Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის არჩევანი - ნატო თუ რუსეთი?


საქართველოს ატლანტიკური საბჭოს სემინარი
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს სემინარი
საფრთხეების განსხვავებული აღქმის გამო აშკარად განსხვავებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაც. რა როლს თამაშობენ უსაფრთხოების ამჟამინდელ სცენარში რუსეთი და ნატო და რამდენად არის შესაძლებელი სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნის უსაფრთხოების საერთო სისტემის შექმნა - ამ საკითხების გარშემო მსჯელობდნენ 11 ოქტომბერს ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს 2-დღიან სემინარს (11-12 ოქტომბერი) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი მასპინძლობს.

სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნის მიდგომები აშკარად განსხვავდება ერთმანეთისგან - მაგალითად, როდესაც აზერბაიჯანი დასავლეთსა და რუსეთს შორის ოქროს შუალედის დაკავებას ირჩევს, სომხეთი უსაფრთხოების გარანტად რუსეთს მიიჩნევს, ხოლო იგივე რუსეთი ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხეა საქართველოსთვის. განსხვავებულია მიდგომები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებითაც - თუკი თბილისი კვლავინდებურად უსვამს ხაზს ნატოში გაწევრიანების ძლიერ სურვილს, მსგავსი სურვილი, ოფიციალურ დონეზე, ჯერჯერობით არც ბაქოს გამოუხატავს და არც ერევანს.

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენელი მურად ისმაილოვი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ჩამოთვლისას დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემებს გამოყოფს. შესაბამისად, საფრთხეების წყაროდ აღქმულია რუსეთი, ირანი და სომხეთი. ისმაილოვი ამბობს, რომ თავდაპირველად სამივე ძირითადი გამოწვევის დაძლევა ბაქოს მხოლოდ დასავლეთის დახმარებით წარმოედგინა, მაგრამ შემდეგ, საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყანა იძულებული გახდა ”ოქროს შუალედის” ძებნა დაეწყო:

”ჩვენ მივხვდით, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია და თანამშრომლობა ყველა ამ პრობლემას სწრაფად ვერ გადაწყვეტს და, ამავდროულად, ეს აღიზიანებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის რუსეთი და ირანი. მოსალოდნელი იყო მათი უარყოფითი რეაქციებიც ისევე, როგორც ჩვენ ეს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვნახეთ... ამიტომ აზერბაიჯანი იძულებული გახდა აერჩია დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა - რუსეთსა და დასავლეთს შორის, ანუ აერჩია ოქროს შუალედი, რადგანაც სწორედ ასეთი პოლიტიკა დაინახა ქვეყანამ საკუთარი გრძელვადიანი ინტერესების შესატყვისად. ერთი სიტყვით, ჩვენ ვცდილობთ არ გავაღიზიანოთ რუსეთი და ირანი და ვცდილობთ მათთან თანამშრომლობას... ამავე დროს, სტრატეგიულად თავს დასავლეთის მოკავშირედ ვხედავთ... ”

თავს დასავლეთის მოკავშირედ და ევროპულ ქვეყნად ხედავს სომხეთიც, თუმცა იმავე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და თურქეთთან არასახარბიელო ურთიერთობების გამო, ერევანი ფიზიკურ გადარჩენაზე მეტ ზრუნვას შეუდგა, - ამბობს სომხეთის ატლანტიკური ასოციაციის წარმომადგენელი სერგეი ჩამანიანი. ქვეყნის ფიზიკური გადარჩენის საკითხი კი ამ ეტაპზე, ძითადად, რუსეთის მფარველობას უკავშირდება:

”სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრია, მაგრამ პარალელურად აქტიურად მონაწილეობს ნატოს ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებებში, ანუ, მაგალითად, მიდის მუშაობა IPAP-ის, (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის) მიხედვით და სომხეთი ასევე მონაწილეობს ნატოს პროგრამაში ”პარტნიორობა მშვიდობისათვის”. თუმცა რუსეთი გამოდის უსაფრთხოების გარანტად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში... ჩვენი სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, სომხეთში განთავსებულია რუსული ბაზები, რომლებიც უზრუნველყოფენ სომხეთის ფიზიკურ უსაფრთხოებას აგრესიის შემთხვევაში სახიფათო მეზობლების მხრიდან. ”

მთიანი ყარაბაღის პრობლემის გამო სომხეთისთვის სახიფათო მეზობლად ძველებურად რჩება აზერბაიჯანი და სწორედ ამ გაყინულ კონფლიქტს ასახელებენ ექსპერტები იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც ამ ეტაპზე საუბარიც კი ნაადრევია სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნაზე. 11 ოქტომბერს გამართულ დისკუსიაზე ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგები, ძირითადად, არ ეთანხმებოდნენ სომეხ ექსპერტს მურად ჩამანიანს, რომელიც ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საერთო პლატფორმის შემუშავების შანსს ხედავს. ის ამბობს, რომ სამი რესპუბლიკა ისეთ საერთო პრობლემებზე უნდა დაფიქრდეს, როგორიც არის უკანონო ვაჭრობა ან ენერგეტიკული უსაფრთხოება.

რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის წარმომადგენლის არჩილ გეგეშიძის თქმით, ქვეყნისთვის ამ ეტაპზე უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ არსებობს:

”ამ ეტაპზე ასეთი გარანტიის მოცემის წყაროს მე ვერ ვხედავ - ვერც ნატოა, ცალკე აღებული, ვერც ევროკავშირი და ვერც ორივე ერთად... და ვერც კიდევ ამერიკის შეერთებული შტატები, მათთან ერთად... მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში არ გამოჩნდება ასეთი წყარო. მე ვფიქრობ, რომ, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ჩვენთვის, საქართველოს უსაფრთხოების საკითხი ამ ეტაპზე, ძირითადად, მაინც დიდი მოთამაშეების რუსეთთან დამოკიდებულების ხარისხზე და ხასიათზეა დამოკიდებული... ”

თუმცა, არჩილ გეგეშიძის თქმით, იმის გამო, რომ უსაფრთხოების პირდაპირ გარანტიებს ამ ეტაპზე ვერ ღებულობს, საქართველომ მაინც არ უნდა მოადუნოს ყურადღება ნატოსა და ევროკავშირის მისამართით. ეს სტრუქტურები იძლევიან შანსს, რომ ქვეყანა განვითარების კუთხით თვისებრივად ახალ საფეხურზე ავიდეს. ამასობაში კი, უსაფრთხოების გარანტიებიც გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG