Accessibility links

logo-print

საქმეების საფუძვლიანი გამოძიება, პირველ რიგში, კონფლიქტის მხარეების ინტერესშია


უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ტომას ჰამარბერგის, ორი სხვადასხვა ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშები შედგენილია ორი დამოუკიდებელი ექსპერტის ხუთთვიან მუშაობაზე დაყრდნობით. ექსპერტები თავად ჰამარბერგმა დაიქირავა. ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტის მხარეებს არ უწარმოებიათ აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ კონფლიქტის ორივე მხარეს დაპატიმრებულ და გაუჩინარებულ ადამიანთა საქმეების საფუძვლიანი და პროფესიული გამოძიება. თომას ჰამარბერგს ამ ანგარიშის შესახებ „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი ტელეფონით ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ ზოგადად თქვენი ანგარიშის თაობაზე? რამდენად მიაღწიეთ დასახულ მიზანს და, საერთოდ, რამდენად კმაყოფილი ხართ?

თომას ჰამარბერგი: ანგარიში ჩემი შედგენილი არ არის, ის ორმა ექსპერტმა შეადგინა. მე უბრალოდ შესავალი დავწერე და ამ ექსპერტთა დასკვნების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატე. მათ ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. გულწრფელად ვამბობ, ეს იყო ორი ექსპერტი, კომპეტენციის ძალიან მაღალი ხარისხით, და ამიტომ ანგარიშით, ბუნებრივია, კმაყოფილი ვარ. მართალია, ექსპერტებმა ვერ შეძლეს დაედგინათ, რა მოუვიდა სამ ოს ადამიანს, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერში გაუჩინარდნენ, - ეს ერთ-ერთი ნაწილი იყო ანგარიშისა, - ექსპერტებმა ვერ შეძლეს დაედგინათ, რატომ და როგორ გაუჩინარდნენ ეს ადამიანები, მაგრამ, ხაზი მინდა გავუსვა, მათი მისია ეს არც ყოფილა. მათი მიზანი არ ყოფილა გამოძიების ჩატარება. მათი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს საქმის გამოძიება. და, აი, ანგარიშიდან ჩანს, რომ გამოძიებას აქვს სერიოზული პრობლემები. ამიტომ საჭიროა ჩატარდეს გამოძიების ახალი რაუნდი უფრო კომპეტენტურად. და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა.

რადიო თავისუფლება: როგორ გგონიათ, რამდენად მზად არიან მხარეები მოაგვარონ გაუჩინარებული და დაპატიმრებული ადამიანების პრობლემა?

თომას ჰამარბერგი: პასუხს მაგ კითხვაზე მივიღებთ გამოხმაურებით, რომელიც ამ ანგარიშს მოჰყვება ორივე მხარისგან. მე ღრმად მწამს, რომ ორივე მხარე ყურადღებით გაეცნობა ამ ანგარიშს და გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად; გააკეთებს ყველაფერს, რაც გაიწერა ჩემსა და ექსპერტების მიერ, რეკომენდაციების სახით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება შევაფასოთ, რამდენად კონსტრუქციულად პასუხობენ მხარეები გამოწვევებს. მე პირადად ველოდები პოზიტიურ სიგნალებს.

რადიო თავისუფლება: სხვათა შორის, პირველი რეაქციები ორივე მხარისგან იყო. მაგალითად, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ შეცვალონ გამოძიების ფორმატი, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია თქვენი ექსპერტებისა. მათ განაცხადეს, რომ ისინი გამოძიებას განაგრძობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ ახალ გარემოებებს და ფაქტებს სამი ოსი ადამიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

თომას ჰამარბერგი: კი, ვნახე ეგ პასუხი. თუმცა ჯერ ჩვენ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო პასუხი არ იქნება იმ რეაქციის მსგავსი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. ეს სერიოზული საკითხია, რადგან ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს გავლენას იქონიებს საერთო სიტუაციაზეც, ფართო ჭრილში. ამიტომ მე ვფიქრობ, ოფიციალურმა პირებმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა აღიქვან და გააკეთონ ზუსტად ის, რაც რეკომენდებულია. ის ფაქტი, რომ ჩვენ საქმეში ორი ექსპერტი ჩავრთეთ, რა თქმა უნდა, მხარეების მოთხოვნის შედეგი იყო, მაგრამ ასეთი იყო საერთაშორისო საზოგადოების კონკრეტული მოთხოვნაც. საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ამ საქმის დეტალურად და სწრაფად შესრულება ხელს შეუწყობდა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს. მე პირადად როცა მკითხეს გავაკეთებდი თუ არა ამას, დავთანხმდი, რადგან მსურდა პრობლემის მოგვარებაში დავხმარებოდი. ამიტომ მე ბოლომდე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიუხედავად პირველი ნეგატიური რეაქციებისა.

რადიო თავისუფლება: თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი იმის გამო, რომ ელოდებით რეზულტატს ქართული მხარისაგან?

თომას ჰამარბერგი: თბილისისგან მე ველოდები, რომ ჩაატარებენ გამოძიების ახალ რაუნდს, რადგან, პირდაპირ უნდა ითქვას, აქამდე ჩატარებული გამოძიება დამაკმაყოფილებელი არ არის. პირველ რიგში, მათთვისვე აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ეს შემთხვევები სერიოზულად და პროფესიულად იქნეს გამოძიებული. რაც შეეხება ცხინვალს, აუცილებელია, რომ მათ გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან ცხინვალის ციხეში; ასევე გამოძიებული უნდა იქნეს ომის დროს მომხდარი ფაქტები. წამება აბსოლუტურად იკრძალება ყველანაირ სიტუაციაში, მათ შორის, ომის დროსაც. ამიტომ უნდა გაირკვეს, რა მოხდა მაშინ და ვინაა პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მაშინ მოხდა.
XS
SM
MD
LG