Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 8 ოქტომბერი 2010

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც პირველ გვერდზე დღეს აქვეყნებს სტატიას, სათურით ”რას ეძებს ოპოზიცია უკრაინაში”. ”უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე აქ ორჯერ იმყოფებოდა, კიევიდან დღეს ბრუნდებიან ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა და კობა დავითაშვილი - ვიზიტების ოფიციალური მიზეზი უკრაინის რადას წარმომადგენლებთან შეხვედრაა. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ კიევური ვიზიტები, შესაძლოა, სხვა ფაქტორებით იყოს განპირობებულიო, - წერს „რეზონანსი“ და იქვე ამატებს: „შესაძლოა ოპოზიცია იზიარებდეს უკრაინელი კოლეგების გამოცდილებას, თუ როგორ დაამარცხონ მოქმედი პრეზიდენტი ან ეძებდნენ დასაყრდენს უკრაინაშიო“. რატომ მაინცდამაინც უკრაინა? გაზეთს სოსო ცისკარიშვილმა უთხრა: „ოპოზიციის ვიზიტები იმითაა განპირობებული, რომ მათი მოქმედების არეალი შეზღუდულია. რუსეთში ჩასვლა მოღალატეობის ტოლფასია და, შესაბამისად, ოპოზიცია ნაკლებად რთულ მარშრუტს ირჩევსო.”

„ვერსიას“ თუ გადავხედავთ, ვნახავთ ინტერვიუს პოლიტიკური ორგანიზაცია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილთან. სტატიის სულისკვეთება სათაურიდანაც ჩანს - სათაურად გამოტანილია სარიშვილის ფრაზა: ”ეს ოპოზიცია ხელისუფლებისთვის საჩუქარია! სააკაშვილმა რომელიმე ხიდს ან შადრევანს მათი სახელი უნდა უწოდოს!"
ირინა სარიშვილი ამბობს: "ფაქტია, ხელისუფლებას ან ძალიან ჭკვიანი მრჩევლები ჰყავს, ან აღმოაჩნდათ ისეთი თვისებები, რომლითაც ჯერ გამოიგონეს ოპოზიცია, მერე თვითონვე მწყემსეს და თვითონვე დაამარცხეს. თან, რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციის ნიშას ისევ ეს დისკრედიტებული ნაწილი იკავებს.”

კიდევ ერთი ინტერვიუ, ამჯერად „ახალი თაობიდან“ - ინტერვიუ გახლავთ სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან. ის ლაპარაკობს საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდის აუცილებლობაზე და ამბობს: "სამხედრო პოტენციალის გაზრდის 3 ელემენტია. ეს არის თვითონ სტრუქტურული ფორმა, სამხედრო-თეორიული ოპერატიული მზადყოფნა და ტექნიკა და შეიარაღება. სამხედრო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო მხარდაჭერა. დღეს თვით ნატოს წევრი ძალიან მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ კორპორაციის გარეშე სამხედრო ტექნოლოგიის მაღალი დონის შენარჩუნებას. ამერიკა-საქართველოს ქარტია დოკუმენტია, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობაზე დეკლარირებას ახდენს, მაგრამ ეს მხოლოდ დეკლარირებაა და მას პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა."
XS
SM
MD
LG