Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროგეოგრაფიკის" წევრი ხდება


საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროგეოგრაფიკის" წევრი ხდება. როგორც "ინტერპრესნიუსი" საჯარო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროგეოგრაფიკის" გენერალური ასამბლეა გაიმართება, რომელსაც ასოციაციის წევრი 43 ქვეყნის წარმოადგენელი დაესწრება. ასამბლეაზე კენჭი ეყრება საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღებას. საქართველოს ტერიტორიულ-სივრცული მონაცემები, გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ევროპის ერთიან ინტერნეტრუკაზე განთავსდება, რითაც ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.
ასამბლეას საქართველოდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი დაეწრება. ასამბლეაზე სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მესხიძე წარადგენს მოხსენებას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ. მოხსენებაში ყურადღება გამახვილდება საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის ქონების რეგისტრაციის სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ. ასევე, ეროვნული სივრცობრივი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და მის საერთაშორისო ქსელში ინტეგრაციაზე. 2011 წლიდან ევროგეოგრაფიკი გახდება ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო სივრცობრივი მონაცემების მოწყობის კუთხით. "ევროგეოგრაფიკი"" 2001 წლის 1 იანვარს, 99-წლიანი ვადით შეიქმნა და წარმოადგენს ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიის, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ორგანიზაციების ასოციაციას (NMCA). იგი ამჟამად 53 წევრისგან შედგება. ევროგეოგრაფიკის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ, ევროპის მასშტაბით ერთობლივად განიხილონ სხვადასხვა საკითხები, განახორციელონ ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება ნაციონალური ტოპოგრაფიის, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ორგანიზაციებში. "ევროგეოგრაფიკი" უზრუნველყოფს ევროპის სივრცული ჩარჩოების განვითარებას, რაც გულისხმობს ევროპაში გეოგრაფიული ინფორმაციის პროფილის, მნიშვნელობისა და როლის ამაღლებას. "ევროგეოგრაფიკის" პროდუქტი მნიშვნელოვანი რესურსია ევროკომისიისა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსათვის, ვინაიდან მისი საერთო ევროპული პროდუქტები, რომლებიც შექმნილია ნაციონალური ტოპოგრაფიის და საკადასტრო ორგანიზაციების ბაზებზე დაყრდნობით, საფუძველს ქმნიან საერთო ევროპული სტატისტიკური მონიტორინგისთვის, სტრატეგიის განვითარებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტისთვის. "ევროგეოგრაფიკი" აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას, შეფასებას და შესაბამის საქმიანობებს ევროპის სტრატეგიების განვითარების პროცესებთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG