Accessibility links

logo-print
უცხოეთის პრესამ გასულ კვირაში არაერთი წერილი მიუძღვნა როგორც მსოფლიო, ასევე ლოკალური მნიშვნელობის მოვლენებს - დაიწერა აშშ-ის მიერ ევროპის გაფრთხილებაზე მის მიმართ ტერორისტული მუქარის შესახებ, ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე, უნგრეთში ეკოლოგიურ კატასტროფაზე და სხვ. ჯერ გაგაცნობთ უცხოეთის ანალიტიკურ წერილს, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში სტუმრობას ეხება. ვლადიმირ სოკორის ეს სტატია გამოქვეყნდა „იურეიშა დეილი მონიტორში“ და ის „ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენმაც“ დაბეჭდა. სოკორი ანდერს ფოგ რასმუსენის თბილისში ერთდღიან ვიზიტს განიხილავს, მის მიმდინარეობას და რასმუსენის გამონათქვამებს აცნობს მკითხველს და წერს, არაა გასაკვირი, რომ რუსეთმა ვიზიტს თავისი დაღი დაასვაო. რასმუსენმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს სწრაფვას რუსეთთან ”სტრატეგიული პარტნიორობისკენ” და რწმენაზე დაფუძნებულ იმ იმედსაც, რომ ეს პარტნიორობა საქართველოს უსაფრთხოებასაც განამტკიცებსო. სოკორი თვლის, რომ რასმუსენის ვიზიტმა რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვა დატოვა. ის წერს, რასმუსენს არაფერი უთქვამს კონკრეტულად ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსაც ეხებაო. ის თავის მოსაზრებას განამტკიცებს თავისი დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნით, რომ ნატო-საქართველოს კომისია, მექანიზმი, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეიქმნა, პასიურია. მისი აზრით, კომისიამ სამეთვალყურეო მანდატი მიიღო, მაგრამ სამეთვალყურეო ბევრი არაფერი აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამები საქართველოსთვის. აშშ და ნატო კი, სოკორის თანახმად, რუსეთის პატივისცემის ნიშნად ინარჩუნებენ არგამოცხადებულ ემბარგოს საქართველოს მიმართ ყველაზე საბაზისო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებითაც კი. სოკორი იქვე განაგრძობს: საქართველოს ჯარს უფრო იმისთვის წვრთნიან, რომ ამბოხების საწინააღმდეგო აქციებში მიიღოს მონაწილეობა, ვიდრე ქვეყნის თავდაცვისთვისო. ამ ვითარებაში კი სტატიის ავტორი ვერ ხედავს, როგორ შეასრულებს საქართველოს ჯარი ნატოს სტანდარტებს. სანამ მსგავსი პოლიტიკა ძალაშია, ის პრაქტიკულად რუსეთის მიერ საქართველოსთვის არაპირდაპირ დაწესებულ ვეტოს ნიშნავს, რაც შეუძლებელს ხდის, როგორც ასეთს, საქართველოს მომზადებას გაწევრიანებისთვის, ამ დროს კი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ რუსეთის მხრიდან არ არსებობს არავითარი პოლიტიკური ვეტო გაწევრიანებაზე და რეპუტაცია ამით გადაირჩინონო, წერს სოკორი, რომელსაც ეეჭვება, რომ ნოემბერში ლისაბონში, ნატოს სამიტზე, ნატო-საქართველოს შეხვედრა შედგება. მისი აზრით, ბუქარესტში გამოთქმული მზაობა საქართველოს მიმართ ლისაბონში კონკრეტული შეთავაზებით უნდა განმტკიცდეს. სოკორმა ისიც შენიშნა, რომ რასმუსენს თბილისში გამოსვლისას, როცა საქართველოს ჯარის ავღანეთში ყოფნას აფასებდა, არაფერი უთქვამს მომარაგების დერეფანზე, რომელმაც საქართველოზე შეიძლება გაიროს. მეტიც, ის საჯაროდ არ შეხებია არც საქართველოს სტრატეგიულ ფასეულობას ევროპის კონტექსტშიო, ამბობს თავის ამ სტატიაში სოკორი.

ახლა გაგაცნობთ სხვა სტატიებს, რომლებიც მსოფლიოში მომხდარ უმნიშვნელოვანეს ამბებს შეეხებოდა. ბრიტანეთში გამომავალი „ინდიპენდენტი“ ევროპის მიმართ ტერორისტული საფრთხის შესახებ აშშ-ის გაფრთხილებაზე წერს და შენიშნავს, საიდუმლო სამსახურებს საფუძველი რომ ჰქონოდათ, რომ აშშ-ის მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, ეს გაფრთხილება, ალბათ, გამართლებული იქნებოდაო. ასეთი ზოგადი მითითებები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ევროპა საერთოდ არ არის დაცული. და რაც კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ის მხრიდან გაფრთხლების უგემოვნობას, ეს არის სოლიდარობის ნაკლებობა, რომელიც ამ გაფრთხილებიდან გამოსჭვივისო, რადგან ამერიკის მიწაზეც იმალება ტერორი. გვახსენდება ერთი ფაქტი, როცა მაისში, „ტაიმს სკვერზე“ ტერაქტის საფრთხე შეიქმნაო, წერს „ინდიპენდენტი“. ამავე თემაზე, „ვაშინგტონ პოსტი“ მკითხველს უცხადებს, რომ „ალ ყაიდა ბუნდოვანი ორგანიზაციაა, რომელიც უფრო სხვებს აქეზებს, ვიდრე აკონტროლებს. მას ბაზა ავღანეთში აქვს, მაგრამ იქ, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს თანახმად, მხოლოდ რამდენიმე ასეული მომხრე ჰყავს. სულ ერთია, რამდენად წარმატებული იქნება აშშ ავღანეთში, ალ ყაიდისგან თავდასხმები მოსალოდნელია - როგორც ცალკეული, ასევე ტერორისტთა ჯგუფებისგან.“ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ამ თავდასხმების მიმართ წინააღდგომა მთელ მსოფლიოში და მათგან აშშ-ის დაცვა ჯერ კიდევ უზრუნველსაყოფია.

ავღანეთში მთავრობისა და თალიბანის მოლაპარაკების გარშემო წერდა იტალიაში გამომავალი „რეპუბლიკა“: „ეს რთული მოლაპარაკება იქნება, რადგან ზოგიერთ საკითხში არც ერთ მხარეს არ სურს დათმობა. ვაშინგტონი პრეზიდენტ კარზაისგან, პირველ რიგში, ძალადობის შეჩერებასა და ალ ყაიდის ავღანეთში ჯერ კიდევ დარჩენილ ჯგუფებთან თალიბანის ყოველგვარი კონტაქტის შეწყვეტას მოითხოვს. მოლა ომარს კი, თავის მხრივ, სურს ნატოს ჯარის ავღანეთიდან გასვლის ვადების დადგენა და ყველა დაკავებული თალიბის განთავისუფლება. ამასთან, ომარი მისი ორგანიზაციის ტერორისტულ გაერთიანებათა შავი სიიდან ამოღებას მოითხოვს“. ამავე თემაზე ბრიტანეთის „ინდიპენდენტი“ წერს, რომ მოლაპარაკება რთული, მაგრამ გარდაუვალია. „როგორც ცნობილია, ეს მოლაპარაკება აშშ-ის სარდლის, გენერალ პეტრეუსის თანხმობით დაიწყო. ეს იმის ნიშანია, რომ დაიწყო თამაშის დასასრულის პოლიტიკური ნაწილი. ამასთან, გახშირდა პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები. ფაქტობრივად, აშშ-მა დაასამარა შესაძლებლობა, პაკისტანი თავის მხარეზე გადაეყვანა. ამ მოლაპარაკებას შედეგად კარზაის დასუსტება ან ხელისუფლების მთლიანად მოლა ომარის ხალხის ხელში გადასვლა რომ მოჰყვეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ავღანეთის მთელი მისიის ამოცანა და მიზანი. ალბათ, ეს არის საფასური, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ამ დასანანი აქტის ბოლომდე მისაყვანად“, აცხადებს „ინდიპენდენტი“.

დაბოლოს, ერთი შეფასება შვეიცარიაში გამომავალი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგიდან“. გაზეთი ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელ ლაურეატზე წერს, მარგას ლიოსა პოლიტიკური ავტორიაო:“მიუხედავად იმისა, რომ 1936 წელს პერუში დაბადებულმა მწერალმა თავის შემოქმედებით ზენიტს უკვე წლების წინ მიაღწია და მისი დაჯილდოება საკმაოდ გვიან მოხდა, პრემია წილად ხვდა ნამუშევარს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სტიმულს აძლევდა სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე გარდატეხის პროცესს -ქმედითად და, ამასთანავე, წარმატებით - და, გარკვეული აზრით, ქმნიდა კიდეც მას. ლიტერატურას ასეთ დროს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანა აკისრია: ურთიერთობები კრიტიკული თვალით, პრინციპულად ასახოს და, ამასთან, პოეტური შთაგონებით თავისი თვალთახედვაც განავითაროს. ასე რომ, „ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“ აზრით, პოლიტიკა და პოეზია აქ ერთადაა.
XS
SM
MD
LG