Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 12 ოქტომბერი 2010


რუსეთში გამომავალმა გაზეთებმა არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 11 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში, კერძოდ, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ადიღეის რესპუბლიკაში ჩაწერილ ან ოფიციალურად რეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უვიზოდ გადაკვეთონ საზღვარი და იმყოფებოდნენ საქართველოში უვიზო რეჟიმში 90 დღის განმავლობაში. „კომსომოლსკაია პრავდა“ საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას „ქართულ პოლიტდემარშს“ უწოდებს და მას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ნაბიჯად მიიჩნევს. გაზეთის რედაქცია ასახელებს ორ არგუმენტს. პირველი: საქართველოს მხარე რუსეთის მოქალაქეთა ერთ ნაწილს უპირისპირებს დანარჩენს და ქმნის ცრუ წარმოდგენას ჩრდილოეთ კავკასიის გამორჩეულობის შესახებ. მეორე არგუმენტი კი უკვე ტრადიციად ქცეულ ბრალდებას უკავშირდება. სტატიის ავტორი დმიტრი სტეშინი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება საქართველოში გაწვრთნილი ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების როტაციას გაამარტივებს.

რუსეთის ბეჭდვით მედიას უყურადღებოდ არც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას გაკეთებული განცხადება დარჩენია. ნიკა გილაურმა კიდევ ერთხელ გაახმაურა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის სწრაფვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მონაკვეთებზე ლეგალური საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდება. საკითხისადმი რუსული მედიის დამოკიდებულება კარგად ჩანს „ვრემია ნოვოსტეიში“ გამოქვეყნებული სტატიის სათაურიდან -„პრაპუსკნოი პუნკტიკ“. საქართველოს მთავრობის პოზიციას ჩიხურსა და აბსურდამდე მიმყვანს უწოდებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც რუსული გამოცემის საშუალებით საქართველოს მთავრობას ადეკვატური პირობების დაყენებას, მაგალითად, საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის გახსნის მოთხოვნას ურჩევს. წერილი მთავრდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვებით, რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების შეცვლა არ გამოვაო.

რუსეთის მედია ასევე ვრცელი პუბლიკაციებით გამოეხმაურა ცნობას საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე. სარჩელის ავტორი, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხაილ ვიგნანსკისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილმა 2004 წელს მესტიაში და 2008 წელს ცხინვალში ჩაიდინა როგორც სამხედრო, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ჟურნალისტს აინტერესებს ნათელაშვილის პოზიცია 25 ნოემბრისათვის დანიშნული საერთო სახალხო კრების მოწვევასა და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. „ახლაც შემიძლია ქუჩაში 200 ათასი კაცის გამოყვანა“, უპასუხებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და იქვე დასძენს: „მაგრამ არაფერი შეიცვლება, ვიდრე ამერიკა არ ეტყვის სააკაშვილს წადიო“. შალვა ნათელაშვილი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის ხელში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება. გამოცემა ასევე დაინტერესდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის „დიდ პოლიტიკაში“ დაბრუნებითა და მასთან ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამშრომლობის პერსპექტივით. „ოქრუაშვილი ისეთივე ბანდიტია, როგორიც სააკაშვილი“, უპასუხებს ნათელაშვილი, „მათ ერთად მოახდინეს რევოლუცია 2003 წელს და ერთად დაიწყეს საქართველოს დანგრევის პოლიტიკა. საარჩევნო ბლოკისა და კოალიციის დონეზე მასთან თანამშრომლობა მიუღებელია, თუმცა თუ ოქრუაშვილი სააკაშვილს გააგდებს, წინააღმდეგი არ ვიქნები“, ამბობს შალვა ნათელაშვილი, რომელთანაც ინტერვიუ „ვრემია ნოვოსტეიშია“ გამოქვეყნებული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG