Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგის ანგარიშით დამძიმებული კვირა


თომას ჰამარბერგი
თომას ჰამარბერგი
გასული კვირის მოვლენებიდან გამორჩეული იყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშის გამოქვეყნება. თომას ჰამარბერგის წლიურ ანგარიშში, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტების საფუძველზე, კრიტიკულადაა შეფასებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დაცვის პრინციპების შესრულების მდგომარეობა.

თომას ჰამარბერგის ანგარიშში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა უზრუნველყონ და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში ანგარიშზე მუშაობის დეტალებსა და მხარეების მიერ მძევლებად აყვანილთა მოძიება-გათავისუფლების შესახებაც ილაპარაკა.

ანგარიშის თანახმად, ევროკომისარი დადებითად აფასებს იმ შრომას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ადგილნაცვალ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად გასწია, თუმცა ჰამარბერგი ასევე მიუთითებს ნაკლოვანებებზეც, კერძოდ, ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა: დევნილის სტატუსის დისკრიმინაციის გარეშე მინიჭება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში, დევნილთა ჰუმანიტარული დახმარება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. თომას ჰამარბერგის მსგავსად, დევნილთა პირობების შესახებ გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტშიც მსჯელობდნენ. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ანგარიში ჩააბარა:

„კოლექტიური ცენტრების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და არ აკმაყოფილებს ადეკვატური ცხოვრებისთვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. მონიტორინგის დროს გამოკითხული ოჯახების 48 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ხშირ შემთხვევაში რეაბილიტირებულ სახლებში შეინიშნება ბზარები, ნესტის ლაქები, კარების სახელურები დაზიანებულია, ფანჯრებიდან შემოდის წყალი.“

სავარაუდოდ, ასევე პარლამენტის განსახილველი იქნება კანონპროექტი, რომელიც გასულ კვირაში რვა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ლაპარაკია იმ კანონებსა და ნაბიჯებზე, რომელთა საშუალებითაც საარჩევნო გარემო უნდა გაუმჯობესდეს.

პოლიტიკოსები გასულ კვირაში კონსტიტუციის პროექტში შესატან ცვლილებებზეც მსჯელობდნენ. საქმე ისაა, რომ პარლამენტი მომავალ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვას აპირებს. მომავალი კონსტიტუციის ავ-კარგზე ილაპარაკეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდში შეკრებილმა სპეციალისტებმაც. სამართლის დოქტორმა ვახტანგ ხმალაძემ შენიშნა, რომ, კომისიის შემადგენლობიდან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ინიციატივის გატანა თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო:

„ვურჩევ ყველას, ვინც დაინტერესდება ამით, გადახედოს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას, რაოდენობას, დაუმატოს ამას იმ 14 პარტიის თითო წარმომადგენელი, ვინც უარი თქვა კომისიის წევრობაზე, საერთი რიცხვიდან ორი მესამედი იანგარიშოს და, კომისიის შემადგენლობიდან გამომდინარე, გააკეთოს დასკვნა, შეძლებდნენ თუ არა არსებითი ცვლილების შეტანას კომისიის გადაწყვეტილებაში.“

გასულ კვირაში კვლავ წინ წამოიწია რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და საკითხისადმი საქართველოს დამოკიდებულების თემამ. რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, თითქოს საქართველო აღარ აყენებს პირობებს და აღარ ეწინააღმდეგება რუსეთის ორგანიზაციაში შესვლას. ინფორმაციის წყაროდ რუსულ მედიაში დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც 7 ოქტომბერს სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში და რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ნიკა გილაურმა მართლაც თქვა, რომ საქართველო არ ეწინააღმდეგება რუსეთის ამ სურვილს, თუმცა იქვე შენიშნა:

”მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გარკვეული წესები ნათლად მოითხოვს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები და საბაჟო კონტროლის პუნქტები გამჭვირვალე იყოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამჭვირვალე არ არის საბაჟო კონტროლის ორი პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის (სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის და აფხაზეთში). მოხარული ვიქნებით, დავეხმაროთ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც რუსეთს უფრო ცივილიზებულად აქცევს. ეს ჩვენი მისწრაფებაა, ეს ჩვენი მიზანია... მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ცივილიზებული ორგანიზაციაა და ის შეძლებს რუსეთი უფრო ცივილიზებულად აქციოს და ჩვენც ეს გვინდა... მაგრამ გვინდა, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვით მოხდეს. ”

ნიკა გილაურის ამ განცხადების მიხედვით რუსულ მედიაში გაკეთებული დასკვნების პასუხად განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანმაც გააკეთა:

„საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მანამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს. მათ შორის, ეს ეხება საბაჟო გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს...”

შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის ერთგვარი გამოძახილია პრობლემები, რომლებიც ჰაკერებმა ინტერნეტ-პროვაიდერ ”კავკასუს ონლაინს” გასულ კვირაში შეუქმნეს. დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა დააზიანეს 140-მდე ქართული ინტერ-საიტი, მათ შორის ჟურნალების ”ლიბერალისა” და ”ცხელი შოკოლადის” ვებ-გვერდები. ჰაკერთა ვინაობის დადგენა და დასჯა ვერ მოხერხდა, თუმცა რამდენიმე დღეში ძალაში შევიდა კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები, რომელთა მიხედვითაც სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ჩაითვლება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა და კერძო კომუნიკაციის გაცნობა. ასევე, იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ოთარ კახიძის თქმით, კანონის ამოქმედება და, შესაბამისად, კიბერდანაშაულის გახსნა სპეციალურ აღჭურვასა და კადრების მომზადებას მოითხოვს.

”მიმდინარეობს ტრენინგები. მჭირდო ურთიერთობა გვაქვს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტთან, რომელიც გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს ატარებს. ამავე დროს, მიმდინარეობს ექსპერტთა ტრენინგიც, რომლებიც ჩაატარებენ ექსპერტიზას კომპიუტერულ მონაცემებზე და, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ამგვარი დანაშაულის უფრო ეფექტურად გამოვლენა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა”, - უთხრა თავისუფლებას ოთარ კახიძემ.

დანაშაულის გამოვლენასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდა გასულ კვირაში ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილიც, რომელიც პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა. ნანეტაშვილი 7 ოქტომბერს გორის ცენტრში დააკავეს და მობილური ტელეფონით საუბრისთვის დაჯარიმება დაუპირეს, რაც ტელევიზიის დირექტორმა გააპროტესტა. ნანეტაშვილის თქმით, პოლიციელებმა მანქანიდან გადმოათრიეს და ცემა დაუწყეს, მოგვიანებით კი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

გასულ კვირაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო შვეციის აკადემიისკენ, რომლის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. ნობელის პრემია, რომელიც შვედმა მეწარმემ ალფრედ ნობელმა დააარსა, პირველად 1901 წელს გაიცა. ნობელის კომიტეტი 50 წევრისგან შედგება და გამარჯვებულს კენჭისყრით არჩევს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG