Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - ევროპულ რუკებზე


11 ოქტომბერს ბრიუსელში, საერთაშორისო ორგანიზაცია ”ევროგეოგრაფიკის”გენერალურ ასამბლეაზე, კენჭი უყარეს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს. კანდიდატი ქვეყნიდან საქართველო „ევროგეოგრაფიკის“ წევრ ქვეყნად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიულ-სივრცული მონაცემები, გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული, საკადასტრო ინფორმაცია ევროპის ერთიან ინტერნეტრუკებზე განთავსდება.

”ევროგეოგრაფიკის” ელექტრონულ რუკაზე საქართველო ჯერ ისევ ვარდისფრადაა აღნიშნული - ეს კანდიდატი ქვეყნის ფერია. თუმცა დღეიდან ის მწვანით შეიცვლება, რადგან საქართველო უკვე ამ ორგანიზაციის წევრია - ორგანიზაციისა, რომელიც თავის სარეკლამო ვიდეოში ევროპის ქვეყნებს გეოგრაფიული ინფორმაციის გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

”ერთი ხედვა. გეოგრაფიული ინფორმაციით გაერთიანებული ერთი ევროპა. ჩვენ გამუდმებით გვესმის, რომ მსოფლიო პატარავდება, რომ ევროპა სულ უფრო მჭიდროვდება. ტრანსპორტი, მოგზაურობა, ბიზნესი, მთავრობა, ხალხი - რაც უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, მით უფრო საჭიროა სწორი კავშირები, რაც სანდო და დროულ გეოგრაფიულ ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული.”

„ევროგეოგრაფიკში“ გაწევრიანება ავტომატურად ნიშნავს ახალი ევროპული სტანდარტების რუკების მომზადებას და ამ რუკების ყველა ევროპულ რუკაზე განთავსებას, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, - განმარტავს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი.

”ეს ორგანიზაცია ევროპის გლობალურ რუკებს ამზადებს და ავრცელებს. ამ რუკებზე საქართველოს დაფიქსირება ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში, ისე ბიზნესმენების დაინტერესებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების კარგი ბერკეტი იქნება. და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იქნება დაფიქსირებული მთელი ტერიტორიით, ანუ აფხაზეთით და ე.წ.სამხრეთ ოსეთით, და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი და სრულყოფილი.”

ელექტრონულ რუკებზე ევროპული სტანდარტებით საქართველოში უკვე ბოლო სამი თვეა სპეციალისტები მუშაობენ. წლის ბოლოსთვის ელექტრონულ სივრცეში საქართველოს შესახებ სრულყოფილი რუკები უნდა განთავსდეს, რომლებზეც, გზებით დაწყებული და დასახლებული პუნქტების ზუსტი დასახელებებით დამთავრებული, ამომწურავი ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი:

”ყველანაირი ინფორმაცია საქართველოს გზების, მდინარეების, მყინვარების, დასახლებული პუნქტების შესახებ... ნათარგმნია ინგლისურად და ამოხაზულია ელექტრონულად. საბჭოთა პერიოდის მერე ქართულ კარტოგრაფიაში ძალიან ბევრი რამაა გასაახლებელი და სწორედ ამ გზით მივდივართ.”

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც „ევროგეოგრაფიკში“ გაწევრიანებას მოჰყვება, საქართველოში კოორდინატთა ახალი სისტემის დანერგვაა, რომელიც ევროპულ კოორდინატთა სისტემასთან იქნება ინტეგრირებული და არა საბჭოთა სისტემასთან, როგორც აქამდე იყო. კერძოდ, საქართველოში ინერგება მუდმივმოქმედი ”ჯი პი ეს” სადგურები, რაც ნავიგაციის გაიოლებას, სეისმოლოგთა მუშაობას შეუწყობს ხელს.

გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი სანდრო ჯავახიშვილი გვეუბნება, რომ ინფორმაცია, რომელიც ყველაზე ძვირი პროდუქტია, გახდება ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, სარწმუნო:

”ახლა რომ ინტერნეტში შეხვიდეთ და მდინარის დასახელების მოძებნა მოინდომოთ, ბევრ მდინარეზე ვერ მოიპოვებთ ინფორმაციას - ვერც სახელს, ვერც ფართობს. ასევეა ბევრ ტბაზე... ეს უნდა შეიცვალოს და გახდეს მონაცემები ზუსტი და ადვილად მოსაპოვებელი. სწორედ ამაზე ვმუშაობთ.”

ქართველი მეცნიერები ახლა სწორედ სახელწოდებებისა და პარამეტრების დაზუსტების სტადიაში არიან. მხოლოდ ასეთი სრულყოფილი ინფორმაცია გადაეცემა ევროპის გეოგრაფიულ რუკებს - ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, საქართველოს უმაღლესი მწვერვალის - შხარას - სიმაღლე საბოლოოდ იქნება დაზუსტებული.

„ევროგეოგრაფიკს“, ანუ ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიის, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ორგანიზაციების ასოციაციას (NMCA), რომელიც 2001 წლიდან ფუნქციონირებს, დღეს 53 წევრი ჰყავს და, ფაქტობრივად, ევროპის სივრცული ჩარჩოების განვითარებას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, ევროპის მასშტაბით ყველა სახის გეოგრაფიული ინფორმაციის მნიშვნელობის გაზრდას გულისხმობს. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მესხიძე გვიხსნის, 2011 წლიდან „ევროგეოგრაფიკი“ გახდება ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო სივრცობრივი მონაცემების მოწყობის კუთხით. ანუ, მარტივად, ეს ნიშნავს:

” ‘ევროგეოგრაფიკი’ ისაუბრებს ევროკავშირის სახელით და თუ საქართველოს გეოგრაფიული მონაცემები ევროპის ერთიან რუკაზე განთავსდება, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.”

„ევროგეოგრაფიკის“ წევრ ქვეყნებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ევროპის მასშტაბით ერთობლივად განიხილონ სხვადასხვა საკითხები, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება და ერთობლივად განახორციელონ საინტერესო პროექტები.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG