანგარიშსწორება ოპოზიციისთვის ტრიბუნის დათმობის გამო დაიწყო.

ბოლო ინციდენტის გამო გორში ჩავიდნენ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, რომლებმაც ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადეს და ადგილობრივ თოქშოუში მიიღეს მონაწილეობა. მედიის პრობლემებზე საუბრის შემდეგ პოლიტიკოსებმა ეთერი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს. მაგალითად, გოგა ხაინდრავა არსებული ხელისუფლების კომბლებით გაყრის ინიციატივით გამოვიდა.

პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა ტელეკომპანიას სოლიდარობა ადგილობრივმა ჟურნალისტებმაც გამოუცხადეს. ნაციონალური არხები ამ თემით არ დაინტერესებულან. თრიალეთის გენერალური დირექტორი მასზე თავდამსხმელი პოლიციელების დასჯის მოთხოვნით ამ დღეებში პროკურატურას მიმართავს.
XS
SM
MD
LG