Accessibility links

logo-print

„ადამიანი – უფსკრული, რომელიც თავბრუსხვევას იწვევს“


მხატვარი დავით მელიქიშვილი

მხატვარი დავით მელიქიშვილი

თბილისში ერთდროულად რამდენიმე ფესტივალი მიმდინარეობს – მუსიკალური, თეატრალური. ტარდება თანამედროვე ხელოვნების გამოფენა–ფესტივალი. დაიწყო მზადება ჯაზ–ფესტივალისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. თუმცა კულტურული აფიშა მხოლოდ ფესტივალებით როდი ივსება. არიან „ხელოვანი – ინდივიდუალისტები“, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ. დიახ, „დამოუკიდებლად მოქმედებენ“, თუმცა არა იმიტომ, რომ საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები. სწორედაც რომ პირიქით – სტილით უამრავ მხატვართან აქვთ საერთო და, შესაძლებელია, ამიტომაც აღარ სურთ კოლექტიურ გამოფენებში, ფესტივალებში მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი მხატვარია დავით მელიქიშვილი, რომლის პერსონალური გამოფენა ამ ერთი კვირის წინ ”შარდენ გალერეაში” გაიხსნა.
მხატვრის 27 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. მათგან ყველა, ერთის გამოკლებით, ტილოსა და ზეთშია შესრულებული.

დათოს თქმით, „შარდენ გალერეაში“ ნამუშევრების გამოფენა მეგობრების დაჟინებული თხოვნის შედეგია... ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე მხატვრის მეექვსე პერსონალური გამოფენაა, დათო მელიქიშვილისთვის ნამუშევრების ჩვენება თვითმიზანი არასდროს ყოფილა. იმითაცაა ცნობილი, რომ თავის სურათებს ვერ ელევა და იშვიათად ყიდის. ახლაც, ჩვენთან საუბარში, ცოტა არ იყოს დაემდურა მაყურებელს - გვითხრა, ჩემი სტილი ბევრს მოძველებურად ეჩვენებაო:

დავით მელიქიშვილის ნამუშევარი
„ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა მიეკუთვნება ექსპრესიონიზმს, რომელიც დიდი ხანია განვლილი ეტაპია ფერწერის ისტორიაში. კომენტარებიც იყო: „საზოგადოება არაა მზად ასეთი ნამუშევრებისთვის. ისინი მიჩვეულები არიან უფრო რეალისტურ ან უფრო აბსტრაქტულ ნამუშევრებს... თუნდაც ნატურალიზმს. ექსპრესიონიზმი მათთვის უხერხული, უცხო და მძიმე აღმოჩნდა.“

გამოფენაზე წარმოდგენილი ტილოები, როგორც მხატვარმა გვითხრა, მოიცავს პერიოდს 1995 წლიდან 2000 წლამდე. დათოს თქმით, ექსპრესიონისტული სტილის გარდა, შედარებით რეალისტურ სტილში მუშაობაც უყვარს. მაგრამ ყველა ნამუშევარს მაინც ერთი ჟანრი აერთიანებს - პორტრეტი. ამ თვალსაზრისით, 15 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა. რატომ მაინცდამაინც პორტრეტი? ვკითხე დათოს, რომელიც, მახსოვს, 80-იან წლებში გამოყენებითი ხელოვნებითაც იყო გატაცებული - ლარნაკებს აფორმებდა, მაგალითად. პეიზაჟებიც აქვს დახატული.

” ვთვლი, რომ ადამიანი ყველაზე საინტერესო და ამოუცნობი ფენომენია. ბიუხნერის სიტყვებს გავიხსენებ: ადამიანი ჰგავს უფსკრულს, რომელშიც ჩახედვისას თავბრუ დაგეხვევა. მე ძალიან მომწონს ეს თავბრუსხვევა“, -ამბობს დათო მელიქიშვილი.

ადამიანის ამოუცნობი ბუნება, მისი სულის და ხასიათის ლაბირინთები... დათო მელიქიშვილი ამაზე დიდხანს საუბრობს... ექსპრესიონიზმი უწოდა თავის ნამუშევრებს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ საოცნებო და იდეალური ადამიანების სერია... და არა იმიტომ, რომ მხატვარი რაღაც გარეგნულ ჰარმონიას ეძებს თავის ნამუშევრებში. არა, უბრალოდ იგი დარწმუნებულია, რომ ფერის საშუალებით შეუძლია გააღრმავოს თავისივე ეს სახეები.სხვათა შორის, მოგონილი სახეები.

”ამ გამოფენაზე მხოლოდ 2 კონკრეტული ადამიანის პორტრეტი იყო. დანარჩენი წარმოსახვითი, თუ გინდა, კრებითი პორტრეტებია. დიდი ხანია ნატურიდან არ ვხატავ პორტრეტებს და ეს კონკრტული ადამიანებიც ფოტოს ან წარმოსახვითაა დახატული“, - ამბობს დათო მელიქიშვილი.

დავით მელიქიშვილის ნამუშევარი
არ ვკითხეთ, რატომ აუცრუვდა გული ნატურაზე. პასუხი თავადაც ვიცოდით: დათოს არ უყვარს დროის დახარჯვა ასლის კეთებაზე. დიახ, კონკრეტული ადამიანის, ასე ვთქვათ, ”დათვალიერება” და პორტრეტის კეთება, ნატურაზე ხატვა მისთვის სამყაროს ასლის კეთებაა. მას კი თავისი, მოგონილი მეგობრების სამყარო აქვს. ესაა ადამიანების რომანტიკული ხედვა 21-ე საუკუნის დასაწყისში, ვიღაცისთვის - მოძველებული... მაგრამ დათო მელიქიშვილის ხიბლი ხომ სწორედ ესაა - როგორც იტყვიან, ”დემოდე ესთეტიკა”.

„ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ყოველ ნამუშევარში შეიძლება ჩემი ამოცნობა. ასეთი კომენტარიც იყო – რამდენ რაკურსში შეუძლია საკუთარი თავის დანახვაო. ბუნებრივად მიმაჩნია ეს, რადგან ყველა ადამიანი საკუთარ თავს ხატავს. მით უმეტეს, როცა პორტრეტს ხატავს“, - გვითხრა დათომ.

დიახ. გამოდის, რომ ყველა ეს სურათი, ოცდაშვიდი ნამუშევარი, რომელთა შორის, როგორც დათომ გვითხრა, კონკრეტული ადამიანების პორტრეტებიცაა, დათო მელიქიშვილის ავტოპორტრეტია.ამიტომაც ჰგვანან ეს ადამიანები ერთმანეთს მაშინაც კი, როცა სტილი იცვლება. მხატვრის თქმით:

„შემოქმედება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მუდმივად ძიებაში უნდა იყოს, რაღაცები უნდა ცვალოს... ჩემთვის გაუგებარია, როცა მხატვრები ამბობენ, რომ ყოველდღე მუშაობენ. ჩემთვის არსებობს პაუზები და ყოველი პაუზის მერე ვცდილობ რაღაც ახალი დავიწყო.ზოგჯერ არის ხოლმე, ძველს და მივიწყებულს ვუბრუნდები და ვუმატებ ახალს. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ სულ ახალი იწყება.“

უამრავ ადამიანს ვესაუბრეთ გამოფენის შემდეგ და ყველამ თითქმის ერთი და იგივე გვითხრა: ყველა ნამუშევარში იგრძნობა, რომ მხატვარს სიამოვნებდა ხატვა... არანაირი ძალდატანება. ხატვით მიღებული სიხარული! ამიტომ ერთია, როცა შენს სურათს კოლექტიური გამოფენისთვის ამზადებ და მეორეა, როცა არ ”უშვებ” ამ შენი სივრციდან... ასე გადაიქცევა 27 სურათის გამოფენა ერთი მხატვრის ავტოპორტრეტად და, რადგანაც ამ მხატვრისთვის მთავარი არაა წარმოადგინოს თავი და თავისი ნამუშევრების ჩვენებით დამკვიდრდეს, არავინ იცის კიდევ როდის მოეწყობა დათო მელიქიშვილის გამოფენა თბილისში. ამიტომ ყველას გირჩევთ ნახოთ ეს ექსპოზიცია, რომელიც სასტუმრო ”მარიოტში”, ”შარდენ გალერეის” დარბაზშია გახსნილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG