Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყო თუ არა სერგეი ბაღაფში ზუგდიდის სოფელში


გასული კვირის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში იმყოფებოდა გალის რაიონში, სადაც საგანგებო თათბირი გამართა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, აფხაზური უშიშროებისა და სასაზღვრო სამსახურების მაღალჩინოსნები და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლები. სოხუმის ტელევიზიის ცნობით, ბაღაფშს ანგარიში ჩააბარა სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც საზღვარზე ასაშენებელი საინჟინრო ნაგებობების კონკრეტული ფარგლები უნდა დაადგინოს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სერგეი ბაღაფში იმყოფებოდა გალის რაიონის სოფლებში ფიჩორსა და ოტობაიაში, სადაც ე.წ. საზღვრის დასაცავად ძირითადი საინჟინრო ნაგებობები უნდა აშენდეს. 8 ოქტომბერს ოტობაიასა და ფიჩორში დე ფაქტო პრეზიდენტის ჩასვლა დაადასტურეს რადიო თავისუფლების რესპონდენტებმა, რომლებსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მათი ცნობით, სერგეი ბაღაფშმა სამეგრელოსთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფლებში მიმდინარე რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. რესპონდენტმა, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა, აღნიშნა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვედრია.

საგულისხმოა, რომ სოხუმის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი იმყოფებოდა სოფელ განმუხურშიც, სადაც ასევე უნდა აშენდეს საზღვრის დასაცავად საჭირო საინჟინრო ნაგებობები. შეგახსენებთ, რომ სოფელი განმუხური ენგურს გაღმა მდებარეობს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. შესაბამისად, ფიჩორი-განმუხურის ადმინისტრაციული საზღვრის მარჯვენა სანაპიროს ქართველი პოლიციელები, მარცხენას კი რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. კითხვაზე, იყო თუ არა სერგეი ბაღაფში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელში, განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის საკრებულოში ჯონი საჯაია პასუხობს: ”სასაცილოა... ბაღაფში განმუხურში ვერ შემოვიდოდა, - ე.წ. საზღვარს ქართველი პოლიციელები იცავენ, - სოხუმის ტელევიზიამ კი დეზინფორმაცია გაავრცელა.”
ცნობისათვის: ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში ეფ-ეს-ბე-ს ნაწილებმა სამხედრო ქალაქის მშენებლობა უკვე დაასრულეს და, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ბაზაზე რამდენიმე ასეული სამხედრო მსახურობს. რაც შეეხება ნაბაკევისა და ოტობაიის სამხედრო ქალაქებს, მათი მშენებლობა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG