Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო


საქართველოს პარლამტის სხდომა
საქართველოს პარლამტის სხდომა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტში ოქტომბრის დასაწყისში შეიტანა. მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა ოდნავ მცირეა, ვიდრე 2010 წლისა, მაგრამ გაზრდილია პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება. ესენია: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, რეგიონალური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები. 2011 წლის საფინანსო გეგმის პროექტის მიხედვით, 6-დან თითქმის 4 პროცენტამდე მცირდება დეფიციტის ოდენობაც.

გლობალური კრიზისის პირობებში, როდესაც ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება, ბევრი ქვეყანა ბიუჯეტის შემცირების გზას დაადგა. საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ შარშან ურჩევდნენ ხარჯების შემცირებას, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 2011 წლის საფინანსო გეგმის პროექტში გადადგა და ისიც სიმბოლურად. მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა კანონპროექტის პარლამენტში შეტანის წინ გამოაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა წლევანდელზე მცირე იქნება.

საბიუჯეტო პრიორიტეტები

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
”ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები განისაზღვრა 6 მილიარდ 960 მილიონი ლარით. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გახლდათ 6 მილიარდ 990 მილიონი ლარი. შესაბამისად, ბიუჯეტი მცირედით შემცირებულია. დეფიციტი განისაზღვრა 4.3 პროცენტით. ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება მაინც იზრდება და, შესაბამისად, გაზრდილია განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტები.”

ამ პრიორიტეტთა შორის ყველაზე მეტად იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება და ის ბიუჯეტის ხარჯების მეოთხედს შეადგენს. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, პენსიებისა თუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაფინანსების გარდა, კიდევ რას მოხმარდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ამ გაურკვევლობას მიაწერენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას, რამდენადაც ის ხარჯების სტრუქტურის გადახედვას გეგმავს, - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი:

”მოცემულია ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომელიც პირველი მოსმენისათვის არის აუცილებელი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის მინისტრი არის ახალი დანიშნული, არ გამოვრიცხავთ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით გადაიხედება ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი.”

სოციალური სფეროს გარდა, 16 მილიონი ლარით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის გაოთხმაგდება. ასევე იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც. ეს, ძირითადად, სახელმწიფო აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ხარჯების გაყინვის გზით მოხერხდება. ანუ არც ერთ სამინისტროში არ გაიზრდება ხელფასები და საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება ახალი ავტომობილებისა თუ სხვა ტექნიკის შესყიდვაზე.

ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას აზრით, მთავრობის მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო პრიორიტეტები, ძირითადად, უცვლელია, თუმცა სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდა ამ დარგის პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს:

დავით ნარმანია, ეკონომიკის ექსპერტი
”კურსი რაც აიღო ქვეყნის ხელისუფლებამ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსოს და ამით ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას, ეს პრიორიტეტი არის ასევე შენარჩუნებული. დავინახე რამდენიმე ახალი პროგრამა - მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაშიც არის გარკვეული ცვლილება.”

ხარჯები და ვალები

საკითხავია, რა სახის შემოსავლებით აპირებს მთავრობა დასახელებული პრიორიტეტების დაფინანსებას. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლებით, ანუ ქვეყანაში აკრეფილი გადასახადებით, ბიუჯეტის დაახლოებით 75 პროცენტი შეივსება. დარჩენილი ნაწილი კი არასაგადასახადო შემოსავლებით, ანუ საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით, დაიფარება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტში 4 პროცენტამდე მცირდება დეფიციტის მოცულობა, რაც საგარეო ვალების აღების საჭიროებასაც ამცირებს. ამ ტენდენციის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ლაპარაკობს:

ზურაბ მელიქიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
”დეფიციტი არის ნაანგარიშები 4.3 პროცენტზე, რაც მნიშვნელოვნად არის განსხვავებული. მაგალითად, მოქმედ, ანუ წლევანდელ, ბიუჯეტში არის დეფიციტი 6.3 პროცენტი. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ზრდა მიმართული იქნება არა მთლიანად პარამეტრის ზრდაზე, არამედ ჩანაცვლებაზე და მოხმარდება, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას. კერძოდ, 700 მილიონით ჩანაცვლება მოხდება უცხოური დახმარებების უშუალო საგადასახადო შემოსავლებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.“

მაგრამ ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები მთავრობას დეფიციტისა და ხარჯების უფრო მეტად შემცირებისკენ მოუწოდებენ, რაც, მათი აზრით, ეკონომიკის უფრო დიდი მოცულობით ზრდას წაახალისებდა. საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას ემხრობა ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანიაც:

”რადგან დეფიციტი საგარეო ვალდებულებების აღებით ფინანსდებოდა, ანუ საგარეო ვალის გაზრდით, ასეთ შემთხვევაში ამ გზით არ მოხდება დამატებით ზრდა. ბუნებრივია, ქვეყანა 2011 წელს გაზრდის საგარეო ვალს, ასევე სამასი მილიონი ლარით გათვალისწინებულია საგარეო ვალის და მისი პროცენტების დაფარვა. ასე რომ, ის დიდი დეფიციტი, რითაც 2009-2010 წლის ბიუჯეტი ხასიათდებოდა, ამხელა დეფიციტი არ გვაქვს. ”

დავით ნარმანია და სხვა ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო მეტად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ რეალობას, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელიც 2010 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა.
XS
SM
MD
LG